
ვინ და რამ შეაშინა ინგა?
14:06:44     27-09-2012
სად გაქრა ინგა გრიგოლია? ეს კითხვა დღეს ბევრს აწუხებს. ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა, რომელიც გლდანში „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ სახელით იყრიდა კენჭს, კანდიდატურა მოხსნა. მიზეზად ქდმ-ს მიერ ცესკო-ს ინიციატივაზე, აიკრძალოს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება დაასახელა.
მას შემდეგ, რაც ინგა გრიგოლიამ ეს განცხადება გააკეთა მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. გრიგოლიას ადგილსამყოფელის შესახებ არ იციან პარტიაში.
ინგა გრიგოლიას თანაგუნდელი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის ამ დროისთვის უცნობია სად იმყოფება ინგა გრიგოლია.
„ამ დროისთვის არ ვიცი სად არის ინგა. თუმცა ამ შემთხვევაში, თუ სად იმყოფება ფიზიკურად და გეოგრაფიულად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ინგამ ემოციურ ფონზე მიიღო ეს გადაწყვეტილება და იმედი გვაქვს, რომ როცა დაველაპარაკებით, ის ამ გადაწყვეტილებას შეცვლის“-აცხადებს გაბუნია.
კითხვაზე, რა მოხდება თუკი ინგა გრიგოლია არჩევნებამდე არ გამოჩნდება, გაბუნია გვპასუხობს: „ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. დარწმუნებული ვარ, რომ ინგა გამოჩნდება და იტყვის თავის სათქმელს“.
რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს, რომ ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკაში ბრუნდება. გაბუნია აცხადებს, რომ ინგას „მაესტრო“ და სხვა ტელევიზიებიც სიხარულით მიიღებენ, თუმცა გავრცელებული ხმები ინგას ჟურნალისტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჭორია.
სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ინგა გრიგოლიას ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტიკაში დაბრუნების სურვილს უკავშირდება.
ამ დროისთვის უცნობია იმყოფება თუ არა ინგა გრიგოლია ქვეყნის დედაქალაქში. გრიგოლიას ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ არ ფლობს ინფორმაციას მისი მეგობარი, გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ მთავარი რედაქტორი თაკო ფხაკაძე. ფხაკაძის განცხადებით, ინგა გრიგოლიას ბოლოს ორი დღის წინ ესაუბრა.
„მისი საბოლო გადაწყვეტილება რა არის ვერ გეტყვით, არ ვიცი. ორი დღეა არ მქონია კონტაქტი. ამ წუთას სად არის არ ვიცი, ალბათ სახლშია. ზუსტად ვერ გეტყვით. რაც შეეხება ჭორებს, რომ ჟურნალისტიკაში ბრუნდება, არა მგონია ეს ნაბიჯი იმიტომ გადაედგა, რომ ჟურნალისტიკაში დაბრუნება უნდა, თუმცა ინგასთვის, რომ ჟურნალისტიკა პირველ ადგილზეა და მერე ყველაფერი დანარჩენი, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“- განაცხადა ფხაკაძემ.
p.s: ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია. ინგამ იცოდა, რომ გლდანში დიდი ანგარიშით წააგებდა არჩევნებს. მას წაგების შეეშინდა და ამიტომ, მოიფიქრა "მიზეზი", კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. და კიდევ ერთი: ქალბატონი გრიგოლია "ქართული ოცნების" კანდიდატს, გლდანში, სოსო ჯაჭვლიანს, კანდიდატურის მის სასარგებლოდ მოხსნისკენ მოუწოდებდა. თუმცა, პირიქით მოხდა - ინგა ბრძოლას გაერიდა და ასპარეზი სხვებს, მათ შორის ჯაჭვლიანს დაუთმო...