დააკავეს სტუდენტები, რომლებსაც ჯადოქართან ადამიანის მოკვეთილი თავი მიჰქონდათ

  16:11:06     26-09-2012

კამერუნის პოლიციამ 5 ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომლებიც ადამიანის სხეულის ნაწილებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილები.
დაკავებულებმა, რომლებიც სტუდენტები არიან, თავადვე განაცხადეს, რომ ადამიანის თავი ქალაქში გასაყიდად მიჰქონდათ.
როგორც წესი, ასეთი „საქონლის“ მყიდველები აფრიკის ამ სახელმწიფოში მაგები და ჯადოქრები არიან.
მოკვეთილი თავი ჩანთაში სპილოს ხორცთან ერთად იყო გახვეული.
სტუდენტები შესამოწმებლად გააჩერეს, როცა ბრაკონიერების წინააღმდეგ რეიდი ტარდებოდა. ჩანთის გახსნის შემდეგ ადამიანის თავის აღმოჩენა სამართალდამცველებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
დაკითხვაზე დაკავებულებმა განაცხადეს, რომ თავი იაუნდაში მოჰქონდათ, სადაც მყიდველი ელოდებოდათ. მათ ფულიც წინასწარ ჰქონდათ აღებული - 10 მილიონი აფრიკული ფრანკი.
ადამიანის სხეულის ნაწილებით ვაჭრობა კამერუნში არცთუ დიდი სკანდალია. ცოტა ხნის წინ იქ მამაკაცი დააკავეს, ასევე ადამიანის თავით, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვიღაც ბიზნესმენი 5 მილიონ აფრიკულ ფრანკს დაპირდა, თუკი ადამიანის სხეულის ახალ-ახალი ნაწილებით, იმ კონკრეტულ შემთხვევაში - თავით მოამარაგებდა.
ადამიანის სხეულის ნაწილებით ვაჭრობა ცენტრალურ აფრიკაში გავრცელებული დანაშაულია. ამის საფუძველი კი ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული ცრურწმენებია.
ითვლება, რომ ადამიანის სხეულის ნაწილების დახმარებით მაგიამ ზებუნებრივი შესაძლებლობების პიკს შეიძლება მიაღწიოს.
ამიტომ ჯადოქრებსა და მაგებს ამ „საქონელზე“ დიდი მოთხოვნა აქვთ. მათი მომარაგებისთვის კი ბოროტმოქმედები არა მარტო საფლავებს თხრიან და გვამებს იპარავენ, არამედ ცოცხალ ადამიანებსაც კლავენ.
მაგალითად, ტოგოში არის ყველაზე დიდი ბაზარი, სადაც მაგიური რიტუალებისათვის გამოსაყენებელი საშუალებები იყიდება. იქ მთელი აფრიკის ჯადოქრები ჩადიან, რათა შეიძინონ ჯადოს ახსნის, მკვდრეთით აღდგომისა თუ პირიქით, ადამიანისთვის ტანჯვის მოვლინების საშუალებები.
„საქონელი“ შემაძრწუნებელია. იქ შეხვდებით ბალახეულებს, ძვლებს - კაცმა არ იცის, -რის, ცხოველთა თავებსა და სხვადასხვა ნაწილებს... ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად, მაიმუნის თათს წარმატების მოტანის მიზნით შემოგთავაზებენ.
ბაზარში უამრავი ადამიანი შედის, რომლებიც თავისი პრობლემების მოგვარებას სწორედ მაგიური რიტუალებისთვის განკუთვნილი საშუალებებით ცდილობენ.
ორიოდე წლის წინ სრულიად მსოფლიო იყო შოკირებული იყო იტალიელი ფოტოგრაფის, მარკო ვერნასკის რეპორტაჟით, რომელმაც დაამტკიცა, რომ აფრიკაში რიტუალური მკვლელობები ისევ ხდება. მას ღმერთებისათვის მსხვერპლთშეწირვის დანიშნულება აქვს. ასეთი შემთხვევები კი ისეთი ხშირია, რომ უგანდის პოლიციაში სპეციალური დეპარტამენტიც კი შექმნეს.
ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც თავად უგანდის მედიამაც გააშუქა, შეეხებოდა 12 წლის ბიჭუნასთვის თავის მოკვეთას, რომელშიც, როგორც გაირკვა, ადგილობრივი ოლიგარქი იყო გარეული, რადგან სურდა, მისი ბიზნესი წარმატებული გამხდარიყო.
უგანდაში ადამიანებს, თავებს, სახლის მშენებლობის დაწყებამდეც აჭრიან, რათა ის საძირკველში ჩამარხონ, - როგორც სჯერათ, სიმყარისა და სიმტკიცისათვის.

ცნობილია, რომ მაგიური რიტუალებისა და ცრურწმენების საფუძველზე 2009 წელს  უგანდაში 400 ადამიანი მოკლეს.