იოანე ღვთისმეტყველის მიცვალება

  11:17:42     09-10-2012

26 სექტემბერს (ახალი სტილით 9 ოქტომბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს 

მიცვალებას წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა. 

იოანე ღვთისმეტყველი, იგივე იოანე მოციქული იყო ქრისტეს ყველაზე საყვარელი მოწაფე. იგი ყველაზე ახალგაზრდა გახლდათ თორმეტ მოციქულთა შორის. იოანე და მისი ძმა იაკობი იესო ქრისტემ ნახა გალილეის ზღვის ნაპირას ნავში მსხდარნი და მოუწოდა გაჰყოლოდნენ (მათე, 4, 21). ძმები იყვნენ გალილეველი მეთევზის ზებედესა და სალომეს შვილები. 

ზოგი თვლის, რომ იოანე ღვთისმეტყველი იყო იოანე ნათლისმცემლის მოწაფე და ამგვარად დაუკავშორდა მაცხოვარს. 

როგორც ვთქვი, იოანე ითვლება ქრისტეს ყველაზე საყვარელ მოწაფედ, მოციქულთა შორის. წმინდა იოანე თავის ძმასთან, წმინდა იაკობთან და წმინდა პეტრესთან ერთად იყო იაიროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგენის მოწმე (მარკოზი, 5,37). მხოლოდ წმინდა იოანე, წმინდა იაკობი და წმინდა პეტრე იმყოფებოდნენ თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერიცვალებისას (მათე, 17, 1; მარკ. 9, 2; ლუკა, 9, 28); ასევე გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისას (მარკ. 14, 33). გოლგოთაზე კი ჯვარცმულმა მაცხოვარმა იოანე მოციქულს დაავალა თავის დედაზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა.

ანუ მას ჩააბარა დედა. 

იოანე მოციქული იყო შესანიშნავი მთხრობელი ახალი აღთქმისა. დაახლოებით 95 წელს მან დაწერა სახარება. 

მანამდე, კუნძულ პატმოსზე გადასახლების დროს, მას ჰქონდა გამოცხადება, რომელიც აღწერა (გამოცხადებაჲ ოანესი): 

„9. მე, იოვანე, ძმაჲ თქუენი და ზიარი ჭირსა და სუფევასა და მოთმინებასა თქუენსა ქრისტე იესუს მიერ, ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმო, სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს იესუ ქრისტესისა. 

10. ვიქმენ სულითა დღესა კჳრიაკესა და მესმა უკუანაჲთ კერძო ჩემსა ჴმაჲ დიდი, ვითარცა საყჳრისაჲ,

11. რომელი მეტყოდა, ვითარმედ: რომელსა-ესე ჰხედავ, დაწერე წიგნსა შინა და წარეც შჳდთა მათ ეკლესიათა: ეფესოს და ზმირნას და პერღამოს და თჳატრის და სარდეს და ფილადელფიას და ლავდიკის“... 

გარდა ამისა, არსებობს მის მიერ დაწერილი სამი ეპისტოლეც. 

წმინდა იოანე ერთადერთია, რომელიც მოწამეობრივი სიკვდილით არ აღსრულებულა. მან იცოცხლა ას წელზე მეტი და სიყვარულს ქადაგებდა და თესავდა ადამიანის გულებში. ის მიიცვალა დაახლოებით 117 წელს ეფესოში. 

ეს ასე მომხდარა: იოანე ღვთისმეტყველმა თავის შვიდ მოწაფეს გაათხრევინა ჯვრის სახის საფლავი, ჩაწვა შიგ და მოწაფეებს სთხოვა მიეყარათ მისთვის მიწა. მოწაფეებმა უარი ვერ შებედეს, ეამბორნენ, გამოემშვიდობნენ მოძღვარს და მიწა მიაყარეს. 

გადმოცემის მიხედვით, მისი საფლავი გათხარეს სხვა მოწაფეებმა და იქ ვერაფერი ნახეს. იოანე ღვთისმეტყველი ღვთის ნებით ზეცად ამაღლდა. 

გავიხსენოთ მისი უბრწყინვალესი ნაწარმოების, იოანეს სახარების დასაწყისი. ეს უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი უმშვენიერესი ქმნილების დასაწყისი დედამიწაზე. თან განსაკუთრებით კარგია ის გიორგი მთაწმინდელის რედაქციით, ძველქართულად. იოანე ღვთისმეტყველი საუბრობს უფალზე და იოანე ნათლისმცემელზე, წინამორბედზე. 

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მადლი ნუ მოკლებოდეს ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას! 

სახარებაჲ იოვანეს თავი 

1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 

2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. 

3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. 

4. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. 

5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. 

 6. იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე. 

7. ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან. 

8. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს. 

9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად. 

10. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. 

11. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს. 

12. ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი, 

13. რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს. 

14. და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. 

15. იოვანე წამა მისთჳს, ღაღატ-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს. 

16. და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ. 

17. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა. 

18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.