ღლონტი გრიგოლიას „მაესტროში“ ეპატიჟება

  13:35:50     25-09-2012

„ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას: იმ შემთხვევაში თუ ინგა გრიგოლია წამოვა პოლიტიკიდან, „მაესტრო“ მას სთავაზობს ჟურნალისტიკაში დაბრუნებას სწორედ ჩვენს არხზე. „მაესტროს“ დამფუძნებლების სახელით, მაკა ასათიანი და მამუკა ღლონტი“- ეს განცხადება ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გააკეთა. 

ღლონტის განცხადებას წინ უძღოდა ინგა გრიგოლიას სტატუსი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. გრიგოლიამ განაცხადა, რომ ის არ იზიარებს „ქდმ“-ს პოზიციას, რომელიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღებას გულისხმობს.

ქრისტიან-დემოკრატები განმარტავენ, რომ გრიგოლიას წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. "ინგა არ იყო ბოლომდე ინფორმირებული. მასზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის გამოც ეს ნაბიჯი გადაადგმევინეს. თუმცა, როცა ინგა გაერკვევა ვითარებაში, დარწმუნებული ვარ მიხვდება, რომ ჩვენმა პარტიამ არა ვიდეო და ფოტო გადაღების აკრძალვას (საარჩევნო უბნებზე), არამედ მის დაშვებას დაუჭირა მხარი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.