წმინდა ქეთევან დედოფალი
13:13:21     26-09-2012
13 (ახალი სტილით) 26 სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (+1624).
წმინდა ქეთევანი დაიბადა დაახლოებით 1570 წელს აშოთან მუხრანბატონის ოჯახში.
მიათხოვეს კახეთის მეფის ალექსანდრე მეორის უფროს ვაჟს, დავითს.
ალექსანდრე მეფეს ჰყავდა კიდევ ორი ვაჟი, გიორგი და კონსტანტინე. უმცროსი კონსტანტინე ბავშვობიდან მძევლად იყო სპარსეთში, შაჰ-აბას I-ის კარზე. ის შაჰის ჭკუაზე და მაჰმადიანურად გაზარდეს აბასის ბრძანებით.
დავითი მამის სიცოცხლეშივე ავიდა ტახტზე, ალექსანდრე იძულებით მონასტერში წავიდა. თუმცა მალე, ოთხ თვეში, 1602 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ახალგაზრდა მეფე. დავითს დარჩა ორი შვილი, თეიმურაზი და ელენე. კახეთის სამეფო ტახტზე კვლავ ალექსანდრე II ავიდა.
ძმის სიკვდილის შემდეგ კონსტანტინე მირზა კახეთში დაბრუნდა, ვერაგულად მოკლა მამა და ძმა და სამეფო ტახტი დაიკავა. მაჰმადიანური ტრადიციით, მამისმკვლელმა „მეფემ“ მოისურვა ქეთევანის, თავისი ქვრივი რძლის ცოლად მოყვანაც: „შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადისაო“…
ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა მამისმკვლელი მირზასგან კახეთის გათავისუფლების ბრძოლას. გულანთებული პატრიოტებმა ჩააძაღლეს მამისა და ძმის მკვლელი მირზა.
ტახტის მემკვიდრე თეიმურაზი იყო, დავითისა და ქეთევანის ვაჟი, რომელიც იმ დროს სპარსეთში იმყოფებოდა. ქეთევან დედოფალმა შაჰ-აბას მისწერა და სთხოვა დაემტკიცებინა კახეთის მეფედ კანონიერი მემკვიდრე.
შაჰ-აბასი იძულებული გახდა შეესრულებინა კახელთა მოთხოვნა და 1606 წელს მეფედ დაამტკიცა თეიმურაზი და გამოამგზავრა კახეთში.
მეფე თეიმურაზ პირველს პირველი ქორწინებიდან, ანა გურიელთან შეეძინა სამი შვილი, ლევანი, ალექსანდრე და თინათინი. ანა დედოფალი მალე გარდაიცვალა. შაჰის დაძალებით მეორე ცოლად თეიმურაზმა მოიყვანა ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის და, ხორეშანი. შაჰმა ლუარსაბისა და ხორეშანის დაზე, ელენეზე იქორწინა.
1614 წელს შაჰმა თეიმურაზს მოსთხოვა შვილი მძევლად. მეფე იძულებული გახდა გაეგზავნა თავისი შვილი ალექსანდრე სპარსეთში, შვილიშვილს ბებიაც, დედოფალი ქეთევანიც გაჰყვა...
... ირანის შაჰი ცდილობდა გაეტეხა ქართველები... 1614, 1616, 1617 იგი სამჯერ შემოიჭრა აღმოსავლეთ საქართველოში და სასტიკად ააოხრა, განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი, საიდანაც 80 000 ქართველი ირანში გადაასახლეს...
მაგრამ ვერ გაძღა სისხლით მისი უღვთო ბუნება... მან ჩამოაცილა შვილიშვილები დედოფალს და დაასაჭურისებინა. ალექსანდრე გარდაიცვალა, ლევანი კი სულიერად დაავადდა. დიდი ხნის განმავლობაში ქეთევან დედოფალი ტყვედ იყო ირანში, მას აიძულებდნენ მაჰმადიანობა მიეღო... ბევრი არწმუნებდა, ფორმალურად ეღიარებინა ისლამი და გადაერჩინა სიცოცხლე...
რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი დედოფალი ვერ გატეხეს, არ უღალატა ქრისტეს, არ უღალატა თავის მშობელ ხალხს...
1624 წლის 12 სექტემბერს, ვერაგი შაჰის ბრძანებით სასტიკად აწამეს წმინდა ქეთევანი გახურებული შანტებით, მერე კი მშვილდის საბელით მოახრჩეს...
ვერ გაიმარჯვა შაჰმა, ვერ შეაცვლევინა სარწმუნოება დედოფალს, მოკლა, მაგრამ ვერ დაამარცხა...
ყველა ადამიანი მოკვდავია, არც შაჰ აბას პირველი გამოჰკიდებია ზეცას, რამდენიმე წელიწადში ჩაძაღლდა მძვინვარე შაჰი...
ახლაც, ყოველი ქართველი ასულის დაბადებისას, რომელსაც ქეთევანს, ქეთის არქმევენ, ყოველი ქართველის მონათვლისას, საქართველოში ყოველი ახალი ტაძრის კურთხევისას... ისევ მარცხდება შაჰ აბას პირველი!
ქეთევან დედოფალი კი ქართველთა სიამაყეა, ჩვენი გაუტეხლობისა და ქრისტიანობის სიმბოლო. მისი თავდადება მთელი მსოფლიოსათვის გახდა ცნობილი მისი წამებისთანავე, მთელი კათოლიკური სამყარო (და დარწმუნებული ვარ მთელი შეგნებული სპარსეთი) აღფრთოვანებას ვერ მალავდა მართლმადიდებელი დედოფლის რწმენის სიმტკიცის გამო... და მთელი მსოფლიო გმობდა და დღესაც გმობს შაჰ-აბასისნაირ დესპოტთა და სისხლისმსმელ ფსიქოპატთა ქმედებას...
წმინდა ქეთევანის სარწმუნოებრივი და ეროვნული სიმტკიცე იმთავითვე გახდა საფუძველი სხვადასხვა ლიტერატურული თუ სხვა სახის ნაწარმოებთა შექმნისა. თეიმურაზ პირველიდან და კათოლიკე ბერებიდან დაწყებული, დღევანდელი პოეტებისა თუ ისტორიკოსების ჩათვლით, არა ერთი შესანიშნავი ნაწარმოები თუ გამოკვლევა მიეძღვნა ჩვენს ტკბილ დედოფალს.
წმინდა ქეთევან დედოფალის მადლი ნუ მოკლებოდეს განსამტკიცებლად ჩვენს ეკლესიას და სახელმწიფოს, ჩვენს ოჯახებს!
ტროპარი:
მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი:
ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღწვის ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა
ჰოჲ, სამგზის სანატრელო წმიდაო დიდმოწამეო დედუფალო ქეთევან, რომელი მკვიდრობ წინაშე საყდართა ყოვლადწმიდისა სამებისა, ვითარცა წმინდა დედოფალი და მოწამე სარწმუნო ქრისტესი, რომელმან დაიმარხენ სამოციქულო სარწმუნოებაჲ, მოიხვეჭე ღვაწლი კეთილი, მოიღე გვირგვინი სიმართლისა და თავსა შენსა შესძინე შემწეობა ჩვენთვის ძლიერი, რამეთუ შენ ხარ აღმასრულებელი თხოვათა ჩვენთა.
ჰოჲ, ყოვლადბრწყინვალეო დიდმოწამეო მხევალო ქრისტესო, დაიფარე და განაძლიერე ღვთივ-დაცული ერი ჩვენი და მეუფებასა მისსა მოჰმადლე ქრისტესმოყვარეობის სიბრძნე და მტერთა ზედა ძლევამოსილება. განაბრწყინვე საჭეთმპყრობელი წმიდისა ჩვენისა ეკლესიისა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩვენი ილია და ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღვდელო და სამონაზვნო წესნი და განაძლიერე ქრისტესმოყვარენი მთავარნი და სამხედრო განწესება; და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.
ჰოჲ, მოწამეთა პორფირშემოსილო დედუფალო ქეთევან, საკვირველითა შენითა მეოხებითა მოანიჭე მომუშაკეთა ნაყოფიერება, ტყვეთა შვება, საპყრობილესა შინა მყოფთა სინანული, სნეულთა კურნება, მოგზაურთა მფარველობა და ჩვენ ყოველთა ცოდვილთა მოტევება; დაგვიფარენ ხილულ და უხილავ მტერთაგან, რათა შენს მიერ ურიცხვი წყალობის მიმღებელნი ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ