„The Washington Post“: რუსეთის მთავრობისთვის სააკაშვილის გუნდის დამარცხება სასიხარულო აღმოჩნდა

  11:36:53     04-10-2012

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი - ნატო თუ რუსეთთან დიალოგის აღდგენა - ამ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას უცხოური გამოცემები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ დაწერილ სტატიებში.

ანალიტიკოსი ჟურნალისტები სვამენ კითხვას, რამდენად შესაძლებელია ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობის აღდგენა და, იმავდროულად, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი.

„Washington Post“ წერს, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით და არა რევოლუციით.

„თეთრმა სახლმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის დიდ მიღწევად შეაფასა და ორი მთავარი პოლიტიკური ძალის ლიდერებს ურთიერთთანამშრომლობისკენ მოუწოდა.“ - ვკითხულობთ გამოცემაში.

უცხოური გაზეთი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის კავშირზე საქართველოს ჩრდილო მეზობელთან. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს ახალ მთავრობას რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი უხელმძღვანელებს.

„მეზობელი რუსეთის მთავრობისთვის მიხეილ სააკაშვილის გუნდის დამარცხება სასიხარულო აღმოჩნდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ვლადიმერ პუტინსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რუსეთ-საქართველომ დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა.“ - ვკითხულობთ გამოცემაში.

ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის მიღწევებზე საუბრობს და წერს, რომ პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა, მოიზიდა უცხოური ინვესტიციები, რისი საშუალებითაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გააღრმავა ურთიერთობები ევროკავშირსა და ნატოს წევრ სახელმწიფოებთან.

სტატიაში ჟურნალისტი ივანიშვილის საგარეო პოლიტიკურ კურსზეც მსჯელობს.

„ივანიშვილი ირწმუნება, რომ გააგრძელებს სააკაშვილის პოლიტიკურ კურსს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

თუმცა, ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ აღადგენს 2008 წლის ომის შემდგომ შემწყდარ სავაჭრო და დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან“ - ნათქვამია სტატიაში.

„Washington Post“ წერს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოსთან თანამშრომლობაზე ალაპარაკდა.

სტატიაში მოტანილია რუსი პოლიტოლოგის შეხედულებაც, რომელიც ამბობს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი დაიწყება, თუმცა საელჩოების გახსნა მალევე ვერ მოხდება.

სტატისი ავტორის აზრით, ყველაზე მთავარი დაბრკოლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხია, რომელთა დამოუკიდებლობა რუსეთმა აღიარა.

„საქართველომ ტერიტორიები 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა და იქ დღემდე რუსული ტანკები დგანან“ - წერს “Washington Post”.