რუსეთი ე.წ. კანონიერ ქურდებს გვიგზავნის

  13:23:49     17-10-2012

რუსეთში,  პატიმრობის ვადა ამოეწურა 51 წლის ე.წ. კანონიერ ქურდს,  დავით ჩხიკვიშვილს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში,  დათო სურგუტსკის სახელით არის ცნობილი.

თუმცა,  გათავისუფლებისთანავე ჩხიკვიშვილი ისევ დააკავეს. ამჯერად,  უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონის დარღვევით ყოფნის ბრალდებით.

ჩოხატაურელმა ჩხიკვიშვილმა,  თავისი ცხოვრების ნახევარი ციხეში გაატარა. 1980 წელს ის 15 წლით მკვლელობისთვის ჩასვეს, ე.წ. კანონიერი ქურდი კი 1994 წელს გახდა - სურგუტში.

მალე,  ისევ დააკავეს იარაღის უკანონოდ შენახვის გამო და 8 წელი მიუსაჯეს, რა დროსაც ის საქართველოში იქნა ეტაპირებული და ვადაზე ადრე გათავისუფლებასაც მიაღწია. თუმცა,  საქართველოში არც გაჩერებულა და ისევ რუსეთს მიაშურა, სადაც მისი ცხოვრება, ფაქტობრივად, ისევ ციხეებში გაგრძელდა.  უახლოეს მომავალში, დათო სურგუტსკის ემუქრება ის, რის თავიდან აცილებასაც,  2008 წელსაც ყოველმხრივ ცდილობდა.  საქართველოში დეპორტაცია... - წერს რუსული მედია.

იგივე ელის  „კრიმინალურ გენერლად“ წოდებულ ზურაბ ქუთაისსკის, რომელიც რამდენიმე დღის წინ,  ჩელიაბინსკში, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის წესის დარღვევის გამო დააკავეს.

რუსული მედიის ცნობით, ენდელაძე ქუთაისის ქურდული სამყაროს „პატრიარქის“,  ზურაბ ლოსაბერიძის ნათესავია, რომელიც „კოლეგების“ მსგავსად დიდი ხანია რუსეთშია გადაბარგებული და ამჟამად ურალში ცხოვრობს.

თუმცა ენდელაძესთან დაკავშირებით საკითხი გადასაჭრელია: სად მოხდება მისი დეპორტირება - საქართველოსა თუ სომხეთში, რადგანაც მას სომხეთის მოქალაქეობა აქვს. თავად რუსეთში შესვლა კი, ენდელაძისთვის 2016 წლამდე აკრძალულია.

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების თემა აქტუალური გახდა საბერძნეთშიც, სადაც რამდენიმე დღის წინ დანაშაულებრივი სამყაროს რეკორდული რაოდენობის წარმომადგენელი აიყვანეს, მათ შორის, ქართველი ქურდებიც. როგორც მედია იუწყებოდა, ისინი საბერძნეთში ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის მიზნით ჩავიდნენ.

შედეგად, პოლიციის ხელში აღმოჩნდნა 20-მდე ე.წ. კანონიერი ქურდი. ესენი არიან მეტსახელებით ცნობილი: ტახი, ჩირუ, ნიკუ, გურამ კვეჟო და ვიტია პანა და სხვები.   დაუზუსტებელი ცნობებით, საბერძნეთში დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდები გელა ქარდავას მოლოდინში იყვნენ, რომელიც ქურდული კლანების კონფლიქტში ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა, თუმცა შეხვედრაზე მის ნაცვლად პოლიცია მივიდა.

ბოლო პერიოდში,  საბერძნეთი ე.წ. კანონიერ ქურდთა აქტივობის ადგილად იქცა. ქვეყანაში მუდმივად იმყოფება ამ კასტის 30-დან 40-მდე წარმომადგენელი, რომლებიც მოლაპარაკებებს მართავენ, თუმცა, „მშვიდობიანი კონფერენციის“ ჩატარებას,  ყოველთვის რაღაც უშლის ხელს. როგორც ამ წრეში მიაჩნიათ, შეკრებები იშლება, ერთ-ერთი დაჯგუფების მიერ, რადგან ფიქრობენ, რომ „სხადნიაკი“ მათთვის ცუდი შედეგით დასრულდება - წერს ადგილობრივი მედია.