ჯონათან სვიფტი
11:29:32     19-10-2012
დიდი მწერალი, სატირიკოსი პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე და ჰუმანისტი - ჯონათან სვიფტი დაიბადა 1667 წლის 30 ნოემბერს დუბლინში, ირლანდიაში.
როგორც ირკვევა თავად მწერლის შემოქმედებიდან, მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში მიმდინარე ინგლისის სამოქალაქო ომის დროს, მისი პაპა კენტერბერიიდან, რომელიც ლონდონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს, გადასახლებულა ირლანდიაში.
მომავალი მწერალი დაიბადა ირლანდიაში, დუბლინში, სასამართლოს მოხელის პროტესტანტულ ოჯახში. მამა ჯონათანის დაბადებამდე გარდაცვლილა. ოჯახში დარჩნენ დედა, ჯონათანის და და ჯონათანი. ოჯახს ძალიან უჭირდა. მას ზრდიდა ბიძა.
სკოლის მერე, 1682 წლიდან, სწავლობდა დუბლინის უნივერსიტეტის თრინითი კოლეჯში, რომელიც დაამთავრა 1686 წელს. მიიღო ბაკალავრის წოდება.
1688 წელს მეფე იაკობ მეორის დამხობის მერე ჯონათან სვიფტი გაემგზავრა ინგლისში. სადაც ორი წელი დაჰყო. მუშაობდა ლორდ უილიამ ტემპლის, - გადამდგარი დიპლომატისა და ესეისტის, - მდივნად, ეხმარებოდა ლორდს მემუარების გამართვაში. 1890 წელს დაბრუნდა ირლანდიაში. თუმცა ტემპლის ოჯახს სტუმრობდა ხოლმე. ყოფილმა დიპლომატმა შეამჩნია ჯონათან სვიფტის მონაცემები და მისცა დახასიათება-რეკომენდაცია, სადაც აღნიშნავდა სვიფტის მიერ ბერძნულისა და ლათინურის კარგად ცოდნას, ფრანგულის ცოდნას და ლიტერატურულ ნიჭს. იმ პერიოდში ჯონატან სვიფტი წერდა ლექსებს.
ტემპლს ჰქონდა კარგი ბიბლიოთეკა, რითაც სარგებლობდა მომავალი მწერალი. ლორდ ტემპლს სტუმრობდნენ მწერლები, პოლიტიკოსები, გავლენიანი ადამიანები, მათ შორის ინგლისისა და შოტლანდიისა მეფე ვილჰელმ III. მათი გაცნობა და მათთან ურთიერთობა გამოადგა მწერალს „გულივერის მოგზაურობაში“ აღწერილი პერსონაჟების პროტოტიპებად.
1892 წელს ჯონათინ სვიფტმა მიიღო მაგისტრის წოდება ოქსფორდში. 1694 წელს კი გახდა ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი. დანიშნეს ირლანდიის დაბა კილრუტში. თუმცა იქიდან ისევ ტემპლთან დაბრუნდა. ეხმარებოდა ლორდს, თან წერდა სატირულ ნაწარმოებებს და ლექსებს.
1699 წელს ლორდი ტემპლი გარდაიცვალა. ამ ადამიანს სატირიკოსი მომავალში მხოლოდ დადებითად მოიხსენებდა. კარგა ხანს ეძებდა სამსახურს. 1700 წელს დანიშნეს წმინდა პატრიკის ტაძრის მღვდლად დუბლინში. იმ პერიოდში აქვეყნებდა თავის პამფლეტებს.
1702 წელს სვიფტი გახდა ღვთისმეტყველების დოქტორი ტრინიტი-კოლეჯში. ის დაახლოებული იყო ვიგების პარტიასთან. ვიგების მოძრაობაში გაერთიანებული იყვნენ ბანკირები, ვაჭრები და არისტოკრატების ნაწილი, რომლებიც მეფის ხელისუფლების შეზღუდვას მოითხოვდნენ. ეს მწერალს პროგრესულ მოძრაობად ეჩვენებოდა.
მათ მხარდასაჭერად 1701 წელს ჯონათან სვიფტმა დაწერა პამფლეტი: „მსჯელობა ათენისა და რომის დიდებულთა და მდაბიოთა შორის უთანხმოებაზე“.
1705 წელს ვიგებმა ინგლისის უმაღლესი სასულიერო წოდების მხარდაჭერით პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება შეძლეს. თუმცა ამას არ გამოუსწორებია უბრალო, მშრომელი ადამიანების მდგომარეობა.
ვიგების საქმიანობით უკმაყოფილო სატირიკოსმა დაწერა პამფლეტი „რელიგიის განვითარების პროექტი“, რომელშიც აკრიტიკებს სასულირო წოდების უმაღლესი წარმომადგენლების ფარისევლობას. თავის ერთ-ერთ წერილში ვიგებისა და ტორების პარტიების დაპირისპირებას კატების ბრძოლას ადარებდა.
1710 წლიდან მოღვაწეობდა ირლანდიაში, სადაც სოფელ ლარაკოლში მრევლი ჩააბარეს.
ჯონათან სვიფტს მიმოწერა ჰქონდა ახალგაზრდა ქალთან, ესტერ ჯონსონთან. ზოგიერთი ბიოგრაფის აზრით, ჯონათან სვიფტმა 1716 წელს იქორწინა ესტერ ჯონსონზე, რომელიც ლორდ ტემპლის მამულში გაიცნო კარგა ხნით ადრე. თუმცა ეს ვერსია არ დასტურდება დოკუმენტურად. ესტერ ჯონსონს მწერალი სტელას უწოდებდა. მიმოწერა ჰქონდა, ასევე, ახალგაზრდა ქალთან, ესტერ ვენომრისთან. მას ვანესას უწოდებდა.
1710 წელს პარლამენტში უმრავლესობა ტორების პარტიამ მოიპოვა. მათ დაგმეს კორუფცია, პურიტანული ფანატიზმი. ვიგებზე განაწყენებული ჯონათან სვიფტი მათ მიემხრო. ჩააბარეს ჟურნალ „გამომცდელის“ (The Examiner) რედაქტორობა. როგორც ამბობენ, ჟურნალი ვიგების რისხვად იქცა. ის აკრიტიკებდა ვიგებსა და საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებს, იმ დროს ესპანეთის მემკვიდრეობისათვის გაჩაღებული ომის ავტორებს. მალე ზავი დაიდო კიდეც...
თუმცა მწერლის იმედები ვერც ტორებმა გაამართლეს. ჯონათან სვიფტი მათაც ჩამოშორდა.
1713 წელს დაინიშნა წმინდა პატრიკის ტაძრის დეკანოზად დუბლინში. ის გახდა ჩაგრული ირლანდიელი ხალხის ინტერესების დამცველი. ჰქონდა კარგი ტრიბუნა, შეეძლო თავის რჩენაზე არ ეფიქრა და წერდა პამფლეტებს ირლანდიელი ხალხის დასაცავად. ერთ-ერთ პამფლეტში - „მემაუდის მემუარები“, ის მემაუდის პირით ამბობს: „მე მინდა მოგაგონოთ, რომ ღვთისა და ბუნების კანონებით თქვენ ხართ და უნდა იყოთ ისეთივე თავისუფალი ხალხი, როგორიც თქვენი მოძმე ინგლისელები არიან“.
მის პამფლეტებს ყოველთვის მოჰქონდა შედეგი. 1724 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მის პამფლეტს, რომელიც გამოირჩეოდა სიმწვავით, ერქვა: „მორიდებული წინადადება ირლანდიელ ბავშვებზე, რათა ისინი არ დააწვნენ ტვირთად თავის ღარიბ მშობლებს ან ქვეყანას და გადაიქცნენ სალხისათვის სასარგებლოდ“. აქ იყო „რჩევა“ ინგლისელი ჯენტლმენებისადმი, რომ ირლანდიელი ბავშვების ხორცისაგან დაემზადებინათ კატლეტები, ხოლო კანისაგან ხელთათმანები, ამით ორ კურდღელს დაიჭერდნენ, შემცირდებოდა მათხოვრების რიცხვი და ქვეყანას მოემატებოდა დოვლათი...
ეს იყო უბრალო ადამიანების ჩაგვრითა და მათი გასაცოდავებული ყოფით გამწარებული დიდი ჰუმანისტის სასტიკი და საზარელი ირონია. ინგლისური კრიტიკული რეალიზმის ცნობილმა წარმომადგენელმა, თეკერეომ ჯონათან სვიფტს კაციჭამია უწოდა, მან ვერ დაინახა პამფლეტის ნამდვილი შინაარსი და მიზანი. ჯონათან სვიფტს ხომ ირლანდიელი ბავშვების დაცვა უნდოდა მათი მყვლეფავებისაგან.
ინგლისის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლისა და ირლანდიელი ხალხის ინტერესების დაცვისათვის ჯონათან სვიფტმა დაიმსახურა ირლანდიელი ხალხის დიდი სიყვარული. მისი დაპატიმრება სურდა ინგლისის მთავრობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს და ბოლოს ინგლისელები იძულებული გახდნენ გაეუქმებინათ ზოგიერთი ეკონომიკური კანონი, ინგლისურ პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან აწვალებდა ირლანდიელ ხალხს.
ჯონათან სვიფტის პორტრეტები გამოფენილი იყო მთელის დუბლინში, ყველა ქუჩაზე...
1723 წელს გარდაიცვალა მწერლის მეგობარი ვანესა, 1728 წელს კი მეორე მეგობარი, სტელა.
1726-1728 წლებში გამოვიდა „გულივერის მოგზაურობა“. ავტორის გვარი, როგორც ბევრ სხვა მის ნაწარმოებზე მითითებული არ იყო. 1728 წელს მწერალს მიანიჭეს დუბლინის საპატიო მოქალაქის წოდება.
1742 წელს ინსულტი დაემართა დიდ მწერალს. 1743 წლის 19 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა. დაკრძალეს წმინდა პატრიკის სახელობის ტაძარში, საიდანაც ემსახურებოდა ირლანდიელ ხალხს და საერთოდ, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის იდეებს.