ინგა გრიგოლია „ქდმ“-ს გაემიჯნა და არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

  10:24:05     25-09-2012

ინგა გრიგოლიამ 1 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ გრიგოლიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, ის არ იზიარებს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თარგამაძის გუნდმა მხარი დაუჭირა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვას. სწორედ ეს გახდა ინგა გრიგოლიას მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

„ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდლიდან მოყოლებული დამხვდა - გპასუხობთ... იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ქრისტიან-დემოკრატები გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას“-წერს ინგა გრიგოლია პოსტში.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი პოლიტიკურ პროცესებში რამდენიმე წლის წინ ჩაერთო. ის ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულ ახალ პოლიტიკურ ძალას „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას“ შეუერთდა. ინგა გრიგოლია „ქდმ“-ს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.