
ივანიშვილის პირველი, ღია რევერანსი „დიდ რუსეთს“
12:15:24     17-10-2012
„ნაციონალურ მოძრაობასა” და ახალ მთავრობას შორის, პირველი დაპირისპირების მიზეზი, შესაძლოა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა გახდეს, რადგან მოქმედი ხელისუფლება ოლიმპიადაზე ქვეყნის მონაწილეობას გამორიცხავს. მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი, ოლიმპიადის ჩატარებას მიესალმება და აცხადებს, რომ საქართველო თამაშებში ჩაერთვება.
ივანიშვილმა ზამთრის თამაშებს მხარდაჭერა უკვე აღუთქვა და უარყო ხმები იმის თაობაზე, რომ საქართველო აპირებს სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოს, რომ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო აგრესია გააპროტესტოს.
„საქართველო ისე უნდა მოიქცეს, როგორც კარგ მეზობელს შეეფერება და ეცადოს ოლიმპიადა მშვიდობიანად და ყოველგვარი უსიამოვნებების გარეშე ჩატარდეს”, - აცხადებს „ოცნების” ლიდერი.
კოალიციისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა” ისევ თავის პოზიციაზე დგას და თამაშებში ქვეყნის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. ოპოზიციაში გადასული ძალა ახალ მთავრობას მოუწოდებს თამაშებთან დაკავშირებით, პოზიცია შეცვალოს.
როგორც „პრესა.ჯი-ს“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ყოფილმა წევრმა, კობა ხაბაზმა განუცხადა, ივანიშვილმა რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებები კარგად უნდა გაიაზროს.
„ივანიშვილს იქნებ დაავიწყდა, რომ აფხაზეთი დღემდე ოკუპირებულია და იქ რუსი სამხედროები დგანან. იქნებ მას ისიც დაავიწყდა, რომ სოჭის ოლიმპიადის მშენებლობისთვის საქართველოს ტერიტორიებიდან განუზომებლი რაოდენობით ბუნებრივი რესურსები გადის. ივანიშვილს იქნებ ისიც დაავიწყდა, რომ ოლიმპიადა იმ ადგილას ტარდება, რომელიც ჩერქეზი ხალხის სისხლით არის მორწყული. მომავალ პრემიერს ვთხოვ, ეს ყველაფერი გაიაზროს” - აცხადებს ხაბაზი.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა მალაშხია თამაშებზე საუბრისას აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ სოჭის ოლიმპიადა თამაშების არსს ფარავს, რადგან ზოგადად, ოლიმპიადა მშვიდობას ეძღვნება.
მისი თქმით, ეს არის მოინაწილეობა იმ დანაშაულებრივ ქმედებაში, რასაც საქართველოსთან მიმართებაში, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთი დღესაც აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის აფხაზეთიდან ინეტრული მასალების გადინება ხდება, რასაც ქართული მხარე საერთაშორისო ასპარეზზეც აპროტესტებდა. ამასთან, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ბერლინში, ბუნდესტაგში, გასულ წელს, მწვანეთა პარტიის ორგანიზებით, ფრაქციის სხდომა გაიმართა.
ასევე თბილისში, მიმდინარე წლის ივლისში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ქართულ–ჩერქეზული ეკო–კულტურული გარემო“ გაიმართა, რომლის მიზანი იყო - სოჭის ოლიმპიადისა და ჩერქეზული და ქართული პრობლემების ინტერნაციონალიზაცია. მისი გატანა საერთაშორისო საზოგადოების სამსჯავროზე, რათა ოლიმპიადა ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების ადგილას არ ჩატარდეს და ინფრასტრუქტურის მოწყობა ადიღელთა ძვლებზე არ მოხდეს.
ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფმა პუტინის ოპოზიციონერმა, გარი კასპაროვმა ოლიმპიური თამაშების ჩავარდნა იწინასწარმეტყველა. ამის მიზეზად კი, მან ის ფაქტი დაასახელა, რომ სამშენებლო სამუშაოები 2013 წლამდე ვერ დასრულდება.