
სოსო ცინცაძე: ივანიშვილსა და სააკაშვილს თანამშრომლობა გაუჭირდებათ
17:04:27     09-10-2012
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი ახალი მთავრობის შემადგენლობა იდეალური არ არის, რადგან მინისტრს პატიოსნების გარდა, სხვა თვისებებიც სჭირდება. მისი თქმით, კახი კალაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად, თავს უფრო კომფორტულად სპორტის სამინისტროში იგრძნობდა, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრო „მწვანეების“ ლიდერ გია გაჩეჩილაძესთვის უნდა ჩაებარებინათ. პოლიტოლოგი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თანამშრომლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ხოლო თანაარსებობას უშვებს. ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ სოსო ცინცაძეს ესაუბრა:
– როგორ შეაფასებთ ახალი მინისტრობის კანდიდატებს?
– მთავრობის ხელმძღვანელი კანდიდატებს პიროვნულ სიმპატია-ანტიპატიის მიხედვით არჩევს, მაგრამ ობიეტურად რომ ვთქვათ, ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი გუნდი იდეალური არ არის, რადგან კალაძე თავს უფრო კომფორტულად სპორტის სამინისტროში იგრძნობდა და არა ინფრასტრუქტურაში, სადაც მისი ადგილი არ არის. ასევე ძალიან გამიკვირდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო იმ ადამიანს არ ჩააბარეს, რომელმაც ამ საქმეში სისხლი ჩაანთხია. „მწვანეების“ ლიდერ გია გაჩეჩილაძეს ვგულისხმობ.
– თუმცა, ეს პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. რატომ არ შეარჩიეს გაჩეჩილაძის კანდიდატურა?
– ვერ გეტყვით, თუმცა, მისი კანდიდატურა დასაფიქრებელი ნამდვილად არ იყო, რადგან ამ სფეროში, მას „ჭიპი აქვს მოჭრილი“. ვინაიდან, ის მინისტრთა პირველ ტალღაში არ გავიდა, არ მგონია, რომ ის მეორეში ტალღაში მოხვდეს.
– მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენისას, ივანიშვილმა აქცენტი მინისტრობის კანდიდატების პატიოსნებაზე გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდი „სახალხო მთავრობა“ იქნება. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ივანიშვილი საზოგადოების წინაშე დადებულ ამ დაპირებას შეასრულებს?
– პატიოსნება აუცილებლობაა, მაგრამ მინისტრისთვის საკმარისი მხოლოდ ეს არ არის, რადგან მთავრობის წევრს გარდა პატიოსნებისა, სხვა თვისებებიც სჭირდება. რაც შეეხება დაპირებებს, ყველა დაპირებას ასი პროცენით ვერ შეასრულებს, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ამის პრეცედენტი არ არის. თუმცა, რამდენიმე დაპირების შესრულებას დიდი ხანი არ სჭირდება, ვინაიდან, წამლები და საწვავი რომ უნდა გაიაფდეს, ამას რა კვლევა სჭირდება? ან იმას, რომ დენისა და ნაგვის ეგზოტიკური კანონი უნდა გაუქმდეს? უკვე იგრძნობა წინააღმდეგობა ბიზნესსა და ახალ მთავრობას შორის, რადგან ვნახეთ, რომ „ავერსის“ დამფუძნებელი ივანიშვილს შეეჭიდა და თქვა, რომ ყველაფერი ხუთაინზეაო.
– პრეზიდენტი გუნდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი პოსტს 2013 წლის შემოდგომამდე ინარჩუნებს და როგორ გესახებათ მათ შორის ურთიერთობა?
– ძალიან ძნელად, ვინაიდან დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, მაგალითად, ბრიტანეთსა და შტატებში ეს თანამშრომლობა ყოველთვის პრობლემატურია მიუხედავად იმისა, რომ მათ თანამშრომლობის საუკუნოვანი ტრადიციები აქვთ. ჩვენთან კი, ურთიერთობის არანაირი ტრადიცია არ არსებობს და თანაც მაშინ, როცა პარლამენტში საკმაოდ მძლავრი ოპოზიცია იქნება თანამშრომლობა ძნელად წარმოსადგენია. ამ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, ხოლო თანაარსებობას დავუშვებ, რადგან აუცილებელია.
– როგორი ოპოზიცია იქნება „ნაციონალური მოძრაობა?
– რაც უფრო კრიტიკული და არგუმენტირებული ოპოზიცია გვეყოლება, მით უფრო კარგია, ქვეყნისთვის, რადგან როდესაც, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთ ხმაში მღერიან, ეს უკვე ძალიან ცუდია და ასეთი პარლამენტი ცხრა წლის მანძილზე გვყავდა.
– რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, რამდენად შეკრული გუნდი იქნება „ქართული ოცნება“?
– ივანიშვილი სანამ ოფიციალური ლიდერია, მანამდე განხეთქილების უფლებას საკუთარ თავს ვერავინ მისცემს. კერძოდ, განხეთქილების ვაშლი ვერავინ გახდება და ჟონგლიორი. მათ შორის დაპირისპირებები მოსალოდნელია ორ-სამ წელში, მაშინ, როცა პრობლემები იქნება, თორე, როცა საქმე კარგად მიდის, საკამათო არაფერია. სააკაშვილი პირველი ვადის დროს პოპულარული იყო, მაგრამ მეორე ვადაში უკვე ხალხმა ბუზღუნი დაიწყო. რეფორმები იმისთვისაა, რომ ცუდი ყოფა შეიცვალოს და არა იმისთვის, რომ ხალხი დატანჯონ.
– „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი აქვს?
– ყველაფერი დამოკიდებულია საკადრო პოლიტიკაზე. თუ სააკაშვილი პარტიაში ახალ სისხლს შეიტანს, ვითარება შეიცვლება. მსოფლიოში არჩევნების წაგების შემდეგ, პარტიები პოლიტიკურ სახეებს ცვლიან.