უილიამ საროიანის „გენიოსი“

  23:20:26     04-10-2012

ცნობილი ამერიკელი მწერლისა და დრამატურგის, უილიამ საროიანის (William Saroyan) შესახებ დიდი ხანია გვინდოდა გვესაუბრა. მწერალი დაიბადა 1908 წლის 31 აგვისტოს, ქალაქ ფრესნოში, კალიფორნიაში, სომეხი ემიგრანტების ოჯახში. მამა მეღვინე იყო, გარდაიცვალა 1911 წელს. მომავალი მწერალი ერთი პერიოდი ბავშვთა სახლში ცხოვრობდა. 1921 წელს შეისწავლა საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვა. მუშაობდა ფოსტალიონად. ოცნებობდა მწერლობაზე, თან თვითგანვითარებას ეწეოდა.

მისი პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა 1933 წელს ბოსტონში ამერიკელ სომეხთა ყოველკვირეულ ჟურნალ „ჰაირენიქში“.

მწერლის მოთხრობების პირველი კრებული „მამაცი ჭაბუკი მფრინავ ტრაპეციაზე“ გამოიცა 1934 წელს. კრებულმა წარმატება მოუტანა.

უილიამ საროიანი უაღრესად პროდუქტიული მწერალი გახლდათ, დაწერილი აქვს უამრავი მოთხრობა, თორმეტი პიესა და ათამდე რომანი.

1940 წელს მიანიჭეს პულიტცერის პრესტიჟული პრემია ამერიკაში, რის აღებაზეც უარი განაცხადა. 1943 წელს მიიღო „ოსკარი“ ფილმ „ადამიანური კომედიის“ სცენარისათვის, რომელიც გადაღებული იყო მისი წიგნის მიხედვით. იმავე წელს იქორწინა 17 წლის ქეროლ მარკუსზე.

1958 წლიდან ცხოვრობდა პარიზში.

დიდი ამერიკელი მწერალი უილიამ საროიანი გარდაიცვალა 1981 წლის 18 მაისს, ქალაქ ფრესნოში, კალიფორნიაში. იქვე დაკრძალეს, მისი გული კი გადაასვენეს და დამარხეს სომხეთში, ისეთ ადგილას, საიდანაც ჩანს არარატის მთა და ვანის ტბის მიდამოები, რომლის სიახლოვესაც არის ქალაქი ბითლისი. მწერლის მშობლები ბითლისიდან იყვნენ წარმოშობით...

განვმარტოთ: არარატი, ვანის ტბა და ბითლისი თურქეთის ტერიტორიაზეა. ადრე ამ ქალაქში ბევრი სომეხი ცხოვრობდა.

მკითხველს ვთავაზობთ უილიამ საროიანის მოთხრობას „გენიოსი“, რომელიც მშვენივრად თარგმნა ზაალ ჩხეიძემ. თუ არ ვცდები, ეს მოთხრობა სხვასაც აქვს ნათარგმნი ქართულად.

გენიოსი

(თარგმნა ზაალ ჩხეიძემ)

ზემოთ იზასთან, ერთ საღამოს, ახალგაზრდა ვილვეტისშარვლიანი გენიოსი მომიახლოვდა და მითხრა: ,,თქვენზე მითხრეს მწერალიაო, მე ამბავი მაქვს, რომელზეც დიდებული ფილმის გადაღება შეიძლება, ოღონდ გამოცდილი კაცი მჭირდება, რომ ყველაფერი დამიწეროს, თვითონაც დავწერდი, მაგრამ ვმუშაობ, თავის რჩენა ხომ მინდა, სამუშაოდან კი ისეთი დაღლილი ვბრუნდები, წერის თავი აღარ მაქვს.”

ცოტა ნასვამი ვიყავი, ჩვევად მაქვს, არასდროს ბევრს არ ვსვამ და არც ახალგაზრდა ხელოვანების მოსმენა მეზარება. ამიტომ ვუთხარი: ,,მიდი, მოყევით ეგ ამბავი, თუ ივარგა, დავწერ და მეტრო-გოლდუინ-მაიერს გადავაღებინოთ ფილმად. აბა, მოყვებით?”

თუ ოდესმე ,,ნეიშენალ მაგაზინში” მოთხრობა დაგიბეჭდავთ და იქაურ წრეში გიტრიალიათ, აუცილებლად შეხვდებოდით ადამინებს, რომლებმაც ისეთი ამბები იციან, იმათზე დიდებულ ფილმებს გადაიღებდა კაცი. ქვეყანა სავსეა ასეთი ამბების მცოდნე ხალხით, თან ჯერ ყველა დაუწერელია. მაგრამ ეტყობა ის ადამინები, ფილმებს რომ იღებენ, არასდროს არ ხვდებიან ამ ადამიანებს, ან თუ ხვდებიან, ამბებს არ აყოლებენ.

ამიტომაც, როგორც წესი, საძაგელ ფილმებს იღებენ ხოლმე, ტექნიკური თვალსაზრისითაც კი, მაშინაც კი თუ კლარკ გეიბლი, ჯონ ბერიმორი, ნორმა შირერი, ან კიდევ ვინც გინდათ ის, თამაშობს შიგნით.

ის ხალხი, ვინც ფილმებს იღებს, უბრალოდ სულაც არ ცდილობს, კარგი ფილმი გადაიღოს.

ზემოთ, იზასთან, ყოველ ღამე საშუალოდ 87 ასეთ ამბავს ყვებიან, მაგრამ ფილმად ჯერ არც ერთი არ გადაუღიათ.

ბიჭს ვუთხარი, მიდით, მომიყევით-მეთქი.

- თავიდან დავიწყო? - მკითხა.

- არ არის აუცილებელი, - მე ვუთხარი, - საიდანაც გინდათ, იქიდან დაიწყეთ, გინდაც ბოლოდან მოყევით. ისე შეგიძლიათ დაჯდეთ, თუ გინდათ.

- გმადლობთ, - მითხრა, - ვიდგები, მირჩევნია.

- რამდენი ხანიც დაგჭირდებათ, იმდენ ხანს შეგიძლიათ ილაპარაკოთ.

- სათქმელი ბევრი არც არაფერია, - მითხრა, - აი, თვითონ ამბავიც: ის ამბობს რამეს ვიზამ, მთელი ცხოვრება კლერკად არ დავრჩებიო. გემზე ჯდება და შანხაიში მიდის.

- ვინ?- ვკითხე.

- ბიჭი, - მითხრა, - კლარკ გეიბლი.

- ოჰო, - მე ვუთხარი, - ესე იგი, კლარკ გეიბლი. ამბობს, რამეს ვიზამო, მაინც რას ვიზამო, რას ამბობს?

- გემზე ავა თუ არა, პირდაპირ გოგოს დაეჯახება.

- გოგოს?- ვკითხე.

- ჯოან კროუფორდს.

- აჰ, ჯოანს, - გავიმეორე მე, - მერე რა ხდება?

- მერე ერთმანეთი შეუყვარდებათ.

- ე. ი. ბიჭი უკვე შვრება რამეს?

- ჯერ არა, ბოლოში.

- გასაგებია, - მე ვუთხარი, - რამე განსაკუთრებულს შვრება?

- ცოლად მოიყვანს ამ გოგოს.

- ფულის საქმე როგორ აქვთ? - ვკითხე, - რომელს აქვს?

- გოგოს. მთელი უბედურებაც ეგ არის.

- ოჰო, - მე ვუთხარი, - ე. ი.

უბედურება?

- დიახ, ეს პატიოსანი ბიჭია, ჟიგოლო არ არის, ჰოდა, როცა ნახავს გოგოს ბევრი ფული აქვსო, აღარ მოყავს ცოლად.

- რატომ? - ვკითხე.

- ბიჭს გონია, მიუხედავად იმისა რომ მიყვარს, ამ მდიდარ გოგოს ცოლად მაინც ვერ მოვიყვანო, ჰოდა, ჩხუბობენ ამაზე.

- ისე სასხვათაშორისოდ, რა თქმა უნდა, - მე ვუთხარი, - სერიოზულად არა ალბათ.

- სრულიად სერიოზულად. ეს გოგო თუ შანხაიში ჩასვლამდე არ გათხოვდა, თვრამეტ მილიონს ვეღარ მიიღებს მემკვიდრეობით.

- რამდენ მილიონს? - ვკითხე.

- თვრამეტს.

- როგორ გგონიათ, - ისევ ვკითხე, - ეს ფული, ყველა მიზნის მისაღწევად ეყოფათ?

- რა ვიცი, რიგიანი თანხაა.

- ვხუმრობ, - მე ვუთხარი, - მერე რა ხდება.

- მერე ამ გოგოზე ერთი შუახნის ბანკირია დანიშნული, მაინცდამაინც კარგი შესახედავი ვერ არის და გოგოს არ უნდა, რომ მისთხოვდეს. ამიტომაც ცდილობს რამე გააკეთოს.

- ბიჭოს, - მე ვუთხარი.

- ჩხუბის მერე, გოგო ეუბნება, თუ ეგრეა ბანკერს გავყვები ცოლადო, ბიჭი რომ აეჭვიანოს, იმიტომ ეუბნება.

- აი, კიდევ ახირებული საქციელი. - მე ვუთხარი.

- დიახ, ჰოდა, კაპიტანი გემზე ქორწილის გასამართად გეგმებს აწყობს. მთავარი ამბები ახლა იწყება. თვალის დახამხამებაში, სულ ერთი-მეორეს მიყოლებით ხდება ყველაფერი. ჩინელი მეკობრეები ატყვევებენ გემს და ჩინელების კაპიტანი გადაწყვეტს, ამ გოგოს მე თვითონ მოვიყვან ცოლადო, საქორწინო ფორმალობების გარეშე, რა თქმა უნდა.

ბანკირისთვის სულ ერთია, მაგრამ ბიჭი ვერ იტანს ჩინელს. ჩინელი კიდევ ახალგაზრდა, განათლებული კაცია და მთელ გემზე ყველაზე უკეთ იცის ინგლისური.

- მერე, - მე ვუთხარი.

- ჩინელი თავის კაბინაში შეიტყუებს გოგოს და გამოუდგება.

- ეგ ცუდია. - მე ვუთხარი.

- ჩინელი ოთახში დასდევს გოგოს. ამ დროს, ბიჭი კარებს ამტვრევს. ბიჭი და ჩინელი ერთმანეთს ეძგერებიან. ჩინელი ზურგზე დააგდებს ბიჭს, დანას ამოიღებს და ის არის უნდა გაუყაროს.

- სად? - ვკითხე.

- გულში პირდაპირ, რომ გოგო ჩინელს სკამს დააფშვნის თავზე.

- ესეც შენი სიყვარული, - მე ვუთხარი.

- ამასობაში გემზე ტელეგრამას იღებენ, ბანკირი დააპატიმრეთ, ქურდობა და ორცოლიანობა ედება ბრალადო.

- მეტი არაფერი? - მე ვუთხარი.

- სავარაუდოდ მკვლელობაცო. ფილმის ბოლოს ბიჭი და გოგო კოცნიან ერთმანეთს.

- ბიჭოს, რა დასასრულია, - მე ვუთხარი.

- როგორია? - მკითხა.

- შესანიშნავი, - მე ვუთხარი.

- მართლა კარგია?

- სუნთქვა შეგეკვრება კაცს, - მე ვუთხარი, - განსაკუთრებით მაშინ, ის ჩინელი რომ დასდევს გოგოს.

- მეც მასე ვიფიქრე ეგ ადგილი, მოეწონება-მეთქი, - მითხრა, - მგონი ამაზე ჯერ წიგნი უნდა დაწეროთ და მერე მიყიდოთ სტუდიებს ფილმის გადასაღებად.

- ღმერთო ჩემო, - მე ვუთხარი, - მაგის გაკეთებას რა უნდა, მაგრამ გუშინ წინ დავანებე თავი წერას.

- რატომ? - მკითხა.

- მომბეზრდა, - მე ვუთხარი, - სულ ერთი და იგივე სისულელე უნდა წერო კაცმა.

- ეს ხომ სულ სხვაა, - მითხრა, - ის ჩინელი გაიხსენეთ, აღმოსავლეთი დასავლეთის წინააღმდეგ.

- მაინც არაფერი გამოვა, - მე ვუთხარი, - გუშინ წინ დავანებე თავი წერას.

თვითონ დაწერეთ.

- გგონიათ წიგნს დამიბეჭდავენ? - მკითხა.

- სულელები იქნებიან თუ არ დაგიბეჭდავენ, - მე ვუთხარი.

- როგორი სტილით დავწერო?- მკითხა.

- ოჰ, - მე ვუთხარი, - სტილზე ნუ იფიქრებთ, სამუშაოს მერე, როგორც თავში მოგივათ, ისე ჩამოწერეთ ფურცელზე და ნახავთ, რა მშვენიერი სტილი გამოვა. იმდენი იქნება, კიდევ ორ ფილმს გადაიღებს კაცი.

- გრამატიკაში მოვიკოჭლებ, _ მითხრა.

- მეც, - მე ვუთხარი, - მაგაზე არ იჯავროთ, ეგ თქვენი სტილის, თქვენი გამორჩეულობის ნაწილი იქნება. თავს მოვიჭრი თუ ნამდვილი გენიოსი არ იყოთ.

- არა, - მითხრა, - მე აზრები მარტო წიგნების და ფილმებისთვის მომდის თავში, მეტი არაფერი. თან იმდენი მავიწყდება, მთელ დუჟინ წიგნს და ფილმს გადაიღებდა კაცი.

- დაწერეთ მერე, - მე ვუთხარი, - მასე ყოველ წუთს ფულს კარგავთ.

- ფანქარი გაქვთ?- მკითხა.

- ვშიშობ რომ არა, - მე ვუთხარი, - წერას გუშინ წინ დავანებე თავი.

- რა ეშმაკი გეტაკათ?

- ჩემი მონაჩმახი ფილმისთვის არ ვარგა, - მე ვუთხარი, - ხანდახან მოთხრობას თუ გავყიდი ოცდაათ-ორმოც დოლარად. საფილმე აზრები არ მომდის. ადრე მეგონა, დრო გავა და ეგეთ რამეს მეც დავწერ-მეთქი, მაგრამ ვერ დავწერე. ჰოდა, დავანებე თავი.

- მაგარია, - მითხრა, - მე წამდაუწუმ მომდის საფილმე აზრები.

- ვიცი, - მე ვუთხარი, - ისღა დაგრჩენიათ, დაჯდეთ და დაწეროთ. ნახავთ, ცოტა ხანში რა მდიდარი და ცნობილი კაცი გახდებით.

- კიდე ერთი იდეა მაქვს ფილმისთვის, იმასაც გეტყვით. - მითხრა.

- ჯო, - გავძახე. ჯო მაგიდასთან მოვიდა.

- ჯო, - მე ვუთხარი, - აი, შენ ათი ცენტი. ჩადი და ფანქარი ამომიტანე.

ჯო იზისთან გავიდა. იზიმ ერთი მიიხედ-მოიხედა და ფანქარიც იპოვნა. თითისტოლა, ერთი ციცქნა რამე იყო. ჯომ შემომიტანა.

მე ბიჭს გავუწოდე.

- მისმინეთ, ჯორჯ, - მე ვუთხარი, - დროს ნუ დაკარგავთ, აი, ფანქარი, ნახეთ, გათლილია და რამე. წაიღეთ ეს ფანქარი, შინ წადით და მთელი თქვენი აზრები ქაღალდზე გადაიტანეთ. ერთი ძველი ქაღალი როგორ არ გექნებათ სახლში, ლინკოლნი თავის ცნობილ სიტყვებს კონვერტის ზურგზე წერდა.

ფანქარი კი გამომართვა, მაგრამ არ წამომდგარა.

- ვიფიქრე, ამაღამ გავერთობი და წერას ხვალიდან დავიწყებ მეთქი, - მითხრა.

- არა, - მე ვუთხარი, - არა ხართ მართალი. პირდაპირ შინ წადით და მუშაობას შეუდექით, სანამ ჯერ კიდევ ცინცხალია თქვენი აზრები.

- კარგით, - დამეთანხმა.

ფანქარი პალტოს უბეში ჩაიდო, თვალებზე ქუდი ჩამოიფხატა და გავიდა.

- ჯო, - მე ვუთხარი, - სამი ლუდი შემომიტანე.