ტიციან ტაბიძე - „მეწყერი მეწყერს“

  12:11:29     06-10-2012

დიდი ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა“ პოეტური ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთი რეფორმატორი და ფუძემდებელი - ტიციან ტაბიძე დაიბადა 1893 წლის 21 მარტს სოფელ ჭყვიშში, იმერეთში, მღვდლის ოჯახში. 

წერა-კითხვა ოთხი წლის ასაკში ისწავლა სოფლის სკოლაში, რომელიც მათ სახლში იყო გამართული. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1906 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში. 1913 წელს მოეწყო მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 

ლექსებს წერდა მოწაფეობის ხანიდან. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა "კოლხიდაში", "სახალხო გაზეთში", “ერში", "თეატრსა და ცხოვრებაში".

იყო „ცისფერყანწელთა“ საძმოს ერთ-ერთი თეორეტიკოსი. ავტორია წერილისა „ცისფერი ყანწებით“. მოსკოვიდან დაბრუნების მერე მუშაობდა გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში. წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს და ესეებს ლიტერატურის საკითხებზე, ქართველ და უცხოელ მწერლებზე, მხატვრებზე, კულტურის მოღვაწეებზე. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. 

ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, არაგონის, ისააკიანისა და სხვების ნაწარმოებები. 

1937 წელს ჩვენი საყვარელი პოეტი ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და მოკლეს... 

გავიხსენოთ ტიციან ტაბიძის რამდენიმე ლექსი.

 

მეწყერი მეწყერს

 

გაელავს, დაჰკრავს მეხი მეხს მწვერვალს,

მთა ტიტველია, არ აქვს საფარი,

თვითონ მეხია და თვითონ ელავს,

როგორც შამილის თეთრი ფაფარი.

 

ნეტა თუ სადმე ხარ ძე კაცისა,

ამ უკვდავებას ქედს არ უხრიდე.

თუ გაწყდა ძარღვი სიმამაცისა,

მე ცოცხალი ვარ ერთი მჲურიდი.

 

ვარ დაფრენილი ორბისგან გნოლი

და არ იკარებს გული სალავათს,

ხევსურის ჯაჭვის ნაგლეჯი რგოლი -

ერთი ვაცხადებ მარტო ჰაზავატს.

 

ვარ გათელილი ლეკის ნაბადი,

ყველა სახსარი მაქვს დალეწილი,

მაგრამ ვაჟკაცმა მხოლოდ გაბედე

და მეც ვაჟკაცის დამიდე წილი.

 

რა საჭიროა მელნად გიშრის ტბა

და კალმად კიდე მინა რხეული,

თუ ამ სიბრაზით გული გაგითბა,

თუ ამ ჟრუანტელს იგრძნობს სხეული.

 

მეწყერი მეწყერს, ლანქერი ლანქერს,

კლდე კლდეს ასკდება, ზვავს ღუპავს ზვავი.

ცა მოწყალებით თავზე დამცქერის,

არ მემეტება მოვიკლა თავი..

 

მაგი წინაპარი

 

გრძელია ჟამი, ღვდელმსახურობს

რაც ჩემი გვარი.

ვინ დათვლის წირვას, რაოდენი

გამოიყვანეს.

ეხლაც ეზოს წინ დაღვრემილი

მოსჩანს საყდარი,

ეს გერბი არი, ამაყ მგოსანს

რომ დამიხატეს.

 

ლოცულობს მამა მწუხრის ლოცვას,

მუნჯად ვუცქერი,

ფსალმუნი სულში შეფრინდება

და იმარხება.

შავ ანაფორას მეწამული

გადაკრავს ფერი

და ვხვდები ეხლა, თუ ქალდეა

რად მენატრება.

 

ყვითელ სანთელზე მელანდება

მე მზე ბრწყინვალე,

მზის სადიდებლად აზიდული

დიდი ტაძარი.

ზვიად ქვის სვეტებს, თითქო ადნობს

ჰანგი მხურვალე

და მღერის მაგი, ვინც რომ ჩემი

დაიწყო გვარი.

 

ასე ადიდა წინაპარმა

ასტარტა მწველი,

ღვთისმშობლის ქება, ეხლა მამის

ასველებს წვერებს.

არ დალეულა ჩვენ მოდგმაში

ჯერე მლოცველი,

გადახდილ წირვის დათვლა თვითონ

ღმერთს დააბერებს.

 

წინაპართ ჩრდილნო, გულს არ დაგწყვეტთ -

ჩამომავალზე,

მე მაბეზღებენ, რომ მხედავენ

აქამდისინ მშვიდს.

და თუ ვეღარ ვთქვი ლიტურგია

მე თავის თავზე,

ქვეყანას მაინც გადაუხდი

ერთხელ პანაშვიდს...

 

ავტოპორტრეტი

 

უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები,

სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა.

იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები,

მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.

 

მასსენეს ელოდენ დათლილი თითები,

ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები,

სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები,

ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით.

 

აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი,

ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი,

ვფურცლავ მალარმეს „Divagations“-ს.

 

იყავი რაც გინდა, შავი, საცოდავი,

ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე,

რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო.

 

სოღანლუღიდან

 

ისედაც მშვიდი უფრო დაცხრა ამაღამ მტკვარი,

მხოლოდ მეტეხთან უფრო არი მაინც მშფოთვარე;

ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი,

ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.

 

სოღანლუღიდან თათრის ბიჭი მოდენის ვირებს

და მემწვანილე ერეკება ცარიელ დროგებს,

რომელი ერთი ან დამძრახავს, ან გაიკვირვებს,

რომ უკან მივსდევ ჩემ დიდებულ თანამედროვეს.

 

მე რა მაქვს ახლა, რა მექნება, ან რა მებადა,

ვარ უზრუნველი და ტიტველი მთა შავნაბადა,

და თუ მაწუხებს, - მხოლოდ ფიქრი გულის დამწველი,

რომ აქვე არის მარაბდა და კრწანისის ველი.

რომ ყველა ლეკმა და ურჯულომ გული იყარა,

რომ კუბოსავით დაცხრილული დგას ნარიყალა.

 

ისედაც მშვიდი სულ დამცხრალა ამაღამ მტკვარი,

მხოლოდ მეტეხთან მაინც არი უფრო მშფოთვარე;

ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი,

ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.