წმინდა მირიან მეფის ეროვნება „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით
10:52:05     15-10-2012
ნაწილი I
1 (ახალი სტილით 14) ოქტომბერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მცხეთობა-სვეტიცხოვლობას, საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე სვეტის დღესასწაულს და წმინდა მოციქულთასწორთა მირიან მეფისა და ნანა დედოფლის, აგრეთვე წმინდა სიდონიასა და აბითარ მღვდლის ხსენების დღეს.
წმინდა სიდონიაზე და აბითარ მღვდელზე სხვა დროს ვისაუბროთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ორი წმინდა სიდონია გვყავს, პირველი სიდონია, არის ის ნეტარი, რომელიც საუფლო კვართთან ერთად დაკრძალეს. ის ერთ-ერთი პირველი წმინდანია ქრონოლოგიურად ქრისტიანულ სამყაროში, თავის დედასთან ერთად. მეორე სიდონია კი იყო წმინდა ნინოს მოწაფე.
დღეს გვინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრო.
საზოგადოებაში რატომღაც გაბატონებულია აზრი, რომ ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე, მირიან III, იყო ირანის სასანიდი (სასანიანი) შაჰის შვილი, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ერისთავებმა მოიყვანეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე ასფაგურის ასულის, აბეშურას ქმრად და გაამეფეს ქართლში. ვინაიდან სხვა მამრობითი მემკვიდრე ქართულ ტახტს აღარ ჰყავდა.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ირანის შაჰმა, ქასრე ანუშარვანმა შეიწყნარა ქართველი დიდებულების თხოვნა და მისცა მეფედ ქართველებს თავისი ძე, თუმცა მოლაპარაკების მიხედვით, ახალ მეფეს უნდა ეღიარებინა ქართული სარწმუნოება და მისი გამეფება არ უნდა ყოფილიყო საფუძველი სპარსთა მიერ ქართლის დაკავებისა.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მირიან მეფემ შეიტკბო ქართული ენა, იწამა ქართული სარწმუნოება და სპარსულზე უარი თქვა.
მირიანი როცა თხუთმეტი წლის გახდა, მოუკვდა ცოლი, ასული ქართველი მეფისა, აბეშურა და ასე დამთავრდა ქართლში ფარნავაზიანთა მეფობა და დედოფლობა. „ხოლო იქმნა რა მირიან თხუთმეტისა წლისა, მოუკუდა ცოლი, ასული ქართველთა მეფისა, და ამას ზედა დაესრულა ქართლს შინა მეფობა და დედოფლობა ფარნავაზიანთა მეფეთა. მაშინ შეწუხდეს ყოველნი ქართველნი სიკუდილსა ზედა დედოფლისა მათისასა, არამედ დაადგრეს ერთგულებასა ზედა მირიანისსა, რამეთუ არღარა ვინ იყო ყოვლად-ვე ნათესავი ფარნავაზიანთა, რომელი-ცა ღირს იყო მეფობასა ქართველთასა. და ესრეთ შეიტკბეს ამის მიზეზისათჳს მეფობა მირიანისი“.
ამის მერე მირიანმა მოიყვანა მეორე ცოლი, საბერძნეთიდან, პონტოდან, ასული ოლიღოტოსისი, სახელად ნანა - ჩვენი პირველი ქრისტიანი დედოფალი.
ეს ვერსია ჩვენი პირველი მეფის ეროვნების ანუ სპარსელობის შესახებ დიდი ხანია ეჭვის ქვეშ დგას ქართველ ისტორიკოსებს შორის. სპარსული წყაროებით არ დასტურდება სპარსი უფლისწულის ქართლში გამეფების ფაქტი. შესაძლოა ეს თვალსაზრისი, ეს ვერსია შექმნილი იყოს მეფეთა განსხვავებულობის, დიდი სამეფო ოჯახიდან წარმომავლობის დამამტკიცებელი იდეოლოგიის გასატარებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ვერსიას არ იზიარებენ ისტორიკოსები, ეს თვალსაზრისი მაინც გაბატონებულია ქართულ საზოგადოებაში.
ხშირად გაიგონებთ, „მირიანი სპარსი იყო, მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებდაო“ და სხვა. სავსებით შესაძლებელია ვინმე იყოს სპარსელი და ემსახურებოდეს საქართველოს, ქართულ საქმეს. იქნებ, დოკუმენტურად, გადაჭრით ოდესმე დამტკიცდეს ჩვენი სათაყვანებელი წმინდა მეფის, მირიან მესამის სპარსული წარმომავლობა, ეს არავითარ ჩრდილს არ მიაყენებს მას ჩვენს თვალში, არავითარ შემთხვევაში. იქნებ პირიქითაც, სამაგალითო იყოს მისი სამსახური ქართული საქმისადმი, ისევე როგორც აბო ტფილელისა...
თუმცა, ვიმეორებ ეს ვერსია არ არის გაზიარებული ქართული ისტორიოგრაფიის მიერ, მაგრამ საზოგადოებაში მაინც გაბატონებულია...
ამ დროს არსებობს სხვა წყაროც მირიან მეფის ეროვნების, წარმომავლობის შესახებ. ეს გახლავთ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. ამ ძეგლის მიხედვით მირიან მეფე არის ქართლის მეფის - ლევის ძე. და არა სპარსეთის მეფის ვაჟი. ქართლის მეფეებს კი „ქართლის ცხოვრებაც“ და სხვა წყაროებიც ფარნავაზიანებს უწოდებს. ფარნავაზიანები კი ქართველები იყვნენ. მეორე წერილში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ფარნავაზიანებზე.
წმინდა ნინოს ქართლში შემობრძანების დღის აღსანიშნავ პუბლიკაციაში - ”მოქცევაი ქართლისაი" წმინდა ნინოს შესახებ“ ვწერდი და ახლაც უნდა გავიმეორო:
„მოქცევაი ქართლისაი" ქართული ისტორიოგრაფიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. გარდა ამისა, ეს არის ძველი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი. ეს ნაწარმოები "შედგება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პირთა მიერ შეთხზული, ზეპირი თუ წერილობითი გზით მოღწეული ისტორიული, ლეგენდური და ლიტერატურული ეპიზოდებისგან... ფაქტიურად IX საუკუნე ამ ეპიზოდთა ლიტერატურული გამთლიანების თარიღია, ცალკეული მონაკვეთები კი გაცილებით ადრე ჩანს შეთხზული. მაგალითად, საკმაოდაა გავრცელებული აზრი, რომ თხზულების პირველი ნაწილი VII საუკუნეზე გვიან არ უნდა იყოს შედგენილი და მის ავტორს უფრო ძველი წყაროებითაც უნდა ესარგებლა." ("ქართული მწერლობა", ლექსიკონი-ცნობარი, წიგნი I, გვ. 173, თბილისი 1984).
მეტიც, ქართულ მეცნიერებაში "გამოთქმული ვარაუდი იმის შესახებ, რომ VII ს. შუა ხანები "მოქცევაი ქართლისაის" შექმნის კი არა, არამედ მისი ერთ-ერთი რედაქტირების დროა, მტკიცე საფუძველს იძენს: V საუკუნის მიწურულისათვის აღნიშნული ძეგლის არსებობა ფაქტია" (ჩხარტიშვილი მ. ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები / "ცხორებაი წმიდისა ნინოისი", თბილისი 1987 წ.).
მოკლედ, "მოქცევაჲ ქართლისაჲ" ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურული ძეგლია ჩვენი. გაცილებით უფრო ძველი, ვიდრე „ქართლის ცხოვრება“. ხომ შესაძლებელია, იქ მოცემული ვერსია უფრო სწორი იყოს?
მცხეთობა-სვეტიცხოვლობისა და წმინდა მირიან მეფისა და ნანა დედოფლის ხსენების დღის აღსანიშნავად ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ ნაწყვეტი „მოქცევაჲ ქართლისაჲდან“, სადაც მირიან მეფის მამა, მეფე ლევია ნახსენები და მოთხრობილია ქართლის გაქრისტიანებისა და უფლის კვართის შესახებ.
გაგრძელება იქნება
მოქცევაჲ ქართლისაჲ
(ნაწყვეტი)
ა~. და ესე იყო პირველიმეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მოკუდა.
ბ~. და შემდგომად მისადადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[რ]სა ზედა, და დასდვა სახელი მისიარმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ.
გ~. და შემდგომად მისადადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აჲნინა გზასა ზედა. და იწყო არმაზსშჱნებად.
დ~. და მისა შემდგომადმეფობდა მირვან. და აღმართა დანინა გზასა ზედა წინარე და აღაშენა არმაზი.
ე~. და მეფობდა ფარნაჯობ დააღმართა კერპი ზადენ მთასა ზედა. და აღაშენა [ციხჱ].
ვ~. და მეფობდა არს(ოკ)[და] ქალაქსა ზღუდენი მოაქმნნა.
ზ~. და მეფობდა არიკ,რომელმან შიდაციხე აღაშენა არმაზსა.
ჱ~. და მეფობდა ბრატმან,რომელსა ზე მცხეთას ქალაქი დაეწყო.
თ~. და მეფობდა მირეან. დამან აღაშენა მცხეთაჲ ქალაქი.
ი~. და მეფობდა არსუკ,რომელმან კასპი შეიპყრა და უფლის-ციხე განაგო.
ია~. და მეფობდა როკ,რომელმან რაჲთურთით მცხეთაჲ გაიშორა. და მეფობაჲ ორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდესიმიერ და ამიერ.
იბ~. და მეფობდა ქარძამარმაზს და მცხეთას -- ბრატმან. და ამათთა ჟამთა ჰურიანი მოვიდეს მცხეთას დადასხდეს.
იგ~. და მეფობდა იმიერფარსმან და ამიერ კაოზ.
იდ~. და მეფობდა იმიერარსოკ და ამიერ -- ამაზაერ.
იე~. და მეფობდა იმიერამაზასპ და ამიერ -- დერუკ.
ივ~. და მეფობდა იმიერფარსმან ქველი და ამიერ -- ფარსმან ავაზ.
იზ~. და მეფობდა იმიერ როკდა ამიერ -- მირდატ. და ამისა ზე მოაკლდა არმაზი სამეუფოჲ და მცხეთას ოდენ იყომეფობაჲ.
იჱ~. და მეფობდა ღადამი დადღე კ~.
ით~. და ფარსმან,
კ~. და ამაზასპ,
კა~. და რევ მართალი.
კბ~. ვაჩე .
კგ~. ბაკურ.
კდ~. მირდატ.
კე~. ასფაგურ.
კვ~. ლევ. მამაჲ მირეანისი.
კზ~. [მირეან]
ესე ოცდარვანი მეფენი ქართლს შინა წარმართნი.
და იყო დღეთა კოსტანტინე მეფისათა, ქრისტეს აღმაღლებითგან სამას და მეათესა წელსა, იყო ღუაწლი ბრძოლისაჲ მტერთაგან და ფრიად ერეოდეს მეფესა კოსტანტინეს, ძესა კოსტაჲსსა. და გულ-გდებულიყო ურვათაგან კოსტანტი კეისარი.
იყო ვინმე კაცი ეფესელი და წარმოთქუა წინაშე მეფისა, ვითარმედ: "ქრისტეანენი იგი ჰრომნი და ყოველნი ჰინდონი და ვის-ცა ვის აქუს შჯული იგი ახალი ქრისტეს წმიდისაჲ, ძელითა ჯუარისაჲთა და მისითა სასოვებითა სძლევენ მტერთა ძლიერად".
მას ჟამსა აღიძრა მეფჱ გუნდებითა, და წარავლინა მოყვანებად ებისკოპოსთა იერუსალჱმით, ანტიოქიაჲთ, ჰრომით და ალექსანდრიაჲთ და ნათელ-იღო მან თავადმან და დედამან მისმან ბანაკითურთ.
მით ჟამითგან მეათესა წელსა წარვიდა ჰელენე იერუსალჱმდ ძიებად პატიოსნისა ჯუარისა. და მეათოთხმეტესა წელსა ივლტოდა დედაკაცი ვინმე მეფეთა ევადაგი, სახელით რიფსიმე, რომლისა-მე მიზეზისათჳს დედა-მძუძითურთ.
და იყო მის თანა ტყუე ერთი დედაკაცი შუენიერი, სახელით ნინო, რომლისა საქმჱ მისი გამოიძია ჰელენე დედოფალმან.და იყო იგი ჰრომი მთავარი, და თჳთ მოევლო გზაჲ თჳსი და ექმნნეს კურნებანი. და მოწევნულ იყო საბერძნეთა და ჰმოძღურიდა მთავარსა მას რიფსიმეს.
და ვითარცა წარმოივლტოდა რი[ფ]სიმე ზღუად, გაჲ[ა]ნე და ნინო და სხუანი ვინმე მათ თანა გამოვიდეს არეთა სომხით[ი]სათა, საყოფელსა თრდატ მეფისასა. და იგინი იმარტჳლნეს მუნ.
ხოლო ნინო დაშთა და წარმოემართა მთათა კერძო ჩრდილოჲსათა და მოვიდა მდინარესა მტკუარსა, მოჰყვა დამოვიდა მცხეთად, ქალაქსა დიდსა მეფეთა საჯდომელსა. და იყო სამ წელ ეგრეთ. ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყულისაჲითა.
და შექმნა სახჱ ჯუარისაჲ,ნასხლევისაჲ და მუნ დაადგრა და ილოცვიდა. და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან. ხოლო მან მაყუალთა ადგილი არს ზემოჲსა ეკლესიისა საკურთხევლისა ადგილი. [დ]ა მეოთხესა წელსა იწყო თქუმად ქრისტე ღმერთი და შჯული: "და [მე] ვპოვე ცთომასა შინა ჩრდილოჲსა ესე ქუეყანაჲ". და მეექუსესა წელსა არწმუნა [ცოლსა] მეფისასა ნანას სენსა შინა მისსა და მეშჳდესა წელსა მეფესა არწმუნა სა[ს]წაულითა ქრისტესმიერითა. და მსწრაფლ აღაშენა ეკლესიაჲ ქუემო[ჲ] სამოთხესა შინა. და სუეტი იგი იყო ძელისაჲ,რომელი თჳთ აღემართა.
და ვითარცა აღაშენეს ეკლესიაჲ, წარავლინა მოციქული და წიგნი ნინოჲსი საბერძნეთა, მეფისა კოსტანტინესა თხოვად მღდელთა. ხოლო იგინი მწრაფლ მიიწინეს.
და მოსცა მეფემან იოვანე ეპისკოპოსი და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი და წიგნი ელენე დედოფლისაჲ და ხატი მაცხოვრისაჲ და ძელი ცხორებისაჲ ნინოჲსთჳს.
და ვითარცა მოვიდეს, ნათელი მოიღო მირეან მეფემან და დედოფალმან და ყოველმან სახლმან მათმან. ითხოვეს ხჱ,რაჲთა შექმნან ჯუარი. და ძიება ყვეს ხუროთა, და პოვეს ხე ერთი, მდგომარე ბორც[უ]სა ზედა კლდისასა, რომელსა ფურცელი მისი არაოდეს დასცჳოდა. და სულ ჰამოჲ იყო ხე იგი და შუენიერი ფრიად, ვითარცა მადლითა ქრისტე შემოსილი. და ადგილი იგი ბორცჳ შეუვალი იყო კლდისაგან. და უთხრეს მეფესა და ეპისკოპოსსა. ხოლო მეფემან წარგზავნა ძე თჳსი რევ და მთავ[ა]რ-დიაკ[ო]ნი, იხილეს შუენიერად დგომაჲ ხისაჲ მის. ხოლო ფურცლოოდა ჟამთა არისათა. და იტყოდა მთავარდიაკონი იგი მუჴლსა დავითისსა, ვითარმედ:"ესე ხე არს დანერგული თანა წარს[ა]ვ[ა]ლსა კლდის[ა]სა ზეგარდამო[ჲ]თაცუარითა მორწყული და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ უკუნისამდე".
და უბრძანა ხუროთა მოკუეთაჲხისაჲ მის. და შექმნეს სახე პატიოსნისა ჯუარისა, ვითარცა ასწავა მთავ[ა]რ-დიაკონმან, სამ გუამად შექმნნეს ხისა მის ტანის[ა]გან სამნი ჯუარნი და აღმართნეს მცხეთას, (ვითარცა სწერია მცირესა მას მოკლედ აღწერილსა მას წიგნსა ქართლისა მოქცევის[ა]სა, გრიგ[ო]ლი დიაკონისა მიერ აღწერილსა. და ერთი ჯუარი აღმართა მირიან მეფემან მთასა ზედა მაღნარის[ა]სა, რომელსა ჰ[რ]ქჳან თხოთისა, და ერთი-იგი -- მახლობელად პატიოსნისა ჯუარისა-ვე.
და წარავლინნა მირიან მეფემან და ითხოვნა საბერძნეთით ქვისა მთლელნი და კირით ხურონი. და მოსცნა მეფემან და წარმოვიდეს ერუშეთს. და დადვეს საძირკუელი ეკლესიისა[ჲ]. და დაუტევეს ფერჴთა ფიცარნი მაცხოვრისანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი და წარმოვიდეს მანგლისს და დადვეს საძირკუელი ეკლესიისა და დაუტევნეს სამსჭუალნი და ესრეთ მოვიდეს მცხეთად.
და იწყო მეფემან შენებად ქვითა ეკლესიასა გარეუბნისასა. და ვითარცა ცნა მეფემან, რამეთუ დადვეს საძირკუელი პირველ ერუშეთს და მანგლისსა და დაუტივნეს მუნ სასურვ[ე]ლნი იგი ფიც[ა][ვ]რნი და სამსჭუალნი, აღივსო ურვითა და დააყენა საქმე მოსწრაფებისა, ვიდრე არა ისწ[ა]ვა მთავარ ებისკოპოსისაგ[ა]ნ, ვითარმედ: „შენ თანა არს ამ[ა]ს ქალაქსა შინა სამოს[ე]ლი ქრისტესი ყოლად ზეგარდ[ა]მო ქსოვილი, რომელი ჯუარის მცუმელთა მათგანიყვეს, და კუართი იგი ამათ იხუედრეს, ჩრდილოსა ამ[ა]ს ქალაქსა შინა დაფარეს, და აწ შვილნი მათნი არიან, ვინ უწყის, თუ ადგილი-ცა იცოდენ. ხოლო ჟამი მისი მერმე არს, ოდეს გამოჩნდეს დიდებით ქუეყანასა ზედა. ეგრ[ე]თვე ხალენი ელია[ჲ]სი აქ-ვედამარხულ არს“.
და აღივსო სიხარულითა მეფე“ …