წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე

  15:54:40     18-10-2012

5 (ახალი სტილით 18) ოქტომბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ქართველთა მნათობის, დიდი მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს. 

წმინდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა 759 წელს. იგი იყო ქართლის ერისმტავრის ნერსეს ცოლის დის შვილი. იზრდებოდა ერისმთავრის სასახლეში. ბავშვობიდან ავლენდა განსაკუთრებულ ნიჭს. არ ჰგავდა სხვა ბავშვებსაც, თამაშისა და გართობის მაგივრად, სწავლისა და ლოცვისკენ იყო მისი გონება მიმართული. 

უნიჭიერესმა ყმაწვილმა ადრეულ ასაკში შეისწავლა „დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ. ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათა [2] და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა“. ჭაბუკობიდანვე ასკეტური ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. 

აღმზრდელათა ნებით იგი მღვდად აკურთხეს, მერე კი მისი ეპისკოპოსობა მოინდომეს. წმინდა გრიგოლმა თავის მეგობრებთან და მოწაფეებტან ერთად ქართლიდან ტაო-კლარჯეთს მიაშურეს. წმინდა გრიგოლს თან ახლდნენ მისი დეიდაშვილი საბა, შემდგომში იშხნის განმაახლებელი და ეპისკოპოსი, თევდორე, შემდგომში ნეძვის მაშენებელი და წინამძღვარი, და ქრისტეფორე,  კვირიკეწმიდის მაშენებელი და წინამძღვარი. 

ჯერ ოპიზას მივიდნენ, მერე კი ხანძთაში გადავიდნენ და... დაიწყო კლარჯეთის საუდაბნო ცხოვრება და საქართველოს იდეური აღორძინება!.. 

წმინდა გრიგოლ ხანძთელმა 102 წელის იცოცხლა. გარდაიცვალა 861 წლის 5 ოქტომბერს. 

გრიგოლ ხანძთელი მარტო რელიგიური მოღვაწე არ ყოფილა, ის არ იყო მხოლოდ ეკლესიათა მაშენებელი. გრიგოლ ხანძთელი უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოღვაწე გახლდათ, რომლის ქმედებებმა საფუძველი ჩაუყარა მომავალი დიდი საქართველოს დაარსებას. ძნელია მისი დამსახურებების ჩამოთვლა. ზოგიერთი მათგანი: გრიგოლ ხანძთელის საძმოში, მის მოწაფეთა შორის შეიქმნა ეროვნული იდეოლოგიის მაშინდელი ფორმულა „ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების“... გრიგოლ ხანძთელმა ცნო ბაგრატიონთა წარმომავლობა დავით წინასწარმეტყველისგან და ამით განამტკიცა ისინი იდეოლოგიურად, საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. გრიგოლ ხანძთელმა აღზარდა მთელი პლეადა მღვდელთავრებისა და ბერ-მონაზონთა, რომელთაც განამტკიცეს არაბთა ბატონობისგან შერყეული შეგნება ქართველობისა. გრიგოლ ხანძთელმა შექმნა მწიგნობრობის კერა. ის თავად  იყო შესანიშნავი პოეტი. მან შეგვიქმნა „საწელიწდო იადგარი“. 

ძველად ყოველი დღესასწაულისთვის არსებობდა "საწელიწდო იადგარი", რომელიც გახლდათ კრებული ჰიმნებისა და საგალობლებისა. გრიგოლ ხანძთელმა შეადგინა პირველი ვრცელი "საწელიწდო იადგარი". "აწ არს ხანძთას ხელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდო იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან” - წერს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღმწერი გიორგი მერჩულე. მანამდე არსებობდა მოკლე იადგარი. „საწელიწდო იადგარში” ყოველი თარიღისათვის იყო საგალობელი. ბევრი მათგანი ქართველების შექმნილი არის, ზოგიერთი კი ნათარგმნია. საგალობელაგთან ზოგიერთი დაწერილია თავად ჩვენი მნათობის, გრიგოლ ხანძთელის მიერ. 

ტროპარი: 

შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო გრიგოლ. 

კონდაკი: 

უღელი იგი ქრისტესი მიიღე, გრიგოლ, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯვარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლად წმიდად ხორცთა შინა შენთა მტვირთველმან, რომლისათვის საღმრთოისა დიდებისა მისისა, ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა. 

დღეს, გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელისეული „ქებაჲ კლარჯეთის უდაბნოთაჲ“, პავლე ინგოროყვას თქმით, დაწერილი თავისებური სალექსო ფორმით - „წყობილი სიტყუაჲ რიცხუედით“, რომელიც შემოგვინახა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა მოწაფემ, შესანიშნავმა მთხრობელმა, დიდმა სასულიერო მწერალმა, გიორგი მერჩულემ თავის შესანიშნავ თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.  

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ გვიამბობს, რომ ნეტარი მამა გრიგოლი აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოში იყო დიმიტრი მეფესთან. წამოსვლის ჟამს მეფემ გამოჰკითხა კლარჯეთის უდაბნოთა შესახებ. გრიგოლ ხანძთელს „უთქუამს“ მისთვის „ქებაჲ კლარჯეთის უდაბნოთაჲ“. პავლე ინგოროყვას თქმით, „ძველ ქართულ მწერლობაში ტერმინი „თქუმული“ ჩვეულებრივ ზედწერილია ნაწარმოებთა, კერძოდ, პოეტურ ნაწარმოებთა“ (პ. ინგოროყვა, ტ. III, გვ. 202, თბილისი 1965 წ.)

„ქებაჲ კლარჯეთის უდაბნოთაჲ“ უნდა შექმნილიყო დაახლოებით 826 წელს. 

მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“. „ქებაჲ კლარჯეთის უდაბნოთაჲ“ წარმოდგენილია პ. ინგოროყვას მიერ აღნიშნულ წიგნში გამოქვეყნებული რედაქციით და  სტროფების მის მიერი დაყოფით. გარდა „თქუმულისა“, მეფესთან ნეტარის საუბარს გთავაზობთ მთლიანად. 

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ 

(ნაწყვეტი“) 

... გამოჰკითხა მეფემან (აფხაზეთისამან - გ. მ.) დიმიტრი მამასა გრიგოლს გულსმოდგინედ სახეჲ კლარჯეთისა უდაბნოთაჲ, რაჲთა აუწყოს მას ადგილთა მათ წმიდათა ნიშანი ყოველი. და მამამან გრიგოლ ჰრქვა მას: 

- ღმრთისმსახურო მეფეო, დაღაცათუ ფრიად განვამრავლო სიტყვაჲ, ვერვე მისწვთების გონებაჲ ჩემი ყოველსა მას უდაბნოთა მათ სიკეთესა უწყებად შენდა, ვინაჲთგან წესი მონაზონებისაჲ მათ შორის აღორძინებულ არს და უფროჲსად ყვაოდის და აღემატოს მომავალთა ჟამთა. არამედ ვთქვა მრავლისაგან მცირედი ესრეთ:

 

(„ქებაჲ კლარჯეთის უდაბნოთაჲ“)

 

რამეთუ ბუნებით ერთ-გუამ არს

ქვეყანაჲ უდაბნოთაჲ მათ

და კეთილად შეზავებულ

მზისაგან და ჰაერისა.

 

რამეთუ არცა ფრიადი სიცხეჲ

შესწვავს მათ,

და არცა გარდარეული სიცივეჲ

შეაურვებს მყოფთა მისთა.

 

არამედ განწესებით დგას

თჳსსა საზღვარსა,

უნოტიოჲ, უხორშაკოჲ,

უმიწოჲ, მზვარეჲ.

 

რამეთუ კაცთა

ნახჭნი ფერხთანი -

არაოდეს თიხიან ექმნებიან

სლვასა მათსა.

 

ხოლო წყალი კეთილი

და შეშაჲ ნებისაებრ -

უნაკლულოდ აქვს აღმოცენებული

ქვიშათა მათ შინა.

 

ურიცხვი მაღნარი

და სიმრავლე წყალთა ჰამოთაჲ.

ბუნებით მხიარულებაჲ

მიცემულ არს ღმრთისაგან.

 

და არს იგი უგზო და მიუვალ რაჲთურთით

სოფლისა წესითა მცხორებელთაგან,

რამეთუ ღ ა დ ო თ ა მ თ ა თ ა შინა მაღალთა

არს მკვიდრობაჲ მათი.

 

და მორტყმულ არს ერთ კერძო მთაჲ იგი,

და ერთ კერძო [ჴევნი კლარჯეთისანი,

ხოლო] შ ა ვ შ ე თ ი ს ა  დ ი დ თ ა  წ ყ ა ლ თ ა  შეკრებისა გარემოსლვაჲ

გარე-მოადგს ზღუდის სახედ უძრავისა.

 

და ესრეთ ყოვლითა კერძო შეზღუდვილ არიან

მთათა მიერ, და ჴევნებისა,

და წყალთა მათგან

საშინელად ძნელოვანთა ადგილთა მავალთაჲსა.

 

და მონასტერთა მათ შინა არა არს სათიბელი ქვეყანაჲ,

არცა ყანაჲ საჴნავი,

არამედ დიდითა შრომითა როჭიკისა მისლვაჲ აქუს

კარაულისა ზურგითა.

 

და მცირედ ვენახნი ჭირით და ურვით დაუნერგვიან

და ეგრეთვე მტილები.

ხოლო მხალთა ველისათაჲ

არს სიმრავლე ურიცხჳ.

 

და ამას ყოველსა თანა უშიშ არს გული მათი

უქრისტოთა მათ ურწმუნოთაგან შერყევისაგან

და ყოვლისა ძრვისა

ჟამსა ჴელმწიფეთა მტერობისასა.

 

და ესრეთ მრავლითა მშჳდობითა

მყუდროებით არიან,

ყოვლადვე და

ქრისტესა ადიდებენ.

 

რამეთუ ღმერთმან დასაბამსავე დაბადებისასა

უკანაჲსათჳს ჟამთა დაჰბადნა იგინი

მონაზონთა სამკჳდრებელად

და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელად ორ-კერძოვე.

 ... 

და რამეთუ განგებასა ღმრთისასა ესე ჩვეულებაჲ აქვს, რაჲთა წმიდათა მათ უდაბნოთა მონასტერნი ხელითა გლახაკთაჲთა აღაშენნეს, რომელნიცა სრულიად თავისუფალ იქმნნეს სოფლისა საცთურთაგან. 

დაღაცათუ წმიდათა უდაბნოთა ხელმწიფენი იღვწიან, ხოლო წოდებად სახელი გლახაკთაჲ ჯერიჩინა ქრისტემან შენებასა წმიდათა მონასტერთასა. არამედ მისცა ღმერთმან ხელმწიფებაჲ მორწმუნეთა მეფეთა აღშენებად საყდართა საებისკოპოსოთა და ქალაქთა სოფლებითურთ და ყოველსა ერსა ზედა მთავარ ყვნა, რაჲთა სიმართლით განიკითხვიდენ მათ შემკობილნი სამოსლითა ბრწყინვალითა. ხოლო რაჲთა არა დაუტეონ გონებაჲ მათ ხილულთა მათ ნივთთა შინა, არამედ კეთილთა მათ საუკუნეთა გულისხმა ჰყოფდენ, რამეთუ სიბრძნემან საღმრთომან სამოსელთა მრავალსახეთა მიერ გულისხმა უყო ყოველთა კაცთა პატივი თითოეულისა წესისა მათისაჲ ღმრთისმსახურებით. ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქვეყანასა ზედა არა ვისსა ხელმწიფებასა ქვეშე არიან, ვინაჲთგან მოჰრიდეს საშვებელთა საწუთროჲსათა ნებსით და აღირჩიეს ღმრთისათვის მწუხარებაჲ ადგილთა გლოვისათა, მსგავსად პირველთა მათ მამათა წმიდათა, რომელთა სიგლახაკესა შინა დიდსა მყოფთა აღაშენნეს წმიდანი უდაბნონი, თვინიერ ქვეყანისა მეფეთა ბრძანებისა, შეწევნითა ყოვლისა შემძლებელისა ღმრთისაჲთა. და აწცა ჟამთა ჩვენთა არიან მსგავსნი პირველთა მათ ნეტართა კაცთანი მაშენებელ მონასტერთა ადგილთა უქმთა შინა ღმრთისა სამკვიდრებელად. ხოლო ხელმწიფენი კეთილად მსახურნი შრომასა მათსა თანამონაწილე იქმნებიან საფასეთა უხვად მიცემითა, ვითარცა-ესე დღეს დიდებულებამან შენმან მეფობამან განამდიდრა სიგლახაკე ჩვენი ფრიადითა კეთილითა. და ყოვლადვე მოზიარე ხარ ლოცვასა ჩვენსა თანა.