ნინო ქოქოსაძის პოეტური კრებულის პრეზენტაცია

  11:36:00     20-10-2012

კვირას 21 ოქტომბერს, 18 საათზე, ყოფილ რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში (ნ. დუმბაძის სახელობის) გაიმართება პოეტ ნინო ქოქოსაძის პირველი პოეტური კრებულის - „მინიმა“ პრეზენტაცია. 

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. № 99/1 

კრებული გამოსცა გამომცემლობა "საუნჯემ", რედაქტორი – მარიამ წიკლაური, კომპიუტერული უზრუნველყოფა – ნიკა ხვედელიძე. გარეკანის მხატვრობა – გულადი ფაცია. 

ნინო ქოქოსაძეს იცნობს ჩვენი მკითხველი. დაიბადა 1960 წელს. პროფესიით ექიმია. წერს ლექსებს, მოთხრობებს. თარგმნის რუსულ პოეზიას. 

 მისი პირველი პუბლიკაცია გამოქვეყნდა ჯერ კიდევ 1975 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“. ნინო ქოქოსაძის ნაწარმოებები იბეჭდება სხვადასხვა გამოცემებში („ლიტ.პალიტრა“, „ჩვენი მწერლობა“, „ქართული მწერლობა“, „ცისკარი“, “ხელეური”, “ჭოროხი”, “ლიტერატურული გაზეთი”...), მათ შორის პრესა.გე-ს ლიტერატურის გვერდზე. 

მკითხველს ვთავაზობთ ნინო ქოქოსაძის რამდენიმე ლექსს.

 

* * *

 

მწერ - აცივდაო,
თურმე ქარიც დაქრის ვერაგი...
....................
აქ, კარადაში,
შენს ეულად დარჩენილ კაბას,
გავიხადე და –
მოვახურე ჩემი პერანგი.

 

მარტოხელა მინიმა

 

განა რაა?

ქუჩის გადაღმაა მინიმარკეტი.

მე კი უბრალოდ,

მომენატრა ვინმე „ასეთი“:

–„რომ წამოხვალ,

პური წამოიყოლე“....

 

შალომო

 

სამი რამ ჩემთვის დახშულია,
ოთხი - არ ვიცი.
გზა:
თევზის - წყალში,
ცაზე - არწივის,
ქვიშაში - გველის.
და გზა,
რომელიც მე მომელის,
შენ რომ გაგცდება.

 

* * *

 

მშვიდობით!

ხიდს გაღმა აერო–

პორტია,

ხომალდი: "თბილისი–კაირო".

შენ ალბათ, გადაფრენა მერცხლებმა გასწავლეს,

მაგრამ დაბრუნება –

ვაი, რომ....

 

ეჭვი

 

ჩემი მეტოქე -
იასამანი სასაფლაოზე.
თავზე დაგხარის,
ფესვებით გეხვევა.
ერთხელაც მოვალ,

გაუფრთხილებლად,
ჩაგიწვებით....

 

აჰა, იხილე!

 

ლაზერის სხივი
უმზერს ტურინის სუდარას.
....................
თითქოს,
ურწმუნო მოციქული იცქირება
გახვრეტილი ხელისგულიდან.

 

მეზობელი

 

სადარბაზოსთან  შემხვდა გუშინ,
ის - სიფრიფანა.
მოვიკითხე:
მოხუცი დედა, პატარა ბავშვი.
მას კი პასუხად
მიჰქონდა სახლში,
ც ა ლ ი  ფუნთუშა
და შუშა – წამლით.

 

მართალი

 

–როგორ ხარ?
–როგორც ჩემი ქვეყანა.
-სად ცხოვრობ?
-მთებში.
....................
ტანზე ეცვა -"სექენდ ჰენდში" ნაყიდი ფლასი,
"ჯაყოს ხიზნები" ეჭირა ხელში...