„გამპრავებელი“ ექსპერტი: „იქნებ მოგვესმა, ივანიშვილი მსგავს აბსურდს არ იტყოდა“

  15:42:35     08-10-2012

ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაც არ მოსწონს. გასაპრემიერებელი ოლიგარქი უწყებაში მუშაობაზე კატეგორიულ უარს ამბობს. ივანიშვილს, ურჩევნია, მთავრობა სოლოლაკის „შუშის კობიდან“ მართოს. 

„ქართული ოცნების“ ლიდერის ამ კაპრიზს უკვე მოჰყვა მწვავე რეაქციები სოციალურ ქსელებში. ბევრი ხუმრობს, რომ ქვეყნის მეორე დედაქალაქი არა ქუთაისი, არამედ ჭორვილა გახდება და საკანონმდებლო ორგანოს, ოლიგარქის საყვარელ საჩხერეში „ჩადგამენ“.

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, არსებობს თუ არა, მსოფლიო პრეცედენტი, პრემიერს საკუთარი სახლიდან, ხალათში გამოწყობილს ემართოს ქვეყანა?

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ივანიშვილის აუხდენელ ოცნებებზე ამახვილებს ყურადღებას: „მთავრობას თავისი ლოგიკური ადგილსამყოფელი გააჩნია. საქმიანობაც სწორედ იქიდან უნდა იწარმოებოდეს.

შეიძლება ბატონ ივანიშვილს ქვეყნის საკუთარი კაბინეტიდან მართვის პრეცედენტის შემოღება სურს. თუმცა, ეს, რბილად რომ ვთქვათ, არარეალური ოცნებაა. იმიტომ რომ მთავრობის მთელ აპარატს ივანიშვილი ჭორვილის ან სოლოლაკის სასახლეში ვერ დატევს.

მაღალი რანგის შეხვედრებზე საორგანიზაციო ჯგუფი წინ და უკან ვეღარ ირბენს. არიქა ხელი მომიწერეთ ბატონო ბიძინაო“ - აცხადებს იგი.

რაც შეეხება პოლიტიკურ ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს, ის მიიჩნევს, რომ ეს განცხადება გაპრემიერებულ ივანიშვილს არ უნდა გაეკეთებინა. „ეტყობა არასწორად გავიგეთ. იქნებ მოგვესმა. ივანიშვილი მსგავს აბსურდს არ იტყოდა“.

„მეოცნებე“ პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი, ივანიშვილის ამ ახირებაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს: „ამ განცხადებაში არაორდინალურს ვერაფერს ვხედავ. ივანიშვილის ბიზნესცენტრში არაერთი მაღალჩინოსანი ყოფილა და საყვადურით არავინ გამოსულა.

მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული - სახლიდან, ეზოდან თუ კაბინეტიდან. მთავარია, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური და გონივრული იყოს“.

პოლიტოლოგი გია ნოდია კი, ბიძინა ივანიშვილის კაპრიზს - ქვეყნის თავისი სასახლიდან მართვის შესახებ, მისივე ექსტრავაგანტულობას მიაწერს და კოალიციის ლიდერის განცხადებას გარკვეულ სიგნალადაც აღიქვამს.

„ჩემი აზით, აღნიშნული განცხადება გარკვეული სიგნალიც იყო. როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი საკუთარი ქონების ხიბლშია ჩავარდნილი და არ სურს გადავიდეს ნაკლებად კონფორტულ კაბინეტში.

გარდა იმისა, რომ საკუთარი სახლიდან ქვეყნის მართვა შეუძლებელია, ივანიშვილის ეს განცხადება, ფაქტობრივად, სახელმწიფო სიმბოლიკების უპატივცემულობაზეც მეტყველებს“.

პ.ს:
მართალია, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოვებული ექსპერტი საყვარელიძე იმედოვნებს, რომ ივანიშვილი ისეთ აბსურდს არ იტყოდა, როგორიც ქვეყნის საკუთარი სასახლეებიდან მართვაა, თუმცა, კოალიციის ლიდერმა დღეს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სახელმწიფო კანცელარიაში გადასვლაზე არ ფიქრობს და ბიზნესცენტრში თავს კარგად გრძნობს“.