წმიდანი და მართალნი მშობელნი ღმრთისანი - იოაკიმე და ანა
15:51:00     22-09-2012
9 (ახალი სტილით 22) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის შემდგომ დღესასწაულს, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა - იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს.
წმიდა იოაკიმე და წმინდა ანა იუდეის პატარა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე წმინდა დავით მეფის შთამომავალი იყო, ანა კი მღვდელმთავარ აარონისა. ერთი მეფეთა გვარიდან, მეორე მღვდელმთავართა გვარიდან.
ისინი მართლმრწმუნე ადამიანები იყვნენ. თავის ნაშრომის ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდნენ, მეორეს გაჭირვებულებს ურიგებდნენ, მხოლოდ მესამე ნაწილს იტოვებდნენ ოჯახის შესანახად.
მორწმუნე ცოლ-ქმარმა ისე მიაღწია ხანდაზმულობამდე, რომ შვილი არ შეეძინათ. იმ დროს უშვილობა ითვლებოდა ღვთის სასჯელად, ცოდვების გამო. წმიდა იოაკიმეს ძველი აღთქმის სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლეს გაშორებოდა და სხვა შეერთო, მაგრამ ეს არ გააკეთა.
მართალ იოაკიმეს და ანას აყვედრიდნენ. მართალ იოაკიმეს ერთხელ იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვის უფლებაც არ მისცა მღვდელმთავარმა. დამწუხრებული მოხუცი უდაბნოში გავიდა და ორმოცი დღე მარხვასა და ცრემლიან ლოცვაში გაატარა. მართალი ანა მწარედ ტიროდა და ლოცულობდა. თუმცა, მორწმუნე ცოლ-ქმარს ღვთის იმედი არ დაუკარგავთ, და აღთქმა დადეს, თუ მიეცემოდათ შვილი, მას ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ.
უფალმა შეისმინა მათი. მართალ ანას გამოეცხადა მთვარანგელოზი გაბრიელი და აცნობა, რომ შვილი შეძინებოდათ, რომელიც განდიდდებოდა. ღმერთმა „ყოვლად ბრძნისა ანნაჲს ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაჲ და მეუღლისა მისისა იოვაკიმის უშვილოებისათჳს გლოვაჲ და ზოგადი ორთავე ბერწობაჲ დაჰჴსნა და უჩინო-ყო. და მოწყალე ექმნა ვედრებათა მათთა და მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული და თესლთა მიერ ლოცვისათა აღმოცენებული ქალწული, ხოლო იოვაკიმს - მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული და ესრედ ყუავილოვან-ყო შვილიერებითა ქუეყანაჲ იგი განჴმელი უშვილოებისა გუალვითა“ - წერს წმინდა ანდრია კრეტელი. ანგელოზი გამოეცხადა მართალ იოაკიმესაც და მასაც ეუწყა სასიხარულო ცნობა.
მართლაც, გავიდა ხანი და მართალმა ანამ იმშობიარა - შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც მარიამი დაარქვეს, როგორც ანგელოზის მიერ იყო ნათქვამი.
ბედნიერი მშობლები სიხარულით ზრდიდნენ პატარა მარიამს, მერე კი იერუსალიმის ტაძარში მიაბარეს.
წმიდა იოაკიმემ კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა და ოთხმოცი წლისა გარდაიცვალა. ამის მერე მართალი ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი შვილთან ახლოს ცხოვრობდა. ორ წელიწადში ისიც მიიცვალა.
წმიდანი იოაკიმე და ანა, როგორც ქრისტეს ხორციელი წინაპრები, იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა“.
ყოვლადწმინდა მარიამი თავისი სიწმინდით, არა მხოლოდ ყოველ ადამიანზე, არამედ ანგელოზებზე აღმატებულიცაა.
ტროპარი:
რომელი ჰსჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს, და ყრმა ღმრთის-მშობელი გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამის-თვისცა დღეს ბრწყინვალედ განსცხრების სოფელი, და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.
კონდაკი:
იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოთ მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.