
კაკო ბობოხიძე: „ოცნების“ სახით საქართველოს ქაოსი და ვაკუუმი ელის
15:57:00     28-09-2012
საპარლამენტო არჩევნებამდე, სულ რამდენიმე დღე რჩება და ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა თანდათან მატულობს. პოლიტიკური ძალები ერთმანეთის კომპრომატებს აქვეყნებენ. დღეს კი, კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერების ფარული ჩანაწერების მორიგი სერია გავრცელდა, სადაც ლიდერები ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ შეფასებებს აკეთებენ. ოპოზიციურ ფლაგზე მიმდინარე პროცესები საპარლამენტო უმრავლესობას არ უკვირს და მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ „ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ.
როგორც „პრესა.ჯი–ს“ დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დიალოგების ფარული აუდიო ჩანაწერები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს კოალიციის სახით, ქაოსი ელოდება.
მისი თქმით, კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო პარლამენტში შესვლის დროს დაიშლებიან, არამედ ისინი უკვე დაშლილები და ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან.
„ჩანაწერებიდან კარგად ჩანს – თუ რას წარმოადგენს კოალიციის წევრებისთვის ივანიშვილი, ღარიბაშვილისთვის ხიდაშელი და რაზე ოცნებობს გუბაზ სანიკიძე. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი იმაზე საუბრობს, რომ თითქოს, ივანიშვილის დაცვის წევრმა, სურმავამ ეს ყველაფერი ძალდატანებით გააკეთა, თუმცა, ფაქტია, რომ მან ეს ჩანაწერები გამოაშკარავა. მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობა ყველაფერს სწორად შეაფასებს და იმას არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში ვაკუუმი შეიქმნას, რადგან „ქართული ოცნება“ სწორედ ვაკუუმია და მეტი არაფერი. თუ უარესი არა, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ“, – დასძინა ბობოხიძემ.
კანონმდებელის შეფასებით, ის უკვე კარგად ხვდება ივანიშვილი თუ რატომ არ ასახელებს იმ პირებს, რომელთაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობაში მოიყვანს.
„ის აცხადებდა, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია დაიშლებოდა, მაგრამ ის კატეგორიულად არ ამბობდა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების სათავეში თუ რა ძალას მოიყვანდა. როგორც ჩანს, მას ასეთი ძალა არც ჰყავს. შესაბამისად, ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით რაიმე ხელისუფლებაზე საუბარი შეუძლებელია, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არამარტო საქართველოს, არამედ ერთმანეთს ვერ იტანენ“, – განაცხადა ბობოხიძემ.