ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება მარადიულ თემებზე ფიქრია
12:45:40     25-12-2010
გამოფენა “ესკიზი, ილუსტრაცია”, მისი შემოქმედების ყველაზე ვრცელ და საზოგადოებისათვის უცნობ მონაკვეთს წარმოადგენს. ირაკლი ფარჯიანის გარდაცვალების მიუხედავად, იგი დღემდე ცოცხლობს ქართულ რეალობაში თავისი შემოქმედებით.
მან ხატვა პატარა ასაკიდან დაიწყო. მამამისი, სპირიდონ ფარჯიანი, პარტიის წევრი და სვანეთის სამხარეო პარტკომის მდივანი იყო, ამის მიუხედავად სპირიდონ ფარჯიანს თავისუფალ დროს ხეში კვეთა უყვარდა. ეს მისი ჰობი გახლდათ, რომელმაც შვილებზეც დიდი გავლენა მოახდინა.
ირაკლი ფარჯიანის საყვარელი ჟანრი იყო მინიატურა, რელიგიური თემატიკა, ხოლო მისი ბერლინის ციკლი გამოირჩევა მასშტაბურობითა და ახალი ფერებით. მის შემოქმედებაში ხშირად მეორდება ერთი და იმავე თემაზე შექმნილი ნამუშევრები. საყვარელი თემა იყო "ხარება," რომლის რამდენიმე ვერსია სხვადასხვა მასალით აქვს შესრულებული. იგი, ქრისტიანულ თემებზე შექმნილ ნამუშევრებში იცავს ფერთა ქრისტიანულ სიმბოლიკასაც.
ირაკლი ფარჯიანი თავისი შემოქმედებით აბსტრაქციონისტი და იმაგინაციური რეალისტია, თუმცა ნატურმორტებისა და პეიზაჟების ავტორიც გახლავთ. ფარჯიანის მთელი შემოქმედება ფიქრია მარადიულ თემებზე – რწმენაზე, სიყვარულზე, ჭეშმარიტების ძიებაზე. ყველა ნამუშევარი მაღალი სულიერების, დიდი კულტურის, გულწრფელობის და სიყვარულის მატარებელია. სურათებზე ერთმანეთის გვერდით თანაარსობენ ისეთი საგნები, რომელთა გვერდიგვერდ წარმოდგენა რეალურ ცხოვრებაში ძნელია, მაგრამ მხატვარი ამას ისე ფაქიზად უშუალოდ აკეთებს, რომ ჩვენ ყოველივეს ემოციური სიმშვიდით ვხვდებით. თითოეულ ნახატში მხატვრის ფიქრი, მისი მდიდარი სულიერი სამყაროა ასახული.
1978-1978 წლებში სურათების სახელმწიფო გალერეაში სეზონურ გამოფენებზე დემონსტრირებული იყო ირაკლი ფარჯიანის სურათები: "პასტორას ოჯახი" და "ოთახი", რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებათა ნიშნებად იქნა აღქმული.
ირაკლი ფარჯიანის შემდგომ სურათებში: "შეხვედრა" (შექმნილი 1980 წელს), "დიდი თეთრი ნატურმორტი" (შექმნილი 1981 წელს), "ჭასთან" (შექმნილი 1981 წელს) "ბაღში" (შექმნილი 1982 წელს) - ნახატი კიდევ უფრო პირობითი, უფრო სტილიზებულია, ჩნდება მხოლოდ ფარჯიანისათვის დამახასიათებელი ნახევრადზღაპრულ პერსონაჟთა სახასიათო ტიპაჟი.
ირაკლის ხელითაა გადაწერილი და დასურათებული იოანეს, მარკოზისა და ლუკას სახარება, ასევე ჰომეროსის ოდისეა, გოეთეს ფაუსტი და სხვ.
შექმნილი აქვს უამრავი პორტრეტი, მათ შორის ოჯახის წევრებისა და მეგობრების. მისი გამოფენებით არაერთხელ დამტკბარა ქართველი და უცხოელი დამთვალიერებელი.
ერთობლივი გამოფენები:
1986 წელი – გამოფენა “ქართული ხელოვნების რეტროსპექტივა” მოსკოვი, რუსეთი.
1987 წელი – “თაობათა გამოფენა” მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო.
1988 წელი – ქართველ მხატვართა ერთობლივი გამოფენა, პალერმო, იტალია.
1990 წელი – “სამი ქართველი მხატვრის გამოფენა,” “დოიჩე ბანკის” საგამოფენო დარბაზი.
1990 წელი – “ფიროსმანიდან ავანგარდამდე,” გალერეა “ბროცი” ბარსელონა, ესპანეთი.
2000 წელი – ქართველ მხატვართა ერთობლივი გამოფენა, პირმასენსი, გერმანია.
პერსონალური გამოფენები:
1994 წელი – “გერმანული ციკლი” გალერეა “ვაჩა” თბილისი საქართველო.
1994 წელი – გოეთეანუმი, დორნახი, შვეიცარია.
1995 წელი – “მეტაფიზიკური ლანდშაფტი” გალერეა “TMS”, თბილისი საქართველო.
1996 წელი – სორბონის უნივერსიტეტის ტაძარი, პარიზი, საფრანგეთი.
1997 წელი – გრეგორის უნივერსიტეტი, რომი, იტალია.
1998 წელი – “თანამედროვე ხელოვნების გალერეა”, თბილისი საქართველო.
1998 წელი – “ხარება და ყვავილები,” “ძველი გალერეა” თბილისი საქართველო.
1999 წელი – “მანგლისის ციკლი,” “ძველი გალერეა” თბილისი საქართველო.
2000 წელი – “მხატვარი და მოდელი,” “ძველი გალერეა” თბილისი საქართველო.
2000 წელი – საიუბილეო პერსონალური გამოფენები: ეროვნული გალერეა, გალერეა “TMS,” “N”
გალერეა, გალერეა “შარდენი”, “ძველი გალერეა”, თბილისი საქართველო.
2000 წელი – გალერეა “შარდენი”, თბილისი საქართველო.
2002 წელი – გალერეა “თMშ”, თბილისი საქართველო.
2002 წელი – გალერეა “ჰობი”, თბილისი საქართველო.
2004 წელი – გალერეა “ბაია”, თბილისი საქართველო.
ირაკლი ფარჯიანი საქართველოს ეროვნული ჯილდოსა (1992წ.) და ფიროსმანის პრემიის ლაურეატი (1996წ.) გახლდათ.
ირაკლი ფარჯიანს ჯანმრთელობა 20 წლის ასაკში შეერყა. მას ტუბერკულოზის დაწყებითი სტადია ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში გაურთულდა. მისი სუსტი ფილტვებისთვის ზეთის საღებავების სუნი მავნებელი იყო, მაგრამ დასვენებისა და მკურნალობის ნაცვლად, იგი უფრო და უფრო გადაეშვა საქმეში უფრო მეტი ენთუზიაზმით ხატავდა.
იგი 1991 წლის 23 დეკემბერს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.