
პაატა შევარდნაძე ბიძინა ივანიშვილს მინისტრების შერჩევაში "ეხმარება"
13:41:33     15-10-2012
სათბობ–ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტი, არა მარტო ვაკანტური, კომიკურიცაა. შევარდნაძის დროინდელი დაბნელებული საქართველო სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ახსოვდეს.
იგი მაშინ პარიზში ცხოვრობდა. სამაგიეროდ, მას როგორც ეტყობა, ახსოვს და სულ ახსოვდა შევარდნაძეების კლანი. ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, საზოგადოებას ეგონა, ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ხელისუფლებაში მოსვლა. რეალურად, შევარდნაძის დაბრუნება ყოფილა მისი მიზანი.
სათბობ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მოიაზრო ორი კანდიდატურა და ორივე შევარდნაძის დროინდელი, კომიკურობის ელფერს ჰკარგავს და საზოგადოების მასხარად აგდებას ემსგავსება.
დავით მირცხულავა ან მამუკა ნიკოლაიშვილი. ორივე იმ პერიოდში იკავებდნენ ენეგრეტიკის მინისტრის პოსტს, როცა ქვეყანა სანთლებით ნათდებოდა. დავით მირცხულავას, როგორც ამბობენ, ეყო სინდისი რომ შეთავაზებაზე უარი ეთქვა.
რას აპირებს ნიკოლაიშვილი უცნობია. სავარაუდოდ, ის მინისტრობას დათანხმდება. საინტერესოა, რა პასუხი აქვს მას კითხვაზე, რატომ იყო შევარდნაძის დროინდელი საქართველო ბნელი? (ელექტროენერგიას ვგულისხმობთ).
მამუკა ნიკოლაიშვილი პაატა შევარდნაძის მეგობარია და მას, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამბროსოვიჩის შვილმა გაუწია რეკომენდაცია ივანიშვილთან. ნიკოლაიშვილი უკვე რვა წელია პარიზში ცხოვრობს. კითხვაზე, მისი მინისტრობის დროს, საქართველოში რატომ ბნელოდა, პასუხი გაცემულია...
იმიტომ ცხოვრობს ახლა პარიზში, ბიძინასავე დავესესხოთ და გამოვიყენოთ სიტყვა „ნებიერად“, რომ ჩაბნელებული ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი იყო ოდესღაც. აბა საქართველო რომ გაენათებინა, იმდენ ფულს როგორ იშოვიდა, პარიზში ეგრიალა?
მოკლედ, თუ ვინმეს გჯერათ, რომ წარსულში არ ვბრუნდებით, ნათურები აანთეთ და სამახსოვრო ფოტო გადაუღეთ. შევარდნაძის კლანი მოდის, რა იცით, რა მოხდება.