
გურამ ოდიშარია: „ახალი სოფო ნიჟარაძეები აღარ იქნებიან“...
17:14:24     16-10-2012
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი გურამ ოდიშარია, მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მუშაობას მოადგილეების დანიშვნით დაიწყებს. ამის შემდეგ კი, აქვს ბევრი პროექტი, რომლის განხორციელებასაც კულტურის სამინისტროს ძველ და ახალ თანამშრომლებთან ერთად გეგმავს. თუმცა არც მიმდინარე პროექტების გაჩერებას აპირებს. მინისტრობის კანდიდატს სურს დაიწყოს დიალოგი აფხაზებთან და სწორედ კულტურის სფეროს საშუალებით მოხდეს მათთან დაახლოება. გურამ ოდიშარია ამბობს, რომ ახალი „სოფო ნიჟარაძეები“ აღარ იქნებიან და ყველას ექნება შესაძლებლობა წარმოაჩინოს საკუთარი თავი. „პრესა.ჯი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატან, გურამ ოდიშარიასთან.
- რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავთ სამინისტროში მას შემდეგ, რაც პარლამენტი თქვენი მინისტრობის კანდიდატურას მხარს დაუჭერს?
- პირველ რიგში უნდა დამამტკიცონ. შემდეგ მოადგილეები უნდა დავამტკიცო მე. ეს იქნება მეორე, რასაც გავაკეთებ. ამჟამად კულტურის სამინისტროში არის პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს ამჟამად და ის უნდა გაგრძელდეს. ამას ჩვენ შევისწავლით, თუ რა პროექტებია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც კულტურის სამინისტროში უნდა დარჩნენ და იმუშაონ. ისინი კიდევ რამდენიმე მინისტრს შეიცვლიან, ვინაიდან პროფესიონალები არიან თავიანთი საქმის. ვიფიქრებ განახლებაზეც, თუმცა მასობრივად თანამშრომელთა ცვლილება არ იქნება. ჩვენი სლოგანი იყო „ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ“, ამიტომ ვაგრძელებთ ამ პრინციპით მუშაობას და ყველა ერთად ვიმუშავებთ. მინისტრები მიდიან და მოდიან და კულტურა არის მარადიული. ჩვენ ვემსახურებით იმას, რაც მარადია. მეც ერთ ორ წელიწადში შეიძლება უფრო მალეც მომიწიოს წასვლა, მაგრამ ეს არ არის მთავარი.
- თქვენ არ გეგმავთ მასობრივ საკადრო ცვლილებას, თუმცა ხომ არ არის მოსალოდნელი ხელმძღვანელი პირების დონეზე ნეპოტიზმს ჰქონდეს ადგილი... რა ნიშნით შეარჩევთ მოადგილეებს და სხვა ხელმძღვანელ პირებს?
- არ იქნება მსგავსი რამ. ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ. არ იქნება არავითარი სახელოვნებო კლანების უპირატესობა. გამორიცხულია ეს. იქნება მხოლოდ ნიჭი. მე მსურს ნიჭიერ ახალგაზრდებს მივცე გზა და მათ შემოქმედებას. არ არის აუცილებელი ყველამ იმუშაოს კულტურის სამინისტროში, თუმცა აქვთ პროექტები და შეიძლება ამ პროექტებზე დავეხმარო ახალგაზრდებს. მე მათ დავეხმარები. თუმცა არის 70 წლის კაცი, რომელსაც ახალგაზრდული შემოქმედებითი სული აქვს, ის რატომ უნდა დაიჩაგროს? კულტურის სამინისტროს აქვს ორი მისია. პირველი, გაუფრთხილდეს მას, რაც დღემდე მოვიდა და ჩააბაროს კარგ მდგომარეობაში მომავალ თაობას, და მეორე, დღეს რომ იქმნება იმას შეუწყოს ხელი. ჩვენ ეს მისიები უნდა შევასრულოთ.
- ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებში არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც დღემდე აქვს აფხაზებთან ურთიერთობა და ისინი მოდიან დიალოგზე მათთან. თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ. როგორ ფიქრობთ, ამან ხომ არ განაპირობა თქვენი კულტურის მინისტრობის კანდიდატად დასახელება და ხომ არ დაიწყება ურთიერთობის აღდგენა აფხაზებთან სწორედ კულტურით?
- ჩვენ გვქონდა მსგავსი პროექტები აქამდეც, რაც მიზნად ისახავდა აფხაზი და ქართველი ხალხის დამეგობრებას. იყო ინგლისური გრანტი, ასევ ამერიკული და ჩვენ გამოვეცით წიგნები, მათ შორის ქართველი და აფხაზი მწერლების ერთობლივი წიგნი. ამან ძალიან კარგი რეზონანსი გამოიწვია. გამოდის სამხრეთ კავკასიური ჟურნალები, რომლის რედაქტორადაც დღემდე ვითვლები. რასაც ქმნიან საინტერესოს აფხაზები, დღეს იბეჭდება რუსულ ენაზე. სამომავლოდ გვინდა ხელი შევაშველოთ ამ პროექტს რომ ქართულად იყოს შესაძლებელი აფხაზი მწერლების ნაწარმოებების წაკითხვა. ასევე გვაქვს სურვილი აფხაზურ ენაზე გამოვცეთ ქართველი მწერლების წიგნები, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ქართველი მწერლების ნაწარმოებების წაკითხვისა. კულტურა ყველა წინააღმდეგობაზე მაღლა დგას. ჩვენ გვინდა, რომ ქართულ-აფხაზურ-ოსური გამოფენა გავაკეთოთ მხატვრების და ავაგარდისტების. ამასაც გავაგრძელებთ აუცილებლად. კულტურის სამინისტროს მასშტაბური შესაძლებლობები აქვს, ამიტომ არ გამოვრიცხავ სხვადასხვა ანსამბლების ჩასვლას აფხაზეთში და კონცერტის გამართვას, ასევე ფესტივალების მოწყობას. გუშინ შოთა იათაშვილი მეუბნებოდა, ყველაფრის ფესტივალი გვაქვს და მოდი ლიტერატურის ფესტივალი გავაკეთოთო. ესეც უნდა გავაკეთოთ აუცილებლად და მოვიწვევთ აფზახებს. როცა გაიგებენ, რომ ცნობილი იტალიელი ან ინგლისელი მწერლები არიან ჩამოსულები, აუცლებლად ჩამოვლენ.
- ამ დრომე გაყოფილი იყო კულტურის სფერო. ძველი თაობა მივიწყებული იყო და წინა პლანზე შოუბიზნესის და კულტურის სფეროს ახალგაზრდა მოღვაწეები წამოვიდნენ. როგორ აპირებთ იმის დაბალანსებას, რომ კულტურის სფეროს ნებისმიერი თაობის წარმომადგენელი იყო სათანადოდ დაფასებული და ჰქონდეს შესაძლებლობა თავის საქმე აკეთოს?
- არასდროს არ განმეორდება კლანები და უპირატესობები ადამიანების მიმართ. ხშირად იყო კულტურის და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ასეთები. ამან უსამართლობის გრძნობა გააჩინა. იყო ეს პრობლემა ყოველთვის. იქნება მილიონი ლარი? გავუყოფთ ყველას, ვინც ნიჭიერი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა რა იდეოლოგიის ადამიანია და ვის აქებს და ვის აკრიტიკებს. ეს სხვა სფეროა და პოლიტიკური სიმპატია არ შეიძლება ხელოვანის საქმიანობაზე აისახოს. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გვინდა ურთიერთობის დალაგება და რა ღმერთი გაგვიწყრა, რომ შიგნით ასეთი მდგომარეობა გვაქვს? ეს უნდა დალაგდეს.
- სოციალურ ქსელებში ხუმრობით გაჩნდა კითხვა, თუ იქნებიან ახალი „სოფო ნიჟარაძეები“?
- ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა წარმოაჩინოს თავის თავი. პირობას გაძლევთ ახალი „სოფო ნიჟარაძეები“ არ გამოჩნდებიან. ჩვენ უნდა განვავითაროთ სამართლიანობის კულტურა, უნდა განვავითაროთ დიალოგის კულტურა, თორემ ბოლო პერიოდში ერთმანეთთან სასაუბროდ, კინაღამ გაერო დაგვჭირდა. რათ გვინდა სხვა, როცა ჩვენში ასეთი პოტენცია არსებობს? აფხაზებიც დაინახავენ შემდეგ, რომ ჩვენ კარგად ვსაუბრობთ ერთმანეთში და შეგვიძლია ვესუბროთ სხვასაც.
- „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ყოველთვის ჰქონდა ოპონენტებს პრეტენზია, რომ კულტურის სამინისტრო იყო პოლიტიზებული, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაში ხშირად იყო ჩართული ესა თუ ის წარმომადგენელი შოუბიზნესის. მოხდება თუ არა გამიჯვნა კულტურის სფეროსა და პოლიტიკის იმ დონეზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია?
- რა თქმა უნდა მოხდება პოლიტიკის და ჩვენი სამინისტროს გამიჯვნა, იმ დონეზე, რა დონეზეც ეს არის შესაძლებელი. ასეთი სამინისტროები იყვნენ პოლიტიზებულები დიდი იდეოლოგიების დროს, კომუნისტების, ფაშისტების და ა.შ. მაშინ ნებისმიერი სამინისტრო მორგებული იყო სისტემას ჩვენთანაც და სხვაგანაც. ახლა არ შეიძლება მსხგავსი რამ. როგორ შეიძლება გავმიჯნო ორი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერია? პარტიები დავიწყებას მიეცემიან და რჩება დიადი სახელები. ფიროსმანი რომ ყოფილიყო რომელიმე პარტიის წევრი, რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას? ჩვენთვის ხომ მთავარი მისი ნახატია? ასე გავაგრძელებთ სიარულს.
- ხშირად იმართებოდა კონცერტები ღია ცის ქვეშ, ბათუმში კი ძირითადად მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოდიოდნენ... გაგრძელდება ეს ტენდენცია?
- პირველ ყოვლისა ვაპირებთ, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. სად რა დაიხარჯება, ამის შესახებ უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ეს ფული არ არის არ ჩემი, არც რომელიმე კონკრეტული ადამიანის, ეს საქართველოს ფულია და ამიტომ ყველას უნდა მოხმარდეს. ჩვენ ვართ ერთი ოჯახი. ვთქვათ რომელიმე მომღერლის მოწვევა გვინდა და გვიჯდება გარკვეული თანხა. ეს უნდა გახდეს სახალხო მსჯელობის საგანი. თუკი მოიწონებს საზოგადოება ჩვენს ამ გადაწყვეტილებას, აუცილებლად განვახორციელებთ.
- რაც შეეხება რეგიონებს, იქ ფაქტობრივად არ არსებობს კულტურული ცხოვრება. იქნება თუ არა მსჯელობა ამ საკითხზე, რომ აღდგენს კულტურული ცენტრები რეგიონებში და დაეხმაროს სამინისტრო რაიონებში არსებულ თეატრებს?
- ამოქმედდება სოფლის მეურნეობის პროექტები რომელიც გლეხს დაეხმარება. ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია. ამის პარალელურად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვაცოცხლოთ ცხოვრება სოფლებში და რაიონებში. თბილისი სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს, ბათუმიც ასეა. მაგრამ სხვა ქალაქებში და რაიონებში ჩაბნელებული სოფლებია, ადრე აქრობენ სინათლეს და ადრე იძინებენ. ევროპულ სოფლებში რომ ვყოფილვარ, იქ ყველა სოფელს აქვ თავის გასათობი ცენტრი, ან კლუბი, სადაც თვითონ უკრავენ მუსიკას, ერთობიან და ახალგაზრდებისთვის არსებობს გართობის ასეთი საშუალება. თეატრი იქნება, ბიბლიოთეკა იქნება და შევეცდებით, რომ ჩვენი მუსიკოსების დახმარებით გამოვაცოცხლოთ სოფლები. არ შეიძლება საქართველო ერთ ადგილას კარგი ცხოვრებით ცხოვრობდეს და მახლობლად სოფელში ასეთი მდგომარეობა იყოს. ძალიან სევდიანია ჩვენი სოფლები და ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.