წმინდა გიორგი ჭყონდიდელი
10:40:46     25-09-2012
12 (ახალი სტილით 25) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს (+1118 წელი)
გიორგი ჭყონდიდელი იყო "ყოველთა გზათა და საქმეთა და ღვაწლთა" მოზიარე ჩვენი დიდი იმპერტორის - დავით აღმაშენებლისა.
მასზე ცნობები ცოტაა, თუმცა ამ ცნობებიდანაც იკვეთება უდიდესი დამსახურების სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწე, დიდი პატრიოტი და სარდალი. იგი იყო რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი - “კრების თვალი“. ქართული ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, „მთავრობის თავმჯდომარე“... და არა ერთი სამხედრო ოპერაციის მეთაური, რომლებიც შესანიშნავად დაგეგმა და ჩაატარა, სხვა მამულიშვილებთან ერთად.
დავითის ისტორიკოსი წერს: „შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართუხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი, და სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე”. ე. ი. ისეთი სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს მისი ხელმძღვანელობით ქართველებმა, რომ თურქები გაოგნებულნი დარჩნენ. ამ დროს დავით აღმაშენებელი, თურქთა თვალის ასახვევად და დასაბნევად დასავლეთ საქართველოში იყო გადასული, რაც თურქულმა მხარემ იცოდა... ასეთ ოპერაციებს ატარებდნენ ქართველნი.
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასევე წერს: „და წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთავიცა, მეფისა მუხნარს ყოფასა.” აქაც ჩანს, რომ გიორგი ჭყონდიდელი შესანიშნავი სარდალი გახლდათ.
საინტერესოა კიდევ ერთი ცნობა გიორგი ჭყონდიდელზე, როდესაც ის ახლდა მეფეს ჩრდილო კავკასიაში, ოსეთში. აქ რამდენიმე სიტყვითაა დახასიათებული გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, თუმცა ამ რამდენიმე სიტყვაში უდიდესი დამსახურება და მამულიშვილის ბიოგრაფია ჩანს:
„ხოლო მათ სიხარულით მიითუალეს, გარნა ითხოვეს გზა მშვიდობისა ოვსთაგან. ამისთჳს-ცა ბრძანა მეფემან წარსლვა ოვსეთს, და სიტყუასა-ვე თანა წარემართა და თანა-წარიტანა გ ი ო რ გ ი ჭ ყ ო ნ დ ი დ ე ლ ი დ ა მ წ ი გ ნ ო ბ ა რ თ - უ ხ უ ც ე ს ი თ ჳ ს ი, კ ა ც ი ს რ უ ლ ი ყ ო ვ ლ ი თ ა ს ი კ ე თ ი თ ა ს უ ლ ი ს ა დ ა ჴ ო რ ც თ ა ს ა, ს ა ვ ს ე ს ი ბ რ ძ ნ ი თ ა დ ა გ ო ნ ი ე რ ე ბ ი თ ა, გ ა ნ მ ზ რ ა ხ ი, ს ჳ ა ნ ი დ ა ფ რ თ ხ ი ლ ი, თ ა ნ ა - ა ღ ზ რ დ ი ლ ი ა ღ მ ზ რ დ ე ლ ი პ ა ტ რ ო ნ ი ს ა დ ა თ ა ნ ა - გ ა ნ მ კ ა ფ ე ლ ი ყ ო ვ ე ლ თ ა გ ზ ა თ ა, ს ა ქ მ ე თ ა დ ა ღ უ ა წ ლ თ ა მ ი ს თ ა. შევიდეს ოვსეთს და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა. და აღიხუნეს მძევალნი ორთაგან-ვე, ოვსთა და ყივჩაყთა, და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნი-ვე ნათესავნი. და ყო შორის მათსა სიყუარული და მშჳდობა ვითარცა ძმათა. და აღიხუნა ციხენი დარიალასა და ყოველთა კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი და შექმნა გზა მშჳდობისა ყივჩაყთათჳს“.
ეს ნაწყვეტი კიდევ სხვა მხრით არის სასიამოვნო ქართველთათვის...
თუმცა ჩრდილო კავკასიში ყოფნისას დიდი უბედურება მოხდა:
„ხოლო მაშინ ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი; თავ-ადგა სიყრმითგანთა პატრონისა მსახურებათათჳს; და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და მუნ დაემარხა. რომელი იგლოვა ყოველმან სამეფომან და თჳთ მეფემან, ვითა მამა და უმეტეს-ცა მამისა, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე, ვიდრემდის იშვა ვახტანგ, რომლისა ხარებითა დაიჴსნა გლოვა“.
მამასავით იგლოვა დიდმა იმპერატორმა გიორგი ჭყონდიდელი. ასეთი დიდი სიყვარული ჰქონდა უდიდეს ქართველს ერთ-ერთი უდიდესი ქართველისადმი...
გიორგი ჭყონდიდელი ქართული მამულიშვილობის სიმბოლოა, ქართული ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლო. მის საეკლესიო და საერო „სახელოებში“, ტანამდებობებში კარგად ცანს, რომ ჩვენს სახელმწიფოში საერო და სასულიერო ხელისუფლების სიმფონია იყო (ამ თემაზე უფრო დაწვრილებით სხვა დროს).
წმინდა გიორგი ჭყონდიდელი იყოს ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს შემწე, დროებით დაკარული ტერიტორიების დაბრუნების, ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმეში! გიორგი ჭყონდიდელმა დაგვილოცოს ოჯახები!
ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი - „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“ დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო.
მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგი „ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების“. მეუფე გიორგი იყო „მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი“.
1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ წმიდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს“ უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხუცესისა მრავლმცა არიან წელნი“.
წმიდა გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს ქალაქი რუსთავი, რასაცა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.
გიორგი ჭყონდიდელი 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად. სამწუხაროდ, მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა, ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა.
მეუფე გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ქვეყნისა და ეკლესიისათვის და „იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამის, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე“.
დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.