პროსპერ მერიმეს გარდაცვალების დღისადმი
15:49:47     22-09-2012
1870 წლის 23 სექტემბერს, თავის 67-ე დაბადების დღემდე ხუთი დღით ადრე, კანში, გარდაიცვალა დიდი ფრანგი მწერალი პროსპერ მერიმე.
საფრანგეთის აკადემიის წევრი, ისტორიკოსი, დრამატურგი, მწერალი პროსპერ მერიმე (Prosper Mérimée) დაიბადა 1803 წლის 28 სექტემბერს ქიმიკოსისა და მხატვრის ჟან ფრანსუა ლეონარ მერიმეს ოჯახში. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. დაინიშნა მინისტრის, გრაფ დ’არტუს მდივნად, შემდეგ კი ისტორიული ძეგლების მთავარ ინსპექტორად. გატაცებული იყო ისტორიით, არქეოლოგიით, ხელოვნებით, არქიტექტურით. მისი თაოსნობით გადარჩენილ და შემონახულ იქნა არა ერთი ისტორიული ძეგლი. იცოდა ინგლისური, ესპანური, ბერძნილი, რუსული.
1825-1826 წლებში მერიმემ იმოგზაურა ინგლისში. 1830 წელს იმოგზაურა ესპანეთში. იქ დაუმეგობრდა გრაფ დე ტებას და მის მეუღლეს, რომელთა ქალიშვილი, ევგენია (ეჟენი), შემდეგში, 1853 წელს გახდა საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ მესამის მეუღლე. მომავალ დედოფალს ის ფრანგულს ასწავლიდა.
მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა სტენდალთან და სხვა გამოჩენილ ფრანგ მწერლებთან, მათ შორის ვიქტორ ჰიუგოსთან.
დედოფალს მამასავით უყვარდა პროსპერ მერიმე და ის მიღებული იყო ტულრის სასახლეში მეორე იმპერიის დროს. მიანიჭეს სენატორის წოდება. დაახლოებული იყო თავად ნაპოლეონ მესამესთან, რომელიც ძალიან ენდობოდა მას. თუმცა, კარიერა და პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებდა პროსპერ მერიმეს.
ლიტერატურულ ასპარეზზე 20 წლის ასაკიდან გამოვიდა, ისტორიული დრამით „კრომველი“. სტენდალს ის ძალიან მოეწონა, როგორც ახალი სიტყვა დრამატურგიაში. თუმცა თავად ავტორი კმაყოფილი არ იყო და დრამა არ გამოაქვეყნა. შემდეგში მან დაწერა და გამოაქვეყნა პიესების კრებული სათაურით: „კლარა გაზიულის თეატრი“. პიესების ავტორად გამოაცხადა უცნობი ესპანელი მსახიობი ქალი მოხეტიალე თეატრიდან. შემდეგ გამოვიდა სახალხო პოეზიის კრებული „გუზლა“.
1828-1820 წლებში დაიწერა მისი ისტორიული რომანი „შარლ IX მეფობის ქრონიკა“, ასევე მისი საშინელი თუ გენიალური მოთხრობა „მატეო ფალკონე“. მწერალი თითქოს მიუკერძოებლად, რეალისტურად აღწერს „ბართლომეს ღამეს“. ალბათ ადამიანებმა კარგად რომ იციან, რამდენად საშინელი იყო ეს ღამე კაცობრიობის თუ „ქრიასტიანული“ საფრანგეთის ისტორიაში, პროსპერ მერიმეს დამსახურებაცაა. “მატეო ფალკონე” კი ჩემი აზრით, გენიალური, მაგრამ შემზარავი მოთხრობაა. უფრო სწორად, მკაცრი მსოფლმხედველობის რეალისტური გადმოცემა, რომელიც შეძრავს ყველა მკითხველს. თუ ხევისბერი გოჩა ხანჯლით კლავს თავის ვაჟს, ონისეს, კლავს ღალატისთვის სრულწლოვან მამაკაცს, ისიც აფექტის დროს, ისიც, როგორც მსაჯული, ხევისბერი. მერე კი მამობრივი გრძნობა მას ჭკუიდან გადაიყვანს. მატეო ფალკონე კი მშვიდად საუბრობს მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის შემდეგ. თუმცა, მწერალი გვიტოვებს საფიქრალს, იქნებ მატეოც გაგიჟდა... ან როგორღა განაგრძო ცხოვრება?.. იქნებ სჯობდა ცოტა ადრე კარგად აეხსნა შვილისთვის, რამდენად ღირსეული იყო მისი გვარი, რომ ღალატი, გამყიდველობა მიუღებელი იყო მათთვის...
თანამშრომლობდა Revue de Paris და National თან, ასევე სხვა გამოცემებთან, სადაც იბეჭდებოდა მისი მოთხრობები და წერილები.
პროსპერ მერიმეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია „კარმენი“. აქაც მწერალმა შესანიშნავად გადმოსცა ტრადიცია თუ წეს-ჩვეულებანი თავისი ნაწარმოებების გმირებისა, როგორც ახასიათებდა მას. შემთხვევითი არ არის, რომ ამ მოთხრობის სიუჟეტზე დაიწერა გენიალური ოპერა „კარმენი“ ჟორჟ ბიზეს მიერ, რომლის მუსიკა დღესაც უკვდავია, როგორც პროსპერ მერიმეს მიერ მოთხრობილი ამბავი...
სიცოცხლის ბოლოს წერს ნოველას: „ლურჯი ოთახი", „ჟუმანი" და „ლოკისი". აღსანიშნავია მისი ნაშრომები ძველი საბერძნეთის, რომისა და იტალიის ისტორიაზე, ასევე კასტილიის მეფის, პედრო პირველის შესახებ.
1856 წლიდან მის ჯანმრთელობა შეირყა. ფიზიკურად მეტად დაუძლურდა ასთმის შედეგად. 1860 წელს, 26 წლიანი სამსახურეობრივი მოვალეობის შემდეგ, მან ისტორიული ძეგლების დაცვის მთავარი ინსპექტორის თანამდებობა დათმო და 1863 წელს უარი თქვა განათლების მინისტრის თანამდებობაზე.
როგორც ვთქვით, დიდი მწერალი გარდაიცვალა 1870 წლის 23 სექტემბერს, კანში. დაკრძალულია იქვე.