მოკლული ბავშვები და პოლიტიკა

  14:16:30     05-10-2012

ზუგდიდში გუშინ ტრაგიკულად მოკლული 1 წლისა და 7 თვის ნიკა კვირტიას ოჯახის ახლობლები მომხდარის შესახებ „პრესა.ჯი“-სთან პირველად საუბრობენ. 

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა გარდაცვლილის მამა და მეზობლები, „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციაზე მიდიოდნენ.

როგორც კვირტიების ახლობელმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, გარდაცვლილის მამა კოალიციის აქტივისტი იყო. თუმცა, მისი თქმით, უბედურ შემთხვევასთან, რომელსაც ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, პოლიტიკას არავითარი კავშირი არ აქვს.

გარდაცვლილის ნათესავი: „ქართული ოცნების“, აქტივისტებმა გადაწყვიტეს ირაკლი ალასანიასთვის მხარდაჭერა გამოეხატათ და მეზობელს, რომელსაც სამარშუტო ტაქსი ჰყავს, სთხოვეს ქალაქის ცენტრში გაეყვანათ. ამ დროს პატარა მამასთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც მცირეწლოვანი, აქტივისტების შეკრებამდე ბებიას ჩააბარა. 

თავად კი მაისურის გამოსატანად სახლში შევიდა. როგორც ჩანს, ბებიას ბავშვი მხედველობიდან გამორჩა. შემდეგ კი რაც მოხდა ყველამ კარგად იცით, ბავშვი მანქანის ქვეშ შეძვრა და სამარშუტო მანქანამ გადაუარა. 

- რა ბედი ეწია ვიტალი ახალაიას, რომელიც აღნიშნულ სამარშუტო ტაქსს მართავდა?

- რა უნდა მოსვლოდა, მომხრადიდან რამდენიმე წუთში ის ზუგდიდის პოლიციას ჩაბარდა. თუმცა, ოჯახის ახლობლების მოთხოვნით, ერთ საათში გაათავისუფლეს. მას ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის ამ საშინელ ტრაგედიაში. მშრომელი ბიჭია, დევნილი.

დისტრიბუტორად მუშაობდა და ამით არჩენდა ოჯახს. ის სამსახურში მიდიოდა, როდესაც ახლობლებმა ზუგდიდის ცენტრში გაყვანა სთხოვეს და სწორედ ამ დროს მოხდა შემთხვევა. პირადად მამამ და ბებიამ დაწერეს განცხადება და წინასწარი პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

- მომხდარიდან რამდენიმე წუთში აღნიშნულ საქმეს პოლიტიკური ელფერი დაედო...

- სწორედ ამიტომ დაგთანხმდით ინტერვიუზე. არ მინდა ჩვილის გარდაცვალების ფაქტი გარკვეული პოლიტიკური მანიპულირების თემად იქცეს. ერთია პოლიტიკური შეხედულება და მეორე ადამიანური ტრაგედია.

შეგახსენებთ, რომ საზარელი ტრაგედია ზუგდიდის რაიონ ნაწულუკუში მოხდა.
გუშინვე აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ პრეს-სპიკერი ვაკო ავალიანი, რომელმაც განაცხადა:

„საშინელი ტრაგედია მოხდა. გაირკვა, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელსაც თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა და რომელიც მიკროავტობუსში ადიოდა, ბავშვს ხელი გაუშვა, ბავშვი მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა, მანქანა დაიძრა და ბავშვი დაიღუპა.“

რა მოხდა გურჯაანში?

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში მცირეწლოვანი ბავშვების ტრაგიკულად გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. არჩევნების წინა დღეს სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფაიანცის ქვევრში დახრჩობის ფაქტი „მეცხრე არხმა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მანანა ბერიკაშვილმა გვამცნო. 

მაშინ, ივანიშვილის ტელევიზიაც და ბერიკაშვილიც ურცხვად აცხადებდნენ, რომ ბავშვზე შური პოლიტიკის გამო იძიეს, რადგან მისი მშობლები „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიანო.

თუმცა, როცა საზოგადოების მხრიდან ბერიკაშვილის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა და მას ნაძირალა, უნამუსო, ყველაფრის მკადრებელი უწოდეს და ჩვილი ბავშვის თემით სპეკულირებაში დაადანაშაულეს, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და თავად ბერიკაშვილმა საკუთარი სიტყვების უკან წაღება იკადრეს და პირში წყალი ჩაიგუბეს. ამ ტრაგედიის პოლიტიკასთან კავშირი კი, კატეგორიულად გამორიცხეს.

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში გარდაცვილი ბარბარე რაფაიანცის საქმესთან დაკავშირებით შს სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

„მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპზე ეს არის ჩემი პასუხი ყველა თქვენს კითხვაზე“,- აღნიშნა მახარაძემ.

თავდაპირველად აღნიშნულ საქმეს პოლიტიკური ელფერი მიეცა. ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი მისმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნათესავმა გაგუდა, რომელიც იმავე საწოლზე წამოწვა, სადაც ბავშვს ეძინა. შემდეგ კი კვალის ასარევად ბავშვის ცხედარი წყლით სავსე ქვევრში ჩააგდო.

„პრესა.ჯი“- შს სამინისტოში ამ საკითხის გარკვევასაც შეეცადა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციაზე სალომე მახარაძემ დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

უცნობია ექსპერტიზის პასუხებიც, რომელიც ადგენს, რამ გამოიწვია ასფიქსია.