იონა წინასწარმეტყველი

  11:07:48     05-10-2012

22 სექტემბერს (ახალი სტილით 5 ოქტომბერს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა იონა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს. 

როცა ისრაელში გამეფდა უწმინდური კაცი აქაბი, რომელსაც ცოლად კერპთაყვანისმცემელი იეზაბელი ჰყავდა, ჭეშმარიტი რწმენის მოწინააღმდეგე, სწორედ იმ დროს მოუვლინა უფალმა წინასწარმეტყველად ისრაელს ელია თეზბიტელი... 

იგი უფლის ნებით არა ერთ სასწაულს ახდენდა და ხალხს მოუწოდებდა ჭეშმარიტი ღმერთის რწმენისაკენ. მაგრამ ბევრი გადაუდგა უფალს. მაშინ ღმერთმა დასაჯა ისრაელიანები - სამწლინახევრის მანძილზე ისრაელში არ მოვიდა წვიმა და გვალვებმა ყველაფერი გაანადგურა. უფალმა ელიას უბრძანა აქაბის დევნას უდაბურ მხარეში დამალვოდა. ყორანი უზიდავდა ელიას ხორცსა და პურს. წყალს კი ნაკადულიდან სვამდა. 

შემდეგ ღვთის სახელით წინასწარმეტყველმა ელიამ არა ერთი სასწაული მოახდინა... მკვდრეთით აღადგინა თავისი მასპინძლის, ქვრივი დედაკაცის შვილი. ამ მართალი ქვრივი ქალის ოჯახში პურს ყოველდღე აცხობდნენ, მაგრამ ფქვილი და ზეთი არ თავდებოდა. 

ის ბავშვი, რომელიც ელია თეზბიტელმა აღადგინა მკვდრეთით, იყო წინასწარმეტყველი იონა. 

წმინდა იონა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფის, იერობოამ II-ის დროს ცხოვრობდა. უფალმა მას დაავალა გამგზავრებულიყო ნინევიაში, ასურელებთან, რომლებიც ისრაელის მტრები იყვნენ და გაეფრთხილებინა ისინი, თუ ცოდვებს არ მოინანიებდნენ და ძველებურ ცხოვრებას განაგრძობდნენ, უფალი მათ გაანადგურებდა. იონა წინასწარმეტყველის ცხოვრებით მტკიცდება, რომ ღმერთს არა მხოლოდ თავისი რჩეული ხალხი, ისრაელი უყვარდა, არამედ ასურელების გადარჩენისათვისაც ზრუნავდა და გაუგზავნა მათ წინასწარმეტყველი იონა. ეს არის ღვთის საყოველთაო სიყვარულის გამოხატულება. 

ნინევია, უდიდესი და სახელგანთქმული ქალაქი, მდებარეობდა ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ერაყის ქალაქ მოსულის ადგილას. 

იონას, ალბათ, არ უნდოდა მტრების დახმარება და გადაწყვიტა არ წასულიყო ნინევიაში. ჩაჯდა გემში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ გაემგზავრა. 

ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა. მგზავრები ძალიან შეშინდნენ... წარმართებმა წილიც კი ჰყარეს, ვისი ბრალი იყო მათ თავს მოწეული უბედურება. წილის ყრამ წმინდა იონაზე მიუთითა. წმინდა იონა მიხვდა თავის დანაშაულს, მიხვდა, რომ ეს ღვთის რისხვა იყო და თქვა, მე ჩამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაცხრებაო. 

ასეც მოხდა, წმინდა იონა ჩააგდეს ზღვაში. ქარიშხალი დაცხრა. წმინდა იონა კი ვეშაპმა ჩაყლაპა (დიდმა თევზმა, . სამი დღე და ღამე ვეშაპის მუცელში იყო იონა, ინანიებდა თავის ცოდვას და ღმერთს პატიებას სთხოვდა. ასევე გალობდა. ღმერთმა აპატია თავის წინასწარმეტყველს და ვეშაპმა ის ამოაგდო თავისი მუცლიდან. 

წმინდა იონა გაემგზავრა ნინევეში და მეფესა და იქაურებს ღვთის ნება უქადაგა და გააფრთხილა, რომ დაიღუპებოდნენ თუ არ მოინანიებდნენ. 

ნინეველებმა დაიჯერეს, მოინანიეს, ძაძებით შეიმოსნენ, მარხვა დაიწყეს და ღმერთმაც დაინდო ისინი. 

წმინდა იონას სამი დღე ვეშაპის მუცელში ყოფნა და ხსნა, სიმბოლურად წინასახე იყო ქრისტეს სამი დღის მერე საფლავიდან მკვდრეთით აღდგომისა. იესო ახსენებდა კიდეც წმინდა წინასწარმეტყველს და გადატანითი მნიშვნელობით მიუთითებდა „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ“ (მათე, 16,4). 

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ რამდენიმე დიდ ბინადარს ზღვისა, ადამიანის გადაყლაპვა შეუძლია მის დაუზიანებლად და შემდგომ ამოგდებაც ნაპირზე. არის ფაქტები, რომ ადამიანები მართლაც გადარჩენილან ამგვარ ვითარებაში. მით უმეტეს, თუ ღვთის ნება იქნებოდა... 

იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. 

წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! 

იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.

 

წინაწარმეტყველება იონასი 

 

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲს მიმართ, ძისა ამათიანისა, მეტყუელი: აღდეგ და წარვედ ნინევად, ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა. აღმოვიდა ღაღადება უკეთურებისა მისისაჲ ჩემდამო. 

3. და აღვიდა იონა სივლტოლად თარშიდ პირისაგან უფლისა, და შთავიდა იოპპედ და პოვა ნავი, მიმავალი თარშიდ, და მისცა სანავე მისი და აღვიდა მისდამი ცურვად მათ თანა თარშიდ მიმართ პირისაგან უფლისა. 

4. და უფალმან აღადგინა ქარი ზღუასა შინა და იქმნა ღელვა დიდი შორის ზღჳსა. და ნავი დაჭირვებულ იქმნებოდა შემუსრვად. 

5. და შეშინდეს მენავენი. და ჴმობდა კაცად-კაცადი ღმრთისა მიმართ თჳსისა და გარდაყრაჲ ქმნეს ნავისშინათა ჭურჭელთა ზღუად აღსუბუქებად მათგან. ხოლო იონა შთავიდა უბესა ნავისასა, და ეძინა და ხურინევდა. 

6. და მოვიდა მისდამი მეპრორე და ჰრქუა მას: რასა ჰხურინავ შენ? აღდეგ და ჰხადე ღმერთსა შენსა, უკუეთუ ვითარ მაცხოვნნეს ჩუენ ღმერთმან და არა წარვწყმდეთ. 

7. და თქუან, თითოეულმან მოყუსისა მიმართ თჳსისა მოვედით, ვყარნეთ წილნი და ვსცნათ, ვისთჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ ზედა. და ყარნეს წილნი და დავარდა წილი იონას ზედა. 

8. და თქუეს მისდამი: მითხარ ჩუენ, რასათჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ შორის, რაჲ არს მოქმედებაჲ შენი და ვინა მოხუალ და სადა წარხუალ, და რომლისა სოფლისა და რომლისა ერისაგან ხარ შენ? 

9. და თქუა მათდა მიმართ: მონაჲ უფლისაჲ ვარ მე. და ღმერთსა ცისასა ვეშიშვი მე, რომელმან შექმნა ზღუაჲ და ჴმელი. 

10. და შეეშინა კაცთა შიში დიდი და თქუეს მისდამი: რაჲ ესე ჰყავ მით, რამეთუ აგრძნეს კაცთა, ვითარმედ: პირისაგან უფლისაჲ იყო მლტოლვარე, რამეთუ მიუთხრა მათ. 

11. და თქუეს მისდამი: რა გიყოთ შენ? და დასცხრეს ჩუენ ზედა ზღუაჲ, რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა და უფროს აღადგენდა ღელვათა. 

12. და თქუა იონამან მათდა მიმართ: აღმიღეთ მე და შთამაგდეთ ზღუად და დაყუდნეს თქუენგან ზღუაჲ მით, რამეთუ ვსცნობ მე, ვითარმედ ჩემთჳს არს ღელვა ესე დიდი თქუენ ზედა. 

13. და იძულებოდეს კაცნი მიქცევად ქუეყანად მიმართ და ვერ შეუძლებდეს, რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა და უფროს აღდგებოდა მათ ზედა. 

14. და ჴმა-ყუეს უფლისა მიმართ და თქუეს: ნუსადა უფალო, ნუ წარვწყმდებით სულისათჳს კაცისა ამის და ნუ გუცემ ჩუენ ზედა სისხლსა მართალსა მით, რამეთუ შენ, უფალო, ვითარცა სახედ გენება, ჰყავ. 

15. და მოიყუანეს იონაჲ და შთააგდეს იგი ზღუად. და დადგა ზღუაჲ რყევისაგან მისისა. და შეეშინა კაცთა მათ შიში დიდი უფლისაჲ და ამსხუერპლეს მსხუერპლი უფალსა და აღთქუნეს აღთქმანი. 

1. და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმად იონა და იყო იონა მუცელსა შინა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე. 

2. და ილოცა იონა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა მუცლით გამო ვეშაპისთჳს. 

3. და თქუა: ღაღად-ვყავ ჭირსა შინა ჩემსა უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და შეისმინა ჩემი მუცლისაგან ჯოჯოხეთისა ღაღადებისა ჩემისა, გესმა ჴმისა ჩემისა. 

4. განმაგდე მე სიღრმედ მიმართ გულისა ზღჳსა და მდინარეთა მომიცვეს მე, ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი ჩემ ზედა გარდაჴდეს. 

5. და მე ვთქუ: განვიგდე თუალთა შენთაგან, სადმე შე-ღა-ვსძინო მიხედვად ტაძრისა მიმართ წმიდისა შენისა. 

6. გარემომესხა მე წყალი, ვიდრე სულად ჩემდამდე, უფსკრულმან მომიცვა მე უკანაჲსკნელმან, დაჴდა თავი ჩემი 

7. ნაპრალებსა მთათასა, შთავჴედ ქუეყანად, რომლისა მოქლონნი მისნი კლიტე საუკუნეებ. და აღმოვედინ ხრწნისაგან ცხორება ჩემი. 

8. შენდამი უფალო, ღმერთო ჩემო, მოკლებასა შინა ჩემგან სულისა ჩემისასა. უფალი მოვიჴსენე და შევედინ შენდამი ლოცვა ჩემი, ტაძრით მიმართ, წმიდისა შენისა. 

9. მცველთა ამაოსა და ცრუსათა წყალობა მათი დაუტევეს. 

10. ხოლო მე ჴმისა თანა ქებისა და აღსარებისასა გამსხუერპლო შენ. რავდენი ვილოცე კუალად გაგო შენ მაცხოვარებად ჩემდა უფალსა. 

11. და ებრძანა უფლისა მიერ ვეშაპსა და განაგდო იონა ჴმელსა ზედა.