თომას ელიოტი - „ჰიპოპოტამუსი“
09:35:48     01-10-2012
1888 წლის 26 სექტემბერს ამერიკაში, სენტ-ლუისში, მისურის შტატში, დაიბადა ცნობილი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, კრიტიკოსი თომას სტერნზ ელიოტი (Thomas Stearns Eliot).
მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული, ტრადიციული და პურიტანული იყო. მომავალი პოეტი პატარაობიდან ავლენდა არაჩვეულებრივ ტალანტს. 14 წლის ასაკიდან წერდა ლექსებს. ძალიან მოსწონდა ომარ ხაიამი. სწავლობდა კერძო სკოლაში, შემდეგ კი ჰარვადის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი დაასრულა სამ წელიწადში. მუშაობდა უნივერსიტეტში ასისტენტად.
მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალში „ჰარვარდის ადვოკატი“, სადაც რედაქტორად მუშაობდა თავად.
1910-1911 წლებში ცხოვრობდა პარიზში და ისმენდა ლექციებს ფილოსოფიაში და შეისწავლიდა უცხო ენებს სორბონის უნივერსიტეტში. 1911 წელს დაბრუნდა ამერიკაში და ჰარვარდის დოქტორანტურაში შეისწავლიდა ინდურ ფილოსოფიას და სანსკრიტს.
1914 წლიდან გადასახლდა ევროპაში. ჯერ გერმანიაში ცხოვრობდა, მარბურგში, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ინგლისში გადავიდა. მუშაობდა ბანკში, სკოლის მასწავლებლად, მერე კი ლიტერატურის პროფესორად. ჯერ ლონდონში ცხოვრობდა, მერე ოქსფორდში.
მისი ლექსების კრებული „პრუფროკის სასიყვარულო სიმღერა“, რომელიც 1917 წელს გამოვიდა, თანამედროვეებმა აღიქვეს ანგლო-ამერიკული მოდერნიზმის მანიფესტად. 1919 წელს გამოვიდა მისი კრებული „ლექსები“. 1922 წელს „იავარქმნილი მიწა“, ომიშემდგომი „დაკარგული თაობის“ ვნებების გამომხატველი. შემდეგ პოემა „ოთხი კვარტეტი“, როგორც ამბობენ ყველაზე ფილოსოფიური პოემა, რომელზეც, მიუხედავად ავტორის ქრისტიანული მრწამსისა, იმოქმედა ინდურმა ვედებმა...
პარალელურად წერდა კრიტიკულ წერილებს ლიტერატურის საკითხებზე. თარგმნიდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს. სიცოცხლის ბოლო ხანებში ითვლებოდა უდიდეს ინგლისურენოვან პოეტად ცოცხალთა შორის. ის ვერ იტანდა თანამედროვე სამყაროს მიერ ადამიანის სულის შევიწროებას.
მას ანტისემიტიზმში სდებდნენ ბრალს, მაგრამ, როგორც გაირკვა, ის ეხმარებოდა ებრაელებს ავსტრიიდან და გერმანიიდან ამერიკაში და ინგლისში გადასახლებაში. როგორც ამბობენ, ელიოტი მიესალმა ისრაელის სახელმწიფოს დაარსებას. სხვათა შორის, არა ერთი კონსერვატორი მიესალმა ისრაელის ტრადიციონალისტური სახელმწიფოს შექმნას და მაგალითად დაუსახეს სხვა ერებს მსგავსი კონსერვატიულ-ტრადიციონალისტური სახელმწიფოს აშენება.
1948 წელს დაჯილდოვებულ იქნა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში. იმავე წელს მიიღო ბრიტანეთის ღირსების ორდენი. 1954 წელს დააჯილდევეს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ოდენით და ჰანზის კავშირის გოეთეს პრემიით.
დიდი პოეტი გარდაიცვალა 1965 წლის 4 იანვარს. დაკრძალულია ვესმისტერის სააბატოში.
მკითხველს ვთავაზობთ ელიოტის ლექსს „ჰიპოპოტამუსი“, რომელიც მშვენივრად თარგმნა დათო კვაჭაძემ. ეს ლექსი დაიწერა 1925 წელს. ლექსი ელიოტის ანტიკლერიკალური ანტირელიგიური განწყობის დროინდელია. ალბათ, ამიტომ ახლავს მას ეპიგრაფად პავლეს სიტყვები. ბეჰემოტი აქ ბოროტის სიმბოლო უნდა იყოს, როგორც ეს მიღებული იყო შუა საუკუნეებში. აქ, ჩემი აზრით, ეკლესიის ზოგერთი წევრის ფუფუნების მოყვარულობას უნდა აკრიტიკებდეს ელიოტი.
ჰიპოპოტამუსი
და რაჟამს აღმოიკითხოთ თქუენ წიგნი ესე, ეგრეთ ყავთ, რაჲთა ლავდიკელთაცა ეკლესიასა აღმოიკითხოს, და ლავდიკიაჲთ კუალად რაჲთა თქუენვე აღმოიკითხოთ.
პავლე, კოლასელტა მიმართ 4.16
(თარგმნა დათო კვაჭაძემ)
ის არის მსუქანი ჰიპოპოტამუსი
ტალახში რომელიც ყელამდე აგდია
ბუნებამ ასეთი არგუნა სტატუსი
რაც მის არსებისთვის სამძიმო ბარგია.
სხეული სუსტია, ის ცხოვრობს ტანჯვაში
შოკისგან რადგანაც აწყდება ნერვები
როდესაც ნათელ და ჭეშმარიტ ტაძარში
ყოველთვის მყარია ბებერი ფესვები.
ნაბიჯი ჰიპოსი განცხრომას აშორებს
ვერაფრით ეღირსა ის მდიდრულ ცხოვრებას
ხალხს კი ეკლესია მუდმივად ამონებს
და დივიდენდებით აგროვებს ქონებას.
გახლავთ პოტამუსი არც ისე მაღალი
ვერ კიდებს საწყალი თავისით მანგოს ხელს
როდესაც ხილი - ტკბილი და მრავალი
სუფრას ეკლესიის ამსგავსებს სამოთხეს.
ჰიპოს ხმა ეცვლება სიმწიფის ასაკში,
სიტყვასაც მაშინ არაფრით გვეტყვის.
ამ დროს კი გალობა უწმინდეს დარბაზში
ამტკიცებს კავშირს ტაძრის და ღმერთის.
ჰიპოპოტამუსის დღე ძალზე გრძელია,
მზისით მას სძინავს, ღამე კი ნადირობს,
რა ბედნიერია წმინდა ეკლესია,
რომელიც ძილშიც მშვენივრად სადილობს.
ვხედავ პოტამუსმა რომ ფრთები ამართა,
ამაღლდა და მოწყდა ჭაობის სავანას,
გუნდმა ანგელოზთა სიმღერა გამართა,
ასხავენ ღვთიურ მას ქებას და ოსანას.
ბატკანის მსხვერპლია ცოდვილის მწმინდავი,
სამოთხის მოხვდა ის მხიარულ სუფრაზე,
მის ირგვლივ დამსხდარან სულ ყველა წმინდანი
და ჰიპოც უკრავს იქ ოქროსფერ არფაზე.
სული გაბრწყინდება თოვლივით ზეცაზე,
იქნება ნარეცხი ტანჯულთა თუ სისხლში,
ტაძარი მუდამ კი დარჩება მიწაზე,
გახვეულ წყვდიად და ნაღვლიან ბურუსში.