მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღისადმი

  11:36:06     13-10-2012

კერპთაყვანისმცემელთა ქვეყანაში, მუდამ „მამის“ მაძიებელთა საზოგადოებაში, განსაკუთრებით სასიამოვნოა, გაიხსენო, რომ გვყავდა ნამდვილი ლიდერები, შექმნილნი არა რაიმე ვითარებით, არამედ ღმერთის მიერ ამორჩეულნი ამისათვის. ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ვიცნობდი ისეთ დიდებულ ადამიანს, როგორიც მერაბ კოსტავა იყო. უდიდესი სულიერი და ინტელექტუალური განვითარების პიროვნება თავად ძალიან თავმდაბალი გახლდათ. მისაბაძი მაგალითი ქრისტიანობისა და რაინდობისა. 

მე ვიტყოდი, უახლესი პერიოდის საქართველოს ნგრევა დაიწყო 1989 წლის 13 ოქტომბერს. იმ დღეს, გახსოვთ, გარდაიცვალა მერაბ კოსტავა - ეროვნული მოძრაობის ორი უმთავრეს ლიდერთაგან ერთ-ერთი... დიდი გმირი, „ავთანდილი“, როგორც მის ლექსშია... 

ბევრი საუბრობს მის მკვლელობაზე. მართლაც, ბოროტების უკანასკნელ იმპერიას შეეძლო რამდენიმე სხვა ადამიანის გაწირვაც, ოღონდ მერაბი მოეშორებინათ... ძნელია ფაქტებით ამტკიცო მისი მკვლელობის ვერსია, რომელიც, მართლაც, ბევრ ეჭვს აღძრავს... 

მისი მოკვლა რომ ნამდვილად უნდოდათ საქართველოს მტრებს, ეს ჭეშმარიტებაა... 

იმ ავადსახსენებელ დღეს შეკრებილი ვიყავით უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში და რაღაც საკითხზე ვმსჯელობდით, სტუდენტები, სტუმრები. კრება მე მიმყავდა. ამ დროს ვიღაც, არ მახსოვს ვინ, თუმცა ნაცნობი და ახლობელი, რომელსაც ვენდობოდი, ამოვიდა სცენაზე, მომიახლოვდა და მითხრა, მერაბ კოსტავა ავტოავარიაში მოხვდა და ჩვენი ინფორმაციით დაიღუპაო... 

კინაღამ დავეცი. დღესაც მახსოვს ის მწარე განცდა, მეხის დაცემასავით მოულოდნელი და გამაოგნებელი. კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე. დარბაზში ყველა მიხვდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა... 

მერე მიკროფონით გამოვაცხადე ეს ამბავი.

ვაი - ერთიანად ამოიგმინა ათეულობით თუ ასეულობით კაცმა... 

როცა მერაბ კოსტავას უყურებდი კაცი, მუდამ ღარიბს და სადას, მუდამ შემართულს და მეომარს, რიხიანს და ფაქიზს, მუდამ შემნდობსა და ამაღლებულს, გეგონებოდა რომ შეცდომით დაიბადა მეოცე საუკუნეში. ის და ზვიადი. ან საგანგებოდ, რომ ღმერთს ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ რაინდობა ყოველი საუკუნისთვის დამახასიათებელია, რომ ყველა საუკუნეში შიძლება რაინდივით იცხოვროს კაცმა. რომ ყოველ საუკუნეში შეიძლება იცხოვროს ადამიანმა ნამდვილად უმწიკვლოდ. 

როცა საქართველოს მტრებმა ჩვენი დაღუპვა კვლავ მოისურვეს, მეგობრებს შორის შუღლის ჩამოგდება გადაწყვიტეს, მაგრამ "ავთანდილსა" და "ტარიელს" როგორ დააპირისპირებდნენ ერთმანეთთან. მერე სხვაგვარად "დააშორეს", მერაბი მოუკლეს მეგობარს... მერე კი მერაბის მეგობარიც მოკლეს. 

საოცარია, თითქოს, და არც არის საოცარი. საქართველოს ყველა ლიდერი სიტყვის ოსტატიც იყო. თუ გიჭრის კალამი და ქართული სიტყვის მადლს ფლობ, ეროვნული მოძრაობის ავანგარდშიც შეგიძლია ჩადგე. 

მერაბ კოსტავა არ არის მხოლოდ ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი თუ საქართველოს სინდისი. ის შესანიშნავი პოეტიც გახლავთ, "დაუშრეტელი ოქროპირი".

შესანიშნავად ფლობს ლექსიკას, ორიგინალურად აყალიბებს ფრაზას, მშვენივრად ჩამოქნის რითმას, ემოციურად გადმოგცემს შინაარსს და ძალიან თბილად გხვევს სამშობლოსა თუ უფლის სიყვარულში, მერე კი მისი პოეზიით აღტაცებული შენც მოისურვებ გახდე გმირი ან "საიდუმლოდ ათონის მთიდან თორნიკესავით დაბრუნებული"... 

მერაბ კოსტავას ლექსები სკოლაში უნდა ასწავლონ ბავშვებს. ჩვენ ისედაც შესანიშნავი პოეზია გვაქვს, ამ მხრივ ძალიან მდიდრები ვართ, მაგრამ, მერაბმა კიდევ უფრო გაამდიდრა ჩვენი პოეზია“ 

წინამდებარე ლექსში, რომელსაც დღეს ვთავაზობთ პრესა.გე-ს მკითხველს, მერაბი კარგად გვაჩვენებს რა არის სული, რა შეუძლია უკვდავ სულს, თუ ის ბოროტს განუდგება - ხუნდებისა და ბორკილთა მკვნეტელი, მსხვრეველი შეიქმნება. 

მერაბი თვითონ იყო ხუნდებისა და ბორკილთა მსხვრეველი. მან გადააბიჯა ყველა განსაცდელს. მერაბმა მართლაც უმწიკვლოდ გაატარა ცხოვრება და ის სამუდამოდ დამკვიდრდა თავისი უფლის გვედით, რომელიც უწრფელესი სიყვარულით უყვარდა. მისი მეორე და უმთავრესი ამქვეყნიური სიყვარული, ჩვენი სამშობლო მუდამ მერაბის ცხოვრებით იქნება აღფრთოვანებული. 

საქართველოში ვერაფერი განაქარვებს მერაბ კოსტავას ხსოვნას! 

* * * 

ვერაფერმა განაქარვოს

ხსოვნა გარდასულისა,

საიქიოც, სააქაოც

სუნთქვა არის სულისა.

თუ გგონიათ დამაბერონ

წუთისოფლის ვალებმა,

ან როდესმა დავიჯერო

სულის გარდაცვალება.

დაისებში ჟონავს სული

აისობის სიალით.

ხან მტრედივით გალურსული,

ხან ელჭექის გრიალით.

ანთებული უშრეტ ალად

ბრძენთა გულის მლეველი

ათასჯერი, ათასთვალი,

ქვეყნად დაუტეველი.

თვით სიქველეულეველი

უჩინარი მხლებელი,

მჭვრეტელთაგან უხილავი

ხელით შეუხებელი.

დამავალთა ზეობაა

მდაბლის მაღლით მზეობა,

უქცეველი ზნეობაა

უტეხელი მეობა.

იდეალთა იდილია,

თავგანწირვის სიშიშვლე,

სამსხვერპლოზე სიკვდილია,

ღვთაებრივი სიგიჟე.

ჰა, საკანი დაუტევა,

მოდგა ჟამი ქროლვისა,

ვიცი, ვერსად დაეტევა,

აღმვსებია ყოვლისა.

ვიცი, ვერსით აღუდგება

ვერა ზღუდე-კედელი,

ოდეს ბოროტს განუდგება

ხუნდ-ბორკილთა მკვნეტელი.