რისთვის ემზადებიან რუსი სამხედროები თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში?

  13:25:39     24-09-2012

ოკუპირებულ ცხინვალში, რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია ინტენსიურ ხასიათს იძენს. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის მახლობლად, რუსეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენის შემოიჭრის ფაქტი კი, უკვე მოსკოვმა და ცხინვალმაც დაადასტურეს.

საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკანასკნელ ხანებში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან შეტევითი შეიარაღების კონცენტრაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, იზრდება პროვოკაციის საფრთხეც და ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტიც სწორედ ამის დასტურია.

საგარეო უწყება მკაცრ პროტესტს გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სასწრაფოდ შეწყვიტოს შეიარაღების გადასროლა და ძალების კონცენტრირება ოკუპირებულ რეგიონებში.

როგორც სამინისტრო აცხადებდა, შემთხვევითი არაა საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან და წინასაარჩევნო პერიოდთან მასშტაბური სამხედრო წვრთნების „კავკაზ-2012"-ის დამთხვევა.

მსგავსი ინცინდენტებით კი (ვერტმფრენის შემოჭრა) მართლდება პროვოკაციების ზრდის შესაძლებლობის შესახებ ჩვენი ვარაუდებიც – აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, რუსული ვერტმფრენის საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის ფაქტი არ უარყვია არც რუსულ და არც ოსურ მხარეს. თუმცა ვერტმფრენის შემოფრენას მათ ხან მფრინავის შეცდომა უწოდეს, ხანაც საგანგებო მდგომარებით გამოწვეული იძულებითი ნაბიჯი.

რუსული ვერტმფრენის მანევრის შესახებ თავდაპირველად ოსურმა მხარემ გააკეთა განცხადება.

ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილის რობერტ გაზაევის თქმით, როგორც კი მფრინავებმა გაიაზრეს, რომ ქართულ ტერიტორიაზე იყვნენ, მაშინვე უკან გაფრინდნენ და სოფელ ტბეთში დაფრინდნენ.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში კი განმარტეს, რომ ეს არა მფრინავის შეცდომის გამო მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ვერტმფრენს ფრენისას პრობლემები შეექმნა და იძულებით დაეშვა ქართულ მხარეზე.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ ეს ჰუმანიტარული რეისი იყო, რომელსაც ცხინვალში ჰუმანიტარული დახმარება უნდა ჩაეტანა.

ბოლო დღეებია, ოსური მხარე ინტენსიურ რეჟიმში ისტერიულად საუბრობს ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული სამხედრო ძალების გაძლიერებისა და ჯავშანტექნიკის მობილიზაციაზე.

თუმცა, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ სხვა რეალობა დააფიქსირა – ქართულ მხარეზე არა, მაგრამ ოკუპირებულ რეგიონში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს რუსული სამხედრო ძალების ზრდა და გაძლიერება ნამდვილად მიმდინარეობს.

ამის გამო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, დამატებითი სადამკვირვებლო ჯგუფების მეშვეობით, ინტენსიურად ახორციელებდა მოცემული ცნობების მონიტორინგსა და შეფასებას და შესაბამის ორგანოებთან ამოწმებდა გავრცელებულ ინფორმაციას.

შედეგად, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ვერ აღმოაჩინეს ოსური მხარის მიერ გავრცელებული ცნობების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

სამაგიეროდ, დააფიქსირეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. რის შესახებაც მისიამ რუსეთის ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან შეშფოთება უკვე გამოთქვა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაჟინებით მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკაონ ისეთი ქმედებებისაგან, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.