დიდმოწამენი - დავით და კონსტანტინე, არგვეთის მთავრები
10:53:55     15-10-2012
2 (ახალი სტილით 15) ოქტომბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმიდა დიდმოწამეთა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანტინეს ხსენების დღეს (+740).
მეშვიდე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მაშინდელ მსოფლიოს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს. არაბეთის ნახევარკუნძულზე შექმნილი ხალიფატი იზრდებოდა და იზრდებოდა და ცდილობდა თავისი რელიგია გაევრცელებინა ცეცხლითა და მახვილით. თან პოლიტიკურ-ეკონომიკური მეთოდებით, რაც ისევ სამხედრო ექსპანსიის გაგრძელება გახლდათ.
კავკასიაშიც შემოიჭრნენ არაბები. ქართველები გააფთრებული იბრძოდნენ თავისუფლებისა და ქრისტიანობისათვის და არა ერთი მარცხიც აწვნიეს დამპყრობლებს.
735 წელს არაბთა ხალიფამ თავისი ბიძაშვილი მურვანი (შემდეგში უკანაკნელი ხალიფა ომაიანთა დინასტიიდან - მურვან მეორე ანუ მურვან იბნ მუჰამედ იბნ მურვანი) დანიშნა სამხრეთ კავკასიის მმართველად.
ის განსაკუთრებული სისასტიკით იყო ცნობილი. ქართველებმა მურვან ყრუ შეარქვეს, სომხებმა მურვან ბრმა. თავად არაბები კი ჯიუტი და უხიაგი ხასიათისათვის მურვან ჯორს ეძახდნენ...
მურვან ჯორი ცდილობდა დაემორჩილებინა ქართველები. ამ მიზნით რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოში.
წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეები იყვნენ არგვეთის მთავრები, „სანახებისაგან არგვეთისა, დიდნი და დიდებულნი ტომებით და მთავარნი ამის ქვეყანისანი“. ისინი მართლმორწმუნე ქრისტიანები და კარგი სარდლები იყვნენ. „ხოლო იყვნეს წმიდანი ესე ქალწულ ჴორცითა და მეცნიერ ძუელისა და ახლისა სჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა. რამეთუ იყო დავით უხუცეს დღითა, ჰაეროან და სპეტაკ ჴორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გუამითა და ჴშირ წუერითა. ხოლო კოსტანტი შუენიერ გუამითა და მოწაბლე თმითა და წუერ გამო, და ორნივე სავსე სულითა წმიდითა.
ხოლო ვითარცა ესმა წმიდათა ამათ მოსლვაჲ წარმართთაჲ ქუეყანასა ამას სამცხით, შეიმოსეს ძალი ღმრთისაჲ, ვითარცა ჯაჭუ-ჭური, და შეკრიბეს ლაშქარი ამის ქუეყანისაჲ და ხადოდეს სახელსა ღმრთისასა და განაძლიერებდეს ერსა მორწმუნეთასა ლოცვითა და ღამის თევითა. ხოლო აღიძრნეს რაჲ წარმართნი სამცხით და წარმოემართნეს ქუეყანად არგუეთად და წინამსრბოლნი და რჩეულნი წარმოვიდეს, მაშინ წმიდანი ესე იყვნეს შეკრებილ და ფრთხილ და გალობდეს გალობასა დავითისასა, რომელ თქუა რაჟამს-იგი ეწყუებოდა გოლიათს. ხოლო იხილნეს რაჲ წარმართთა წმიდანი ესე, აღიზახეს ვითარცა მჴეცთა და მოემართნეს“.
არგვეთელების მცირერიცხოვანმა სამხედრო ძალამ დაამარცხა მრისხანე მურვან ყრუს მარბიელი ლაშქარი. განრისხდა მურვან ჯორი და „და შეუზახა ყოველსავე სიმრავლესა წარმართთასა და წარმოემართნეს, ვითარცა ქჳშაჲ სიმრავლითა, და მოვიდეს ქუეყანად. არგუეთისა და შეიცვეს ტყე და ველი და მთანი და ბორცუნი.“
არგვეთელნი დამარცხდნენ. მთავრები ტყვედ აიყვანეს ურჯულოებმა. „ბილწმა ყრუმ“, როგორც მას უწოდებს „დავით და კონსტანტინეს წამების“ უცნობი ავტორი, გადაწყვიტა ეჩვენებინა ტყვეთათვის თავისი განსაკუთრებულობა, ჯერ აგდებულად „ქვათა და ძელთა მსახური“ უწოდა ქართველებს, მერე კი იტრაბახა, დიდი მოციქულის მუჰამედის დის შთამომავალი ვარო, და ჩვენ გვმონებს არაბეთი, სპარსეთი, დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე ყველა ქვეყანაო.
ქართველმა წმინდანებმა მშვიდად უპასუხეს: „სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არს ჩუენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაჲ შენი და ადრე განქარდების, რამეთუ არა ღირსებისა შენისათჳს იქმნა ძლევაჲ შენი ჩუენ ზედა, არამედ ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელ გარდავჴედით მცნებათა ღმრთისათა, იქმნა მრავლობაჲ თქუენი ჩუენ ზედა, რათა გუწუართნეს ღმერთმან ჴელითა თქუენ უსჯულოთა და უღმთოჲთა“.
მურვან ჯორი განარისხა ამ პასუხმა და წმინდა დავითისა და კონსტანტინეს წამება ბრძანა. წამებამ ვერ გამოიღო ნაყოფი. ქართველი წმინდანები ვერ გატეხეს.
მაშინ ბილწმა მურვან ჯორმა ტკბილი სიტყვით სცადა მათი დათანხმება ეღიარებინათ მუჰამედის რჯული და შეპირდა მათ არაბული სამყაროს წარჩინებულობა. დავითს სარდლობას სთავაზობდა, კონსტანტინეს კი მის პირად კარისკაცობას, სასახლეში განცხრომით ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ქართველი წმინდანებისათვის არაბულ-მაჰმადიანური წარჩინებულობა რა საკადრისი იქნებოდა.
დავითმა უპასუხა: „ჵ მძლავრო ბოროტო, რათამცა დაუტევეთ ნათელი და შეუდეგით ბნელსა! რამეთუ ღმერთმან ჩუენმან მოგჳწოდნა ჩუენ ნათელსა მისსა, რაჟამს ძე თჳსი სიტყუაჲ და თანასწორი მისი მოავლინა ქუეყანად და კაც იქმნა ჩუენთჳს და ყოველივე განგებულებაჲ თავს იდვა: ჯუარცუმაჲ, დაფლვაჲ და აღდგომაჲ, და კუალად ამაღლდა მამისა, და იგივე მოსლვად არს განსჯად ცხოველთა და მკუდართა. ხოლო წარავლინნა მოწაფენი თჳსნი ყოველსა ქუეყანასა ქადაგებად სახელისა მისისა და მოქცევად კერპთა მონებისაგან. ხოლო მოიწინეს ორნი თავთა მოწაფეთა მისთაგანნი ქუეყანასა ჩუენსა და უქადაგეს მოსლვაჲ ქრისტესი ქუეყანად და მოაქცინეს კერპთა მონებისაგან. და ჩუენ მათ მიერ განსწავლულ და განათლებულ ვართ და არა ვჰმონებთ სხუასა სჯულსა ცუდსა და მოპოვნებულსა, არამედ მზა ვართ სახელისათჳს ქრისტესისა ყოველსავე გუემასა და ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა და მახჳლსა და სიკუდილსა. ესე არს სარწმუნოებაჲ ჩუენი, ჭეშმარიტი ქრისტეანობაჲ, ისმინეთ ყოველმან გუნდმან სპარსთა და არაბთამან”.
მეტიც, ძმებმა სცადეს კიდეც გაეგებინებინათ ყრუ მურვანისათვის მისი სარწმუნოების მცდარობა. დავითმა უთხრა მურვან ჯორს: „წიგნი თქუენი, რომელ არს კურანი, არა სარწმუნოდ გიპყრიეს თქუენ, რამეთუ წერილ არს კურანსა თქუენსა თქუენთჳს, ვითარმედ, რაჟამს სცთეთ ქრისტეს სახარებასა ისეს წიგნსა, რომელ მისცა თჳსთა მოწაფეთა, მის წიგნისაგან ისწავეთ. ესე ალი მუჰმადის გულითადმან მოწაფემან დაგიწერა თქუენ, არამედ თქუენ უგულისხმონი ხართ და არა იცით წიგნისაჲ და არცა ძალი ღმრთისაჲ, რამეთუ მუჰმად დაღაცათუ ცეცხლის-მსახურებისაგან მოგაქცინა, არამედ ღმერთსა ვერ შეგამეცნიერნა, მსგავსად ნავ-დანთქმულისა მის, რომელ დაღაცათუ გულსა ზღვისასა არა დაინთქას, არამედ ზღჳს პირსა მიწევნილი დაინთქას, არად სარგებელ არს, ვინაჲთგან ჴმელად ვერ მიიწია. ეგრეთვე თქუენ, ვინაჲთგან ქრისტე ძე ღმრთისაჲ, რომელსა წინაჲსწარმეტყუელნი პირველითგან იტყოდეს მოსლვასა მისსა, და მამათ-მთავარნი ქადაგებდეს, იგი ვერ იცნა მუჰმად და არცა თქუენ შეგამეცნიერნა, წარსწყმდით და ცთომილებასა შინა ხართ დიდსა უგულისჴმოებითა თქუენითა”.
გაწბილებული და და გამწარებული დარჩა ბილწი მურვან ყრუ, ვერც გატეხა და ვერც მოქრთამა ქართველი წმინდანები. კიდევ დიდხანს და სასტიკად ტანჯეს დავით და კონსტანტინე, მაგრამ ქრისტეს ერთგულებისათვის დაითმინეს წმინდანებმა ყოველივე.
განრისხებული მურვან ჯორის ბრძანებით ქართველ წმინდანებს ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარე რიონში ჩაყარეს.
მალე ეწიათ ურჯულოებს ღვთის რისხვა. გაწვიმდა და სეტყვა დაატყდათ თავს არაბების ლაშქარს. ადიდებულმა მდინარე აბაშამ წაიღო და დაახრჩო აბას-არაბთა უამრავი მებრძოლი. ხოლო მდინარე ცხენისწყალმა კი ოთხი ათასამდე ცხენი მოსტაცა დამპყრობლებს და დაუხრჩო. იმ ამბების მერე ეწოდა ამ მდინარეებს აბაშა და ცხენისწყალი, როგორც გვამცნობს უცნობი ქართველი მწერალი, ავტორი „დავით და კონსტანტინეს წამებისა“.
ამით არ დასრულებული რისხვა უფლისა. რამდენიმე წელიწადში, 744 წელს, მურვან ყრუ ჯორმა ხალიფას ტახტი დაიკავა. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა მისი მბრძანებლობა. ჯერ ირანში შიიტები აუჯანყდნენ. მერე მესოპოტამიაში, ტიგროსის შენაკადის, მდინარე ზაბის ნაპირებთან მისი არმია სასტიკად დაამარცხეს მუჰამედის ბიძაშვილის, აბდალა იბნ აბასის შთამომავალის აბუ-ალ-აბასის მეომრებმა. ამ ომში პრაქტიკულად გაწყდა მთელი საგვარეულო ომაიანებისა (ომაიდების). სამასი ომაიდი დახოცეს აბასიდების მეომრებმა. მალე მურვან ყრუს გაქცეული ვაჟიც მოკლეს.
აბუ-ალ-აბასი ხალიფას ტახტზე ავიდა. მურვან ჯორი კი გაიქცა. მაგრამ შეიპყრეს ეგვიპტეში და 750 წლის 6 აგვისტოს ჩააძაღლეს.
სხვათა შორის, მაშინ განმეორდა საქართველოს სხვა, უფრო ადრინდელი დიდი მტრის, პომპეუსის ისტორია. ისიც რომიდან ეგვიპტეში გაქცეული ჩააძაღლეს, ძვ. წ. 48 წლის 28 სექტემბერს.
წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების წამების ადგილას მრავალი სასწაული აღსრულდა.
წმინდა დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავრები იყვნენ ჩვენი შემწენი საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში!
ტროპარი:
მოწამეთა შენთა, უფალო, დავით კონსტანტინეს თანა ღუაწლთა შინა თჳსსა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისა, შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენმიერი ძალი და მძლავრი დაამჴუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი:
ვარდნო შუენიერნო ზეცისა მტილისანო, რომელნი ფშჳთ სულნნელებასა ყოველთა კიდეთა, და კურნებასა აღმოუდინებთ სურვილით მედღესასწაულეთა თქუენთა, დავით უძლეველობითა გჳრგჳნოსანო, და კონსტანტინე ჭურო სიმჴნისაო, მაქებელთა თქუენთა სამმღელვარენი განსაცდელნი გარე-წარხადენით, და ოხითა თქუენითა მომადლეთ მშჳდობაჲ სულთა ჩუენთა.