
წიკლაური: ამ არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა
23:43:35     01-10-2012
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა უძიმეს ბრძოლაში გამარჯვებას მიაღწია, სადაც ხელისუფლებამ დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვით იმოქმედება. მისი თქმით, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ არჩევნები რაღაცა ფორმით ფალსიფიცირებულად გამოცხადდეს. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:
– კმაყოფილი ხართ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგებით?
– უპირველეს ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მოქალაქეთა დიდმა პროცენტმა მონაწილეობა მიიღო. ამომრჩეველთა რაოდენობა კი, იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკური პროცესის მიმართ ნდობა არსებობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა. საბოლოო მონაცემები ცნობილი არ არის, მაგრამ ვინაიდან, რამდენიმე ათეული ოლქი მოვიგეთ, უმრავლესობით მოვალთ. ეს უმრავლესობა კი, იმისათვის გვჭირდება, რომ საქართველო წარსულში აღარასოდეს დაბრუნდეს, არამედ ქვეყანამ ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით იაროს და ის პროგრამები შეასრულოს, რომელიც ხელისუფლებამ წარადგინა. ქვეყანა რუსეთისაკენ აღარ დაბრუნდება და ის პოლიტიკოსი, რომელიც ოცნებობდა, რომ პუტინის ოცნება – საქართველოს დესუვერნიზაციასთან დაკავშირეებით მიეღწია დამარცხებულია. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა და მიმაჩნია, რომ ეს იყო უძიმეს ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება, სადაც ხელისუფლებამ დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვით იმოქმედება. მმართველი გუნდის გამარჯვებას ყველა ჩვენს ამომრჩეველს ვულოცავ, რადგან ისინი საქართველოს ეროვნულ იდეალებს მხარში ედგნენ. საბოოლოო ჟამში, დიდი უმრავლესობას მივიგებთ, რომ ქვეყანა განვავითაროთ, უკან კრიმინალებთან არ დავბრუნდეთ და ქვეყანამ შენება განაგრძოს.
– თუმცა, ეგზიტპოლის განსხვავებულ შედეგებს „მაესტრო“ და „ამომრჩეველთა ლიგა“ დებენ. უზუსტობას აქვს ადგილი?
– „ამომრჩეველთა ლიგის“ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგების თავად ლიგასაც არ სჯერა, რადგან მათი მონაცემები ძალიან არასერიოზულია და გარწმუნებთ, რომ სულ მცირე ხანში, მას შემდეგ, რაც ცესკო ოფიციალურ დოკუმენტაციას გამოაქვეყნებს, ჩემს პოზიციაში დარწმუნდებით. ეგზიტპოლის შედეგები ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა წარადგინეს, რომელთა ცდომილება ძალიან მცირეა.
– „ქართული ოცნების მხარდამჭერებს“ აქვთ განცდა, რომ მათ საპარლამენტო არჩევნები უმრავლესობით მოიგეს. . .
– ეს ძალიან მიამიტური აზრია და ამაში, ხვალ თავადაც დარწმუნდებიან.
– თუმცა, კოალიციის აქტივისტების მოლოდინი გახდება თუ არა დაძაბულობის საბაბი?
– ის დარღვევები, რომელიც იყო არჩევნების შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და ამ არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა. არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ არჩევნები რაღაცა ფორმით ფალსიფიცირებულად გამოცხადდეს. იმედი მაქვს, რომ ხვალ, ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაადასტურებენ. ამის შემდეგ კი, თუ ვინმე ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობის შემოტანას მაინც გადაწყვეტს, ეს იქნება დესტრუქციული ძალა და ჩვენი პროგნოზი გამართლდება, რომ ეს ძალა სხვა ქვეყნის მიერ იმართება. იმ შემთხვევაში, თუ მართული ძალა ამ ტიპის ქმედებების განხორციელებას გადაწყვეტს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს და სამართალდამცავები ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იმოქმედებენ.