
პოლონეთი შოკშია: ინტერნეტში, სმოლენსკის კატასტროფის მსხვერპლთა, მორგში გადაღებული ფოტოები გავრცელდა
11:27:09     18-10-2012
პოლონეთის ხელისუფლება რუსეთს სმოლენსკის კატასტროფის ამსახველი საშინელი ფოტოების გავრცელებაში ადანაშაულებს. პოლონეთის გენერალური პროკურორი ანჟეი სერემეტი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრ ბასტრიკინს მიმართავს, რათა გაირკვეს, როგორ მოხვდა ეს ფოტოები ინტერნეტში.
უცნობმა ადამიანმა „რუსეთის აზიური ნაწილიდან“ - როგორც თავად წერდა, ეს ფოტოები თავის ბლოგზე ერთი თვის წინ გამოაქვეყნა. ფოტოები უშუალოდ ტრაგედიის ადგილზე და მორგშია გადაღებული და შემზარავი სანახავია. ფოტოებს ახლავს ტექსტებიც, რომლებშიც ავტორი რუსეთისა და პოლონეთის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს არ ეთანხმება ამტკიცებს, რომ პოლონეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები არა ტრაგიკული შემთხვევის, არამედ თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ.
შეგახსენებთ, 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკში 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და სხვა წამყვანი პოლიტიკოსები და სამხედრო პირები.
თუმცა ზოგიერთ ფოტოს, როგორც პოლონელები თვლიან, ცინიკური მინაწერები აქვს: მაგალითად, ერთ-ერთი წარწერა იუწყებოდა, რომ „ამ ნარჩენებს შორის, სადღაც, კაჩინსკის ცხედარიცაა“...
პოლონელი ჟურნალისტები შეეცადნენ გამოერკვიათ, როგორ მოხვდა უცნობი ადამიანის ხელში ფოტოები, რომლებმაც შოკში ჩააგდეს დაღუპულთა ნათესავები და არა მარტო ახლობლები, თუმცა ვერაფერი გაარკვიეს.
ბლოგერის კვალდაკვალ, დასახიჩრებული ცხედრების ფოტოები რუსულმა საიტებმაც გამოაქვეყნეს, ეს ფოტოები უკრაინაში, გერმანიასა და აშშ-იც გავრცელდა. რუსეთმა და უკრაინამ პოლონური მხარის თხოვნით დაბლოკეს მასალასთან წვდომა, ამერიკელებმა და გერმანელებმა კი ამაზე უარი თქვეს და არგუმენტად საკუთარი კანონები მოიყვანეს.
პოლონეთის პროკურატურის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფოტოები არ არის მოპოვებული პოლონური მხარის გამოძიების მასალებიდან და მათი გაჟონვა სავარაუდოდ, რუსული მხარის მასალებიდან მოხდა. ამიტომაც მოსკოვს სასწრაფოდ ზომების მიღება მოსთხოვეს.