უილიამ ფოლკნერი
13:12:11     26-09-2012
1897 წლის 25 სექტემბერს, ნიუ-ოლბანში, მისისიპის შტატში, უნივერისტეტის საქმეთა მმართველის, მარი ჩარლზ და მოდ ფოლკნერების ოჯახში დაიბადა დიდი ამერიკელი მწერალი უილიამ ქათბერ ფოლკნერი (William Cuthbert Faulkner), ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.
მისი პაპა, უილიამ კლარკ ფოლკნერი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ომში სამხრეთელების ჯარისკაცი, ავტორია იმ დროისათვის პოპულარული რომანისა „მემფისის თეთრი ვარდი“.
როცა მომავალი მწერალი ჯერ კიდევ პატარა იყო, ოჯახი საცხოვრებლად შტატის ჩრდილოეთში, ოქსფორდში გადავიდა, სადაც დიდმა მწერალმა გაატარა მთელი ცხოვრება.
1918 წელს გაუთხოვდა სატრფო და ახალგაზრდა გენიოსმა ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ არ წაიყვანეს. შევიდა სამხედრო სასწავლებელში… სანამ დაასრულებდა სასწავლებელს, ომიც დამთავრდა. დაბრუნდა ოქსფორდში და ისმენდა უნივერსიტეტში ლექციებს, თუმცა მერე მიატოვა.
1919 წელს შედგა მისი ლიტერატურული დებიუტი ჟურნალში The New Republic, სადაც გამოქვეყნდა მისი ლექსი: „ფავნის დღის სიზმარი“.
1925 წელს მას მწერალმა შერვუდ ანდერსონმა, რომლის მოთხრობა „ტენდი“ ჩვენ ადრე შევთავაზეთ პრესა.გე-ს მკითხველს წასაკითხად, ფოლკნერს ურჩია პროზისთვის მიემართა და ეწერა ამერიკის სამხრეთზე, რასაც კარგად იცნობდა.
დიდი ფოლკნერი ასეც მოიქცა და მსოფლიო ლიტერატურა გაამდიდრა შედევრებით.
1929 წელს დაქორწინდა თავის სატრფოზე, ესტელაზე, მას შემდეგ რაც ის ქმარს გაშორდა. მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ, ალაბამა და ჯილი. სამწუხაროდ, ალაბამა გარდაიცვალა 1931 წელს. იმ ტკივილთანაა დაკავშირებული წინამდებარე წერილი ფოლკნერისა, ბოლოთქმა წიგნისთვის „ხმაური და მძვინვარება“, რომელსაც გთავაზობთ დღეს.
კრიტიკოსებს ძალიან მოსწონდათ ფოლკნერის ნაწარმოებები, მაგრამ ამერიკაში ჯეროვნად არ აფასებდნენ მაინც. ოჯახის შენახვის მიზნით ჰოლივუდისთვის მუშაობდა. ევროპაში უკვე იცნობდნენ და ძალიან აფასებდნენ.
1947 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია, რის შემდეგ ამერიკაშიც დააფასეს.
როგორც ვთქვით, დიდი მწერალი გარდაიცვალა 1962 წლის 6 ივლისს.
უილიამ ფოლკნერმა ნობელის პრემიით მისი დაჯოლდოების გამო სიტყვით გამოსვლისას საინტერესო რამ თქვა. ეს სიტყვა ჩვენს მკითხველს ადრე მივაწოდეთ რევაზ თვარაძის მიერ თარგმნილი, ახლა ვთავაზობთ პაატა და როსტომ ჩხეიძეების მიერ ნათარგმნს... რა თქმა უნდა, ორივე ვარიანტი მშვენივრად გადმოსცემს დიდი მწერლის აზრს...
უილიამ ფოლკნერის სიტყვა ნობელის პრემიით მისი დაჯილდოების გამო
(ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა)
ასე მგონია, მე კი არა, შემოქმედებას აჯილდოებენ-მეთქი – შემოქმედებას, ანუ მთელი ცხოვრების ჯაფასა და მოწამებრივ გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად ან, მით უმეტეს, გამორჩენისათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა. ასე რომ, ამ ჯილდოს მხოლოდ ნდობის გამოცხადებად ვთვლი. ძნელი არ იქნებოდა პრემიის ფულადი ნაწილი დანიშნულებისამებრ გამომეყენებინა და გამეცა მისი მთავარი მიზნისა და მნიშვნელობის შესაბამისად. მაგრამ მსურს ამ წუთით ვისარგებლო და ეს ადგილი ვაქციო უმაღლეს ტრიბუნად, რათა ხმა მივაწვდინო იმ ჭაბუკებსა და ქალიშვილებს, ვისაც ამგვარივე ტანჯვა-წამებისათვის გადაუდია თავი. მათ შორის უკვე იქნება ის პიროვნება, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აქ იდგება, მე რომ ვდგავარ.
ჩვენი დღევანდელი ტრაგედია საყოველთაო და ყოვლისმომცველი შიშია, რაც იმდენი ხანია გვაძრწოლებს, რომ ლამის შევეჩვიოთ კიდეც. სულიერ პრობლემებს ვიღა ჩივის. ყველას ერთი კითხვა აკვიატებია, როდის გააცამტვერებენ. ამიტომაცაა, რომ დღესდღეობით ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს მთავარი – ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან, ურომლისოდაც ღირებული ვერაფერი შეიქმნება, რადგან მხოლოდ ესაა დაწერის ღირსი, ღირსი ტანჯვისა და ოფლის ღვრისა.
ეს ყოველივე მწერალმა თავიდან უნდა ისწავლოს. უნდა შეიგნოს, რომ შიში ყველაზე სამარცხვინო გრძნობაა, შეიგნოს და სამუდამოდაც დაივიწყოს იგი, არაფერი დაიტოვოს თავის სახელოსნოში, გარდა გულის ძველისძველი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა – სიყვარულისა, პატიოსნებისა, ლმობიერებისა, სიამაყისა, თანაგრძნობისა და თავგანწირვისა, ურომლისოდაც ყოველი ნაწარმოები წარმავალი და განწირულია. უამისოდ მწერლის ღვაწლს მადლი არ ექნება. სიყვარულზე კი არ დაწერს, არამედ ავხორცობაზე ან მარცხზე, სადაც არაფერი ღირებული არ იკარგება; ან გამარჯვებაზე, რომელსაც სასოების ნატამალიც არ ახლავს და, რაც ყველაზე სავალალოა, არც თანაგრძნობა ახლავს და არც სიბრალული. მის ვაი-ვიშს ქვეყნის სატირალი არ გაერევა და ვერც ჭრილობას დააჩნევს გულში. ჯირკვლებზე დაწერს, გულზე კი არა. ვიდრე ყოველივე ამას ხელახლა ჩასწვდებოდეს, ისე დაწერს, თითქოს მოწმე იყოს კაცობრიობის აღსასრულისა.
ხოლო მე კაცობრიობის დაღუპვას ვერ შევეგუები. სათქმელად იოლია, ადამიანი უკვდავია თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერს გაუძლებსო; მომაკვდავი საღამოს მეწამულ ფერებში უბადრუკ, პიტალო კლდეზე საბედისწერო ბოლო ზარი რომ ჩამორეკეს და მიჩუმდა, მაშინაც გაისმის ხმა, სუსტი, დაუდუმებელი ხმა ადამიანისაო. მაგრამ ამასაც ვერ ვირწმუნებ. მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, გაიმარჯვებს კიდეც.
ადამიანი უკვდავია, განა იმიტომ, რომ სხვა ქმნილებათაგან განსხვავებით მხოლოდ მას აქვს დაუდუმებელი ხმა, არამედ იმიტომ, რომ სული აქვს მომადლებული, სული, რომელსაც თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი შესწევს. პოეტის, მწერლის ვალი ამაზე წერაა. მისი დანიშნულებაა შეეწიოს ადამიანს, გული გაუმაგროს, კვლავაც მოაგონებდეს სიმამაცეს, პატიოსნებას, იმედს, სიამაყეს, თანაგრძნობას, ლმობიერებას, თავგანწირვას – დიდებით რომ მოსავდა ადამიანის წარსულს. პოეტის ხმა უსარგებლოდ არ უნდა იხარჯებოდეს, საყრდენად, ბურჯად უნდა ედგეს ადამიანს, შეეშველოს და გააძლებინოს.