წმინდა კათალიკოსი არსენი I დიდი

  15:27:26     08-10-2012

25 სექტემბერს (ახალი სტილით 8 ოქტომბერს) ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს კათალიკოს არსენ I-ის ხსენების დღეს. 

ჩვენმა დიდმა გიორგი მერჩულემ თავის შესანიშნავ თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ გვიამბო წმინდა კათალიკოს არსენ პირველის გამორჩევის, აღზრდისა და აღსაყდრების პერიპეტიების შესახებ. 

მომავალი კათალიკოსი ქართლისა გახლდათ სამცხის გავლენიანი დიდებულის, მირიანის მესამე, უმცროსი ვაჟი. დედას კრავაი ერქვა. დაიბადა დაახლოებით 820-830 წლებში. 

ერთხელ მათ მამულში ღამის გასათევად გაჩერდნენ გრიგოლ ხანძთელის მოწაფენი, თევდორე და ქრისტეფორე, რომლებიც აფხაზეთში მიემგზავრებოდნენ. მირიანმა რომ გაიგო ამგვარის სტუმრების შესახებ, ისინი არ დატოვა შუა მინდორში ღამის გასათევად, თავად ეახლა მათ და შინ მიიპატიჟა. შემდეგ მან და მისმა მეუღლემ სთხოვეს ბერებს დაემოწაფებინათ მათი უმცროსი ვაჟი, 6 წლის არსენი. ამგვარად ის სიყრმეშივე იყო საღმრთოდ შეწირული. 

გრიგოლ ხანძთელის თანხმობით არსენი გახდა საძმოს წევრი, მასთან ერთად მისი თანატოლი, თანაშეზრდილი და მეგობარი ეფრემიც. ამ ორმა დიდმა მოღვაწემ შემდგომში დიდი სამსახური გაუწიეს ქართულ ეკლესიას. არსენი კათალიკოსი გახდა, ეფრემი კი ეპისკოპოსი იყო, მაწყვერელი. მათი ღვაწლით მირონის კურთხევა დადგინდა საქართველოში (თუმცა არის ვარაუდი, რომ მირონის კურთხევა უკვე მეხუთე საუკუნიდან იყო დაწესებული საქართველოში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა). 

არსენ კათალიკოსი, იგივე არსენ საფარელი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული. მას უნდა ეკუთვნოდეს პოლემიკური თხზულება „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“, რომელიც ქართველთა და სომეხთა შორის სარწმუნოებრივი ურთიერთობისა და დაპირისპირების ისტორიას ეხება. ზოგი მკლვლევარის აზრით, შესაძლოა ეს თხზულება სხვა არსენის დაწერილი იყოს. 

ასეა თუ ისე, არსენ პირველი დიდი მოღვაწე გახლდათ. იგი დაახლოებით 27 წელის მართავდა ქართულ ეკლესიას, 860-887 წლებში. 

წმინდა არსენ კათალიკოსის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ეკლესია, სახელმწიფო და ოჯახები!