ლევან გაჩეჩილაძე შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდეს

  14:33:26     24-12-2010

საზოგადოების ერთი ნაწილისგან ,,ქართული პარტიის’’ ლიდერის ლევან გაჩეჩილაძისა და მისი თანამოაზრეების მისამართით მუდმივად ისმოდა შეფასება, ,,ქუჩის ოპოზიცია’’. ამჯერად კი, შესაძლოა, ,,რადიკალი’’ ოპოზიციონერი მართლაც ქუჩაში აღმოჩნდეს. ძმებ გაჩეჩილაძეებს საკუთრებაში არსებულ ოთხ საცხოვრებელ სახლს ,,ტაო პრივატ ბანკი’’ ედავება.


მიზეზად ,,ქართული პარტიის’’ ლიდერის მიერ პროცენტების გადაუხდელობა სახელდება.

ლევან გაჩეჩილაძემ საკუთრებაში არსებული ოთხი საცხოვრებელი ბინა იპოთეკით რამდენიმე თვის წინ დატვირთა, მათ შორის საგურამოში მდებარე აგარაკი. მოგვიანებით გაირკვა, რომ რადიკალ ოპოზიციონერს კრედიტის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, რის გამოც მას ,,ტაოპრივატბანკმა’’ სასამართლოში უჩივლა.

დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დავა "ტაო-პრივატ ბანკის" სასარგებლოდ გადაწყვიტა, თუმცა ბანკმა გაჩეჩილაძეების კუთვნილებაში არსებული უძრავი ქონების ჩამორთმევა ვერ შეძლო, რადგან ლევან გაჩეჩილაძემ  პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ვიდრე სასამართლო განხილვები არ დასრულდება, იქამდე გაჩეჩილაძეების ოჯახს გამოსახლება არ ემუქრება.

კონკრეტულად რა თანხა აქვთ გაჩეჩილაძეებს ბანკიდან მიღებული, ბინების იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ და რამდენადაა შეფასებული მათი კუთვნილი ქონება? ამის გარკვევას ,,პრესა.ჯი’’ შეეცადა.

,,თავად გაჩეჩილაძე კი ბინების შესაძლო ჩამორთმევას მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს და აცხადებს, რომ მთელი ქონება ბანკში სააკაშვილის `მოშორების საქმისთვის” დააგირავა.

სასამართლოში ლევან გაჩეჩილაძის ინტერესებს ,,კონსერვატორი’’ კახა კუკავა იცავს. როგორც კუკავამ ,,პრესა.ჯი’’-ს განუცხადა, ბანკისადმი დავალიანება  რამდენიმე ასეული ათასი დოლარია. ,,არც ისე მცირე თანხაზეა საუბარი. ოჯახმა ვეღარ შეძლო მისი ყოველთვიურად გადახდა, რაც საქმის სასამართლომდე მისვლის მიზეზი გახდა. მე ვერ გეტყვით, თუ როდის იქნება მორიგი სასამართლო პროცესი, თუმცა ჩემი კლიენტის ინტერესებს ბოლომდე დავიცავ’’-ამბობს კახა კუკავა. 

შეკითხვაზე, რამდენად აქვს მას რესურსი, რომ გაჩეჩილაძეების სასარგებლოდ წარმართოს პროცესები, ადვოკატს პასუხი არ აქვს.

,,პრესა.ჯე’’ დაუკავშირდა ,,ტაო პრივატ ბანკის’’ მარკეტინგის მენეჯერს მაკო ბოცვაძეს, თუმცა მან განაცხადა, რომ ამ ბანკში ლევან გაჩეჩილაძის სახელზე არანაირი დავალიანება არ ფიქსირდება.

არსებობს ვერსიაც, რომ იპოთეკით დატვირთული ბინებიდან ერთი, რომელზეც ორი მხარე დავობს, ლევან გაჩეჩილაძის საკუთრებაში არ იმყოფება და ის ლევან გაჩეჩილაძის მეუღლის თუ სიდედრის სახელზეა გაფორმებული.

ამ საქმის დეტალების გასარკვევად კიდევ რამდენიმე სასამართლო პროცესის გამართვაა საჭირო. ვიდრე გაჩეჩილაძეები მოდავეებთან საქმეს გაარკვევდნენ ,,პრესა.ჯი’’-მ გაარკვია, თუ რა მიზეზით იქნა გადაცემული სასამართლოს გაჩეჩილაძეების საქმე.

როგორც ,,ტაო პრივატ ბანკის’’ თანამშრომელმა განგვიმარტა, იპოთეკით დატვირთული ბინის შემთხვევაში, მინიმუმ 5 თვე არ უნდა ჰქონდეს კლიენტს გადახდილი პროცენტი, რომ საქმე სასამართლო დავამდე მივიდეს.

გარდა ამისა, თუკი სასამართლო პროცესი ბანკის სასარგებლოდ გადაწყდება ბანკი ბინებს აუქციონის წესით გაყიდის. ძველ მფლობელს კი აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს. 

თუ ლევან გაჩეჩილაძესა და ,,ტაო პრივატ ბანკს’’ შორის სასამართლო დავას ბანკი მოიგებს, მას  ოთხივე ბინა  ჩამოერთმევა.

ლევან გაჩეჩილაძე ჟურნალისტებთან ურთიერთობას თავს არიდებს, შესაბამისად, გაურკვეველია თუ სად იცხოვრებს ,,სახალხო’’ ოპოზიციონერი, თუკი მისი ოთხივე ბინა ბანკის საკუთრებაში აღმოჩნდება.