სოსო (სევარიონ) ნადირაძის ნახევარსაუკუნოვანი პოეზიის საღამო
11:15:39     09-10-2012
2012 წლის 11 ოქტომბერს, ხუთშაბათს
ყოვლადწმინდა სამების ტაძართან არსებულ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში
გაიმართება
პოეტ სოსო ნადირაძის ნახევარსაუკუნოვან პოეზიის საღამო.
მოეწყობა იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის - გულნარა სვანიძის ნაქსოვი თოჯინების გამოფენა.
დასაწყისი 18 საათზე.
პოეტი სოსო ნადირაზე 50 წლის ხდება. ვულოცავთ სოსოს დაბადების დღეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას ოჯახთან და სამშობლოსთან ერთად და შემოქმედებით წარმატებებს, ქართველი მკითხველის გასახარად!
გთავაზობთ სოსო ნადირაძის რამდენიმე ახალ ლექსს.
მე ჩემს ბეღურას უბეში ვმალავ
მზე ლამანჩური
ჩაჩქანით თბება
და როსინანტით
აგრძელებს რონინს,
ჭრილობა მაინც
ჭრილობად რჩება
გინდა დიდგორის
მოიგო ომი...
ხომ შეიძლება
მზე შეკრთეს უცებ,
ჩვენით თბილი და
ჩვენით ამაყი,
ნუ ამოვუთხრით
ჩვენს კოხტა ქუჩებს
პატარა სანგრებს,
როგორც სამარხებს...
მე ჩემს ბეღურას
უბეში ვმალავ,
ასე მგონია
ბორკილს ადებენ,
ნუ შევაშინებთ
უწყინარ ქალაქს
პატარ პატარა
ბარიკადებით...
რთველი
მზე ვენახებმა დაწურეს,
ზვრებში ღიღინებს კახელი,
ცაზე ღრუბელი დაცურავს
ათასი ჭორით ნაკერი...
ქალწული მინდვრებს მონუსხავს,
ქარვა კვლავ ჯვარზე ევნება
და გლეხის ხელებს მოუსხამთ
დამწიფებული მტევნები.
დავბერებულვარ
დავბერებულვარ
აჰა, სულაც...
ნისლებიც სავალს
ართულებენ,
ქარი ჩიტივით
აბუზულა
წვიმის ნოტიო
მავთულებზე...
ვიდრე სოფელი
გვიყრის ჭორებს,
ხოლო წარსული
ტოვებს ხაზებს,
ქარი საყელოს
გაისწორებს,
წვიმის ღრუბლიან
მოსასხამზე...
გამოგაღვიძეს დილის ზარებმა
გამოგაღვიძეს დილის ზარებმა,
სახეს ტკივილი ჩამოგიღამებს,
და ნიღაბს უმძიმს ცოდვის ტარება,
ცოდვასაც უმძიმს ყველა ნიღაბი...
ლაბირინთებში დაეძებ ხვეულს,
ძილი გაგიტყდა ცოდვით ეჭვიანს,
ვერ ჩამოხსენი ნიღაბი სხეულს
ისე ძალიან შემოგეჩვია...
დამძიმებული სხეული გოდებს,
ყალბი ღიმილით უნდა გაერთო,
სძულთ ერთმანეთი ნიღაბს და ცოდვას,
მაინც ვერ ძლებენ უერთმანეთოდ...
გამოგაღვიძეს დილის ზარებმა,
სახეს ტკივილი ჩამოგიღამებს,
და ნიღაბს უმძიმს ცოდვის ტარება,
ცოდვასაც უმძიმს ყველა ნიღაბი...
შემოდგომაა
შაბათი იყოს, გინდა კვირა,
მზის სადიდებელს ვიტყვი ლოცვით
და შემოდგომას ქვევრის პირას,
ღვინიან ტუჩებს დავუკოცნი...
მგონი დავთვერი, ჰე-რი ჰა-ა,
უკვე სიბერეს მიგონებენ
და რქაწითელის ფერისაა
ტანინიანი სტრიქონები...