მიხეილ ლერმონტოვი - „კავკასია“

  11:14:36     17-10-2012

1840 წლის 15 (ახალი სტილით 27) ივლისს დუელში მოკლეს რუსი პოეტი მიხეილ ლერმონტოვი. 

ლერმონტოვების გვარი წარმოშობით შოტლანდიიდანაა. პოეტის წინაპარი, პორუჩიკი ჯორგ (იური) ლერმონტი 1613 წელს მსახურობდა პოლონურ არმიაში და ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. შემდეგ რუსეთის სამსახურში ჩადგა. ასეთი მაგალითები ბევრია იმპერიებში. ზოგიერთი გვარი დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდა, ასეთები იყვნენ ლერმონტოვები. ისე, არსებობს ჰიპოტეზა, რომ ლერმონტების გვარი მომდინარეობს ლეგენდარული შოტლანდიელი პოეტიდან თომას ლერმონტი. ძნელი სათქმელია, რამდენად მართალია ეს. უფრო მგონია, რომ ვაჟკაცი და რირსეული შოტლანდიელების შთამომავალი არ უნდა ყოფილიყო ცინიკოსი ლერმონტოვი. თომას ლერმონტის შესახებ ჩვენ სხვა დროს გვექნება საუბარი მკითხველთან. 

პოეტი მიხეილ ლერმონტოვი დაიბადა 1814 წლის 3 (ახალი სტილით 15) ოქტომბერს, მოსკოვში. ბავშვობა  პენზის გუბერნიის სოფელ ტარხანში გაატარა, დედულეთში. 3 წლისას დედა გარდაეცვალა. შემდეგ ლერმონტოვი ბებიასთან იზრდებოდა. 1827 წელს მოსკოვში გადასახლდნენ. 1828 ჩაირიცხა უნივერსიტეტთან არსებული პანსიონის IV კურსზე, ხოლო 1830 წელს უნივერსიტეტში. 1832 ლერმონტოვმა მიატოვა მოსკოვის უნივერსიტეტი და პეტერბურგში გაემგზავრა. იქ დაამთავრა სამხედრო სკოლა. სამხედრო სკოლაში ცხენმა ფეხი დაუზიანა. შემდეგ, 1834 წლიდან ჰუსართა პოლკში მსახურობდა ოფიცრად. 

ლექსების წერა  1828 წელს დაიწყო, გამოქვეყნება ცოტა გვიან, 1837 წლიდან. დიდ პოეტს სახელი გაუთქვა ლექსმა „პოეტის სიკვდილი“, რომელიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერის სახით. ლექსის დაწერის მიზეზი ცნობილია, დუელში დიდი პოეტის ალექსანდრე პუშკინის მკვლელობა. ეს ლექსი მამხილებელი პათოსის გამო არ მოეწონათ იმპერიის მესვეურებს, ის ხომ ორიგინალში ხელმწიფისადმი მიმართვით იწყება. პოეტს დაპირისპირება მოუხდა სხვადასხვა გავლენიან პიროვნებასთან, რომლებიც ამართლებდნენ დანტესს. ამ მიზეზის გამო ლერმონტოვი კავკასიაში გადმოასახლეს. პოეტმა საქართველოში 2 - 3 თვე დაყო (დაახლოებით 1837 ოქტომბერ-დეკემბერი). საქართველოს დიდებულმა ბუნებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

1837 ბოლოს ლერმონტოვი რუსეთში დააბრუნეს. 1840 წელს ლერმონტოვი უმნიშვნელო საბაბით გადმოასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველ ოფიცერთან, ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობერთან კონსტანტინე მამაცაშვილთან ერთად. 

საბედისწერო აღმოჩნდა ლერმონტოვისათვის გადამდგარ მაიორთან, ნიკოლოზ მარტინოვთან ნაცნობობა. როგორც ამბობენ, ლერმონტოვი დასცინოდა თურმე მარტინოვს... გადამდგარი მაიორი დიდხანს ითმენდა... ბოლოს შეურაცხყოფილმა მარტინოვმა დუელში გამოიწვია ლერმონტოვი და მოკლა. 

პოეტი დაკრძალეს მშობლიურ სოფელში, ტარხანში. 

პოეტის გარდაცვალების მიზეზში კარგად ჩანს მისი აუტანელი ხასიათი, მას დაცინვა უყვარდა, და მიიღო კიდეც ტყვია... ლერმონტოვს აქვს ფრაზა „Бежали робкие грузины“. ამ ამორალურ ფრაზაშიც ჩანს გარუსებული ლერმონტების შთამომავლის ბუნება... მართალია ქართველებს გადაურჩა, მაგრამ იმ ერის წარმომადგენელმა მოკლა, რომელსაც ემსახურებოდა... 

გავიხსენოთ მიხეილ ლერმონტოვის ლექსი “კავკასია”, რომელიც მშვენივრად თარგმნა ანზორ აბჟანდაძემ. ლექსში ჩანს, რომ პოეტს ძალიან უყვარდა კავკასია. მაგრამ, მარტო მთების სიყვარული რაა, კავკასიელი ხალხის სიყვარულის გარეშე... 

კავკასია

 

(თარგმნა ანზორ აბჟანდაძემ)

 

გამყარა შენგან ბედისწერამ თუმცაღა ჩქარა,

ო, კავკასიავ, კვლავაც თან მსდევს ხატება შენი;

ვითარცა ჰანგი მშობლიური, ის მავსებს შვებით...

გულში რომ დარჩე - შენი ხილვა ერთხელაც კმარა!

ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

 

მე სიყრმითგანვე უდედობა დამეცა ზარად...

და როცა ბინდში ვარდისფერი გმოსავდა ნისლი, -

მე შენს სივრცეში მელანდვოდა ჩურჩული მისი;

მიტომ მიყვარდა გარინდება შენს მთებთან წყნარად!..

ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

 

მე ბედნიერი ვიყავ მაშინ, - შენს მთად და ბარად!..

ნაღველით მდაგვენ გარდასრულნი ის ტკბილნი წელნი;

იქ შემეფეთნენ ღვთაებრივნი თვალები მწველნი...

მათ ვიგონებ და - აღმომხდება ლოცვისა დარად:

ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

 

1830