ხალხთა მამამთავარ აბრაამის წასვლა ურიდან

  11:22:21     22-10-2012

მართლმადიდებლური ეკლესია 9 (ახალი სტილით 22) ოქტომბერს აღნიშნავს მართალი აბრაამის და მისი ძმისწულის, მართალი ლოთის ხსენების დღეს. 

აბრამი, ოჯახთან ერთად, ცხოვრობდა ქალდეველთა ქვეყანაში, ქალაქ ურში. ჩვენს ერამდე დაახლოებით 1800-1750 წლებში ის ურიდან წავიდა... შემდეგ გახდა ხალხთა მამამთავარი და ეწოდა აბრაამი, ხალხთა მამამთავარი, მისი წიაღიდან გამოვიდნენ ებრაელები, არაბები... 

არსებობს თეორია (სხვებთან ერთად), რომელიც მთლიანად იზიარებს აბრაამის სემიტურ წარმომავლობას და ასევე აცხადებს, რომ ქართველებიც, რომლებიც ქალდეველთა შთამომავალნი უნდა ვიყოთ, სემიტები ვართო... 

ჩვენ არ ვიზიარებთ ამ თეორიას. 

ქალდეასთან რომ კავშირი აქვს საქართველოს, ქართველს, ამგვარი ვარაუდი გამოუთქვამს არა ერთ მეცნიერს. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, დღევანდელ ლაზეთს (მთლიანს) ქალდეა ერქვა. საქართველოში არა ერთი ადგილი ვიცით, რომელსაც ქალდეა (ხალდეა) ჰქვია. მეცნიერების ერთი ნაწილი ჩვენი ეთნონიმის, ქართველის (ქართლის) წარმოშობას უკავშირებს სიტყვა ქალდს... 

 ჩემი ვარაუდით კი, ურიდან წასული აბრაამი, ანუ მთელი ტომი (აბრ-იბრ) უნდა ყოფილიყო არა სამიტური, არამედ იბერიული წარმოშობისა და მათი გასემიტება, გაებრაელება მომდევნო ეპოქაში უნდა მომხდარიყო. ამას სიმბოლურად გადმოგვცემს კიდეც ბიბლია. ბიბლიაში აბრაამის შთამომავალი, ისააკი ხდება ისრაელი, ისრაელის - ერის მამამთავარი. 

ერთ პუბლიკაციაში ამაზე დაწვრილებით საუბარი შეუძლებელია. ამ საკითხს, უკავშირდება სწორედ ჩვენი მეფეების „ებრაული წარმოშობა“. როგორც ჩანს, ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ ხალხთა წარმოშობის ისტორია და ამიტომ შეძლეს ისრაელიდან მოსულმა ბაგრატიონებმა დაწინაურება საქართველოში, მათ უცხოდ, ებრაელად, არაქართველად არ თვლიდნენ. 

საინტერესოა, რომ, ებრაელთა შორის ნათესაობა და ეროვნება გადადის დედით (დედითაც). ხოლო აბრაამის შთამომავლების, შემდგომში დავით მეფეს ჩამომავლების სიაში, რომელიც მითითებულია ძველ და ახალ აღთქმაშიც, არსად არ არის ნახსენები დედის მხრიდან გვარის ანუ მემკვიდრეობის გადაცემის ფაქტი. გავიმეორებ, ჩემი აზრით, ამიტომ არ ჰქონიათ ეროვნული პრობლემა ბაგრატიონებს საქართველოში, რომლებიც დავითიანად მიიჩნევდნენ თავს. მათი დავითიანობა კი უტყუარ ცნობად ითვლებოდა, ყოველ შემთხვევაში გრიგოლ ხანძთელის მიერ ამ თეორიის აღიარების შემდგომ. 

რა თქმა უნდა, აბრაამის ისტორია ბიბლიაში „გამხატვრულებულია“, იდეოლოგიზებულია, თუმცა ეს არ იძლევა საფუძველს, ჩვენ ქრისტიანებმა, მართლმადიდებლებმა, ქართველებმა ყურადღება არ დავუთმოთ მას და ჩვენი აზრი არ გამოვთქვათ. 

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, გავიხსენოთ ქართული ბიბლიის (მცხეთური ხელნაწერის), ის ადგილი, სადაც აბრაამის ქალდეადან წასვლაზეა ლაპარაკი - აბრაამის ხსენების დღის აღსანიშნავად და ძველ ქართულ ენასთან კიდევ ერთხელ საზიარებლად... ამ თემაზე კი სხვა დროს ისევ ვილაპარაკოთ. 

 წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით 

11 

24. და ცხოვნდა ნაქორ სამეოცდაათცხრამეტ წელ და შვა თარრა. 

25. და ცხოვნდა ნაქორ შემდგომად შობისა მის თარრასა ასოცდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა. 

26. და ცხოვნდა თარრა სამეოცდაათ წელ და შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან. 

27. ხოლო ესე შობანი თარრაჲსნი. თარრა შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან: ხოლო არრან შვა ლოთ.

28. და მოკუდა არრან წინაშე თარრასა, მამისა თჳსისა, ქუეყანასა, რომელსა იშვა სოფელსა ქალდეველთასა. 

29. და მიიყუანეს აბრაამ და ნაქორ თავისა თჳსისათჳს ცოლნი, სახელი ცოლისა აბრაამისისა - სარაჲ და სახელი ცოლისა ნაქოერრისისა მელქა, ასული აჰრონისი, მამისა მელქასი, და მამისა იესტანისი. 

30. და იყო სარა ბერწ და არა შვილისმშობელ. 

31. და მოიყვანნა თარრა აბრაამ და ნაქორ, ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ. 

32. და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა 

12

 

1. და ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ. 

2. და გყო შენ ნათესავად დიდად, და გაკურთხო შენ, და განვადიდო სახელი შენი და იყო კურთხეულ. 

3. და ვაკურთხნე მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი ვწყევნე. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი. 

4. და გამოვიდა აბრაამ, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰყუა მის თანა ლოთ, ხოლო აბრაამ იყო წლისა სამეოცდაათხუთმეტისა, რაჟამს გამოვიდა ხარანით. 

5. და მიიყუანა აბრაამ სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი საქონელი მათი, რაოდენი მოიგეს. და ყოველი სული, რომელი მოიგეს ხარანს, და გამოვიდეს წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდეს ქუეყანად ქანანისა. 

6. და განვლო აბრაამ ქუეყანაჲ იგი სიგრძედ მიმართ მისა ვიდრე ადგიდმდე სჳქემისა, მუხასა თანა მაღალსა, ხოლო ქანანელნი მკჳდრ იყვნეს მაშინ მას ქუეყანასა. 

7. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე და აღუშენა მუნ აბრაამ საკურთხეველი უფალსა გამოჩინებულსა მისდა. 

8. წარიტრა მუნ მთად მიმართ აღმოსავალით კერძო ბეთელს და აღდგა მუნ კარავი თჳსი ბეთელს შინა ზღჳთ კერძო და ანგეთ, აღმოსავლით კერძო. და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა: 

9. და აღიტრა აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა.