აკაკი ბობოხიძე: მოლოდინები გაცრუვდება... ივანიშვილმა იჩქარა

  15:33:38     09-10-2012

„ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურ და კრიტიკულ ოპოზიციონერობას აანონსებს. წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ქვეყანაში ყველაფერი ისე მარტივად ვერ იქნება, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებს წარმოუდგენიათ. კანონმდებელი ეჭვობს, რომ ახალი მთავრობა სოციალური პროექტების დაფინანსების მიზნით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მთლიანად უარს იტყვის. ქვეყანაში შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით, “პრესა.ჯი” აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვნელები დაასახელა. როგორ შეაფასებთ წარდგენილ შემადგენლობას? 

– რამდენიმე თვე უნდა დაველოდოთ, რომ მათი შეფასება შევძლოთ. ჩვენს მსგავსად, თუ ახალი ხელისუფლება კრიმინალსა და  კორუფციას ბრძოლას გამოუცხადებს, ამას მხოლოდ მივესალმებით.

როგორ ფიქრობთ, ეს გუნდი წინაასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების  შესრულებას მოახერხებს?

– მეშინია, რომ სოციალური პროექტების დაფინანსების მიზნით, ისინი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მთლიანად უარს იტყვიან. კახა კალაძემ განაცხადა, რომ ისინი ყველა დაწყებული პროექტის დასრულებას გააგრძელებენ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ბიუჯეტს ვერ ვხედავ, რადგან ერთდროულად ყველა პროექტი ვერ განხორციელდება. თუ სოციალური დაპირებების შესრულებას დაიწყებენ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩერებენ, ბიუჯეტი აღარ იქნება. რამდენად გონივრულ შუალედს დაიჭერენ, ამას მომავალი გვიჩვენებს და ის ბიუჯეტი, რომელიც თებერვალში, ახალმა მთავრობამ უნდა წარადგინოს.

როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება ბიძინა ივანიშვილი. კოალიციის ლიდერი საგარეო და საშინო კუთხით, არსებულ გამოწვევებს თავს გაართმევს?

– ივანიშვილი ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას წარმოადგენს და მინდა, რომ მან ყველაფერს თავი გაართვას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე მარტივად ვერ იქნება, როგორც მათ წარმოუდგენიათ, მაგრამ ღვთის ნებაა ყველაფერი.

რაც შეეხება ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“, რამდენად აქტიურები და კრიტიკულები იქნებით?

– ფაქტია, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია ვიქნებით. ხუთკაციანი ჯგუფი არ ვართ და იმის შიში არ გვაქვს, რომ ვინმესთან გარიგება დაგვწამონ. ამიტომ, ვიქნებით კონსტრუქციულად განწყობილები იქ, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება გადასაწყვეტი. მიმაჩნია, რომ დიდი ძალა ვართ და უმრავლესობას მხოლოდ ათი კაცით ჩამოვრჩებით და იმედი მაქვს, რომ იმ 85 კაცში, რომელიც პარლამენტში „ოცნებამ“ გაიყვანა ისეთი ადამიანებიც მოიძებნება, რომლებიც ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. 

როგორია თქვენი პროგნოზი, „ნაციონალური მოძრაობა“ რეიტინგისა და ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებს?

–  ღმერთმა არ ქნას, რომ რაც რეიტინგი გვქონდა ის დაგვიბრუნდეს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საქმე ცუდად მიდის. არანაირი სურვილი მაქვს, რომ ჩვენი რეიტინგის დაბრუნების გამო, ქვეყანას უკუსვლა ვუსურვო. საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა ხმა არა ივანიშვილს, არამედ „ნაციონალების“ წინააღმდეგ  მისცა. მოლოდინების გაცრუების გამო კი,  რეიტინგს ნაწილობრივ  დავიბრუნებთ.

საზოგადოების ნაწილი იმაზე საუბრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაღალი თანანმდებობის პირებს გარკვეული გარანტიები მისცა. თუ გსმენიათ ამის შესახებ?

– ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ. გუნდის წევრებთან დილიდან საღამომდე ვარ და მსგავსი რამ არ მსმენია. 

ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად - ნოდარ ჯავახიშვილი წარადგინა, თუმცა, ამ პოსტზე, 10 წლის ვადით გიორგი ქადაგიძეა დანიშნული. ქადაგიძის ჯავახიშვილით ჩანაცვლება როგორ მოხდება?

– ჯავახიშვილის წარდგენისას, ივანიშვილმა იჩქარა, როგორც თავად ამბობს ის მაინცდამაინც კონსტიტუციას არ იცნობს, რის გამოც, ეს შეცდომა დაუშვა.

თუმცა, ჯავახიშვილის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია მის გუნდს წინასწარ ხომ ეცოდინებოდა?

– ეს უკვე „ქართული ოცნების“ იურისტ ლიდერებს ჰკითხეთ.