ნიკა ჩიტაძე: ივანიშვილის „თითის ქვნევის“ პოლიტიკას არ ვეთანხმები

  13:23:27     03-10-2012

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით შესულ ძალას ურჩევს, რომ არავითარ შემთხვევაში არ თქვან უარი ქვეყნის საგარეო კურსზე და შეინარჩუნონ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აღებული კურსი. 

ნიკა ჩიტაძე: რუსეთი ყველანაირად შეეცდება, ახალ პოლიტიკურ ძალასთან ვაჭრობას. ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა დღეს უნდა იყოს ის რომ ქართველი ხალხის ნებას წინ არ აღუდგეს და უარი არ თქვას ნატოზე.

გუშინდელი გამოსვლიდან თუ ვიმსჯელებთ, ამ ეტაპზე ივანიშვილი რუსეთთან რაიმე სახის გარიგებაზე წასვლას არ აპირებს. თუმცა, ჩვენ გვახსოვს პოლიტიკაში მისი გამოჩენისთანავე რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული ხმაურიანი განცხადებებიც.

- როგორც ექსპერტი, როგორ შეაფასებდით საქართვევოში ჩატარებულ არჩევნებს?

- საერთაშორისო დამკვირევებელთა შეფასებით, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულობასთან ყველაზე ახლოს იდგა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მოქალაქეთა დიდმა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკური პროცესის მიმართ ნდობა არსებობს. მე პატივს ვცემ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს. ვიმედოვნებ, რომ საზოგადოება და მედია, რომელიც სააკაშვილსა და მმართველ გუნდს აკრიტიკებდა იგივეს გააგრძელებს ივანიშვილთან მიმართებაშიც.

- დემოკრატიულ ნაბიჯად შეფასდა ასევე მიხეილ სააკაშვილის გუშინ გაკეთებული განცხადებაც. პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ის პატივს სცემს მოსახლების უმრავლესობის არჩევანს და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომბობის იმედი გამოთქვა.

– მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებით, პოლიტიკური შეგნების დიდი მაგალითი აჩვენა არა მარტო ქართველებს, არამედ უცხოელ თანამეგობრობას. მან შეძლო დამარცხების აღიარება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მან იმ დონის დემოკრატიის გარემოს შექმნა შეძლო, რომელშიც დამარცხებულებს ღირესულად წასვლა შეუძლიათ. ეს უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯია. ალბათ, მმართველი გუნდის დამსახურებაა ისიც, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ხელიუფლება არჩევნების გზით იცვლება.

- ივანიშვილმა ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა და იმპიჩმენტით დაემუქრა...

- ივანიშვილის „თითის ქვნევის“ პოლიტიკას არ ვეთანხმები. სამწუხაროა, როცა უმრავლესობით მოსული პოლიტიკოსი არჩევნებიდან მეორე დღიდანვე ულტიმატუმის ენით საუბარს იწყებს. ვთვლი, ამაზე პასუხი იმ ხალხს, დაუყოვნებლივ უნდა მოეთხოვა, ვინც ბიძინა, ბიძინას გაიძახდა და დროშებს აფრიალებდა.

მე ნამდვილად არ მინდა ისევ გამოსვლები დაიწყოს. მსურს ქვეყანაში მყარი დემოკრატიული პრინციპები არსებობდეს და მსგავსი დაუფიქრებელი განცხადებები არ კეთდებოდეს. ამასთანავე, იმპიჩმენტის მოთხოვნას კანონმდებლობა არეგულირებს და არა ბიძინა ივანიშვილი. ამის მოთხოვნა ასე მარტივად არ ხდება.

- ივანიშვილმა ბევრი ისაუბრა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურის შესაძლო ნგრევაზე. უარი ითქვა ლაზიკაზე, ბათუმზე, ფოთსა და ასე შემდეგ...

– ჩემი აზრით, ივანიშვილს ნგრევის ნაცვლად უნდა ესაუბრა მომავალ პროექტებსა და გეგმებზე. მე, როგორც მის ამომრჩეველს, მაინტერესებს რა ცვლილებები შემეხება მე, როგორც მოქალაქეს. მაინტერესებს რა რეფომებს გაატარებს სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში, როგორი იქნება საგარეო კურსი, შიდა პროდუქტი, განათლება ჯანდაცვა და სხვა... ამაზე გუშინ აქცენტი არ გაკეთებულა.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ აჩვენა, რომ ის ნაწყენია სააკაშვილზე და შურისძიებას იმით გეგმავს, რომ გაანადგურებს სააკაშვილის მიერ შექმნილ პროექტებს, რომლითაც ის თავს იწონებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლიდან მას 54%–მა დაუჭირა მხარი, დანარჩენი 40 პროცენტი კი კრიტიკულია მის მიმათ და ეს ადამინები მას ერთი რეფორმის ჩავარდნასაც კი არ აპატიებენ.

ივანიშვილის ახალბედა გუნდს საკმაოდ ძლიერ ოპოზიციასთან მოუწევს შერკინება. ამასთანავე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მასმედიაც ისეთივე ძლიერი მომთხოვნი უნდა დარჩეს ივანიშვილის მიმართ, როგორც მმართველი გუნდის მიმართ იყო. აქ რა თქმა უნდა, ივანიშვილის მიმართ ლოიალურად განწყობილი ჟურნალისტებიც იგულისხმებიან. თქვენ კოლეგებს მოუწევთ ძალიან დიდი ტესტის ჩაბარება, რათა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად ნეიტრალურები და მომთხოვნნი იქნებიან ნებისმიერი მხარის მიმართ.

- ამის პარალელურად უკვე მეორე დღეა გარკვეული სახის ზეწოლა მიმდინარეობს ცესკოზე...

– არ მინდა ისე მოხდეს, რომ რახან დასავლელი მეგობრების მხრიდან გარკვეული სიმპატიები გაისმა არჩევნების ჩატარების მიმართ, „ქართული ოცნების“ მომხრეებმა აღიქვან რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ და აიძულონ ცენტრალური საარჩევნო კომისია მათთვის სასურველი შედეგი დადოს. ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე.

- პარლამენტის თავმჯდომარის სკამი ვაკანტურია, ივანიშვილის თქმით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კახი კალაძეს არ ჩააბარებს...

– თანამდებობების განაწილებისას კოლიციაში შემავალ ლიდერებს შორის შესაძლოა კონფლიქტმა იჩინოს თავი. ვიმედოვნებ, რომ ეს ფაქტი კახი კალაძის განაწყენებას არ გამოიწვევს. უახლოესი მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს, ვნახოთ როგორ შეძლებს მენეჯმენტში გარკვეული ბიძინა ივანიშვილი მთავრობის დაკომპლექტებას.