რამაზ საყვარელიძე: არჩევნების გადადების იურიდიული საფუძველი არ არსებობს

  13:14:17     21-09-2012

ტელეეთერით გასულ შოკისმომგვრელ კადრებს, სადაც პატიმართა წამებაა ასახული პოლიტოლოგები აფასებენ.  პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამართლიანია სტუდენტთა მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს იმ პირთა პასუხისგებაში მიცემას, ვინც ამ დანაშაულს სჩადიოდა და ვინც ამის შესახებ იცოდა.

„სრულიად სამართლიანია მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ უნდა დადგეს არა მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობდა ამ ამბებში და ვინც მფარველობდა მათ“- აცხადებს აბაშიძე.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ იმის გასარკვევად, საქმის კურსში იყო თუ არა პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, დამოუკიდებელი კომისია უნდა შეიქმნას.  

„მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია. უნდა მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტებიც და დადგინდეს, ვინ იცოდა ამის შესახებ და ვინ არა. უნდა გაირკვეს, მიდიოდა თუ არა უმაღლეს დონემდე ეს ინფორმაცია. ისე ჩემთვის პირადად ძნელად დასაჯერებელია, რომ ასეთი რამ ხდებოდა წლების მანძილზე და არავინ არაფერი იცოდა. იმის ფონზე, რომ მედიაში ხშირად იწერებოდა ამ ფაქტების შესახებ. ამაზე საუბრობდა ომბუდსმენი და არასამთავრობო ორგანიზაციები“-ამბობს პოლიტოლოგი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ იმის წარმოდგენა, რაც საზოგადოებამ ნახა ყველანაირ ნორმას სცილდება.  „ჩვენ თურმე უნდა დაგვეშვა ყველაფერი ის, რისი დაშვებაც კი წარმოუდგენელია.  

სწორედ ის გაფრთხილებები, რომელიც წლების განმავლობაში იყო სახალხო დამცველისგან და არასამთავრობოებისგან, არ იქნა გათვალისწინებლი. შეცდომით შეიძლება არ მიაქციო ყურადღება ერხელ ან ორჯერ. თუკი სისტემატიურად არ აქცევ ამ ყველაფერს ყურადღებას, ესეიგი ფარავ“- აცხადებს საყვარელიძე.

მისი თქმით, გაჟღერებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე მოვლენების გამო შესაძლოა 1 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გადაიდოს, იურიდიულ საფუძველს მოკლებულია.

„არჩევნების გადადების იურიდიული საფუძველი ამ მასშტაბის პროცესებს არ აქვს. საპროტესტო აქციები ყველა ქვეყანაში ხდება, როდესაც პოლიტიკური ძვრებია მოსალოდნელი. ეს მხოლოდ საპროტესტო განაცხადია და ვერსიები. ამ აქციებში არ ირღვევა არაფერი, ამიტომ სრულიად გაუგებარი იქნება, რატომ უნდა გამოიწვიოს პროცესების შეჩერება. თუ რამე პროვოკაცია არ მოხდა, გინდაც ქვეყნის შიგნით და გინდაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ“ - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას.