ნოდია: ოპოზიციაში ნერვიულობაა, ყველა შიშით ელოდება რა მასალებს გამოაქვეყნებს პრეზიდენტი

  16:05:14     21-09-2012

პოლიტოლოგი გია ნოდია აცახადებს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პატიმართა წამების შესახებ დამატებითი კადრების არსებობაზე აქცენტების გაკეთებამ ოპოზიციაში შიში გამოიწვია. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს ნოდიამ განუცხადა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის მიერ გუშინ იარაღის საწყობზე გაკეთებული განცხადება ამის დასტური იყო.

„პრესა.ჯი“: პატიმრების წამების წინააღმდეგ გამოსული სტუდენტების მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულდა, გადადგა სასჯელაღსრულების მინიტრი, გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტს შს მინისტრმაც მიმართა...

გია ნოდია: მიმდინარე პროცესების გამო ბაჩო ახალაიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იგრძნო და მისი ნაბიჯი პოლიტიკურად გამართლებულია. რაც შეეხება მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს, ამის საფუძველი არ არსებობს. ახალია არ ჩანს იმ მოვლენებთან, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გახდა ცნობილი. გამორიცხული არაფერია, შეიძლება გამოძიებამ საპირისპირო დაადგინოს მაგრამ ამ ეტაპზე სტუდენტების მოთხოვნა, არაკორექტულია.

ვეთანხმები სტუდენტების ლოგიკურ მოთხოვნას მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების თაობაზე, თუმცა ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხი არარეალურია.

- სასჯელაღსრულების ახალ მინისტრად დაინიშნა ადამიანი, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში არსებულ დარღვევებზე ხშირად საუბრობდა. თქვენი აზრით შეძლებს ტუღუში ციხეებში არსებული მდგომარეობის დალაგებას?

- საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გონივრული და დროული იყო. ტუღუშისთვის პრეზიდენტის შეთავაზება ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა, კარგია რომ ის მინისტრობას დასთანხმდა.

მისთვის უფრო მომგებიანი იყო დარჩენილიყო ომბუცმენი. რამდენად წარმატებული მინისტრი იქნება ცნობილი ომბუცმენი, ეგ სხვა საკითხია. ციხეში მთავარი არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვაა, რისი სპეციალიტიც ბატონი ტუღუში გახლავთ, არამედ, საჭიროა მკაცრი ხელიც. ტყღუშმა უნდა შეძლოს ზომიერი სიმკაცრის გამოჩენა.

- ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ ეთერში კადრები გაუშვა, სადაც ჩანს პატიმართა აგრესია ხელისუფლების მისამართით, ხომ არ ნიშნავს ეს, პატიმრებისათვის ბიძგის მიცემას ბუნტის თაობაზე?

- გამორიცხული არაფერია, ტუღუშმა საჭიროების შემთხვევაში „მკაცრი ხელი უნდა“ გამოავლინოს და არ დაუშვას პატიმრების ბუნტი.

- გამოძიების ინფორმაციით, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორმა, ვლადიმერ ბედუკაძემ „ქართული ოცნებისგან“ 2 დოლარი მიიღო. ხელისუფლება აქცენტს შეკვეთაზე ამახვილებს ...

- გამორიცხული არ არის, რომ ბედუკაძეს კადრების გადაღება ნამდვილად შეუკვეთეს. აქ ყურადღება სხვა რამეზა გასამახვილებელი, როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია იცოდა ამ ვიდეოების შესახებ და სპეციალურად ბლოკავდა მათ გამოქვეყნებას არჩევნების პერიოდამდე.

ივანიშვილისთვის, ამ კადრების გამომზეურება პოლიტიკურად ხელსაყრელი სწორედ არჩევნების წინაპერიოდში იქნებოდა. გამოდის, რომ კოალიცია გარკვეულ მანიპულირებას აკეთებდა პატიმრების თემით.

შეიძლება გაჩნდეს ვარაუდიც რომ მათ ამ ვიდეომასალის დაკვეთაშიც ჰქონდათ გარკვეული როლი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მძიმე ბრალდებაა და სერიოზული მტკიცებულებებია საჭირო.

- შსს-ს მიერ გავრცელებული კადრების გამოქვეყნებისთანავე ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერს ხელისუფლება მის სახელს დაუკავშირებდა. გუშინ კი კოალიციის ლიდერმა სოზარ სუბარიმა განაცხადა რომ საზოგადოების ყურადღების სხვა რამეზე გადატანის მიზნით, ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის ემზადება...

- სუბარის ეს განცხადება, არაფერს ნიშნავს. ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ მსგავსი ტიპის ზოგადი განცხადებები არერთხელ მოგვისმენია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, განცხადებებადვე დარჩენილა.

ამიტომ, ძნელია იმის თქმა, რა იმალება ამ ხმაურიანი განცხადების მიღმა. სუბარი ვალდებულია განაცხადოს უფრო კონკრეტულად რა იცის აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. თუ მან 20 ბინის არსებობა, რომელშიც იარაღი იმალება ვახტანგ კომახიძისგან გაიგო, მაშინ საინტერესოა, კომახიძემ შვეიცარიაში საიდან გაიგო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საწყობების შესახებ? არარეალურია ეს...

- რას შეიძლება უკავშირდებოდეს, სუბარის ეს განცახდება?

- სუბარმა ძალიან საეჭვო განცხადება გააკეთა. რადგან პრეზიდენტმა თქვა, რომ მათ აქვთ პატიმართა წამებასთან დაკავშირებით გამოსამზეურებელი მასალები, შეიძლება „ქართული ოცნების“ ეს განცხადება, მათი მხრიდან, პრევენციულ ნაბიჯად აღვიქვათ. ოპოზიციაში აშკარად ნერვიულობაა, ყველა შიშით ელოდება ნეტა რა სახის მასალებს გამოაქვეყნებს პრეზიდენტი.