რობერტ ბერნსი - „ჩემი მთიელი მერი“
15:23:41     20-09-2012
დიდი შოტლანდიელი პოეტი, ფოლკლორისტი და პატრიოტი, რობერტ ბერნსი (Robert Burns, გელურად - Raibeart Burns) დაიბადა 1759 წლის 25 იანვარს პატარა დაბა ალოუეიში, ეირშირის საგრაფოს ქალაქ ეირთან (გელურად Inbhir Àir) ახლოს. მამამისი, უილიამ ბერნესი (William Burness) ღარიბი გლეხი იყო. ოჯახს უჭირდა. მომავალი პოეტი უფროსების მხარდამხარ შრომობდა.
1783 წლიდან წერდა ლექსებს. 1784 წელს გარდაიცვალა პოეტის მამა. რობერტმა სცადა მეურნეობისათვის მიეხედა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 1786 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი: „პოემები, უმეტესად შოტლანდიურ დიალექტზე“ („Poems, Chiefly in the Scottish dialect“... ამას მოჰყვა სხვა წიგნებიც. მალე მთელს შოტლანდიაში გაითქვა სახელი.
რობერტ ბერნსს პატიოსანი სიღარიბის მომღერალს უწოდებენ. მისი აზრით, უბრალო, ღარიბი ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ საჭმელით აკლიათ, სასმელიც, ტანსაცმელით, უფრო მეტად მორალურნი და ხშირ შემთხვევაში გონიერნიც არიან, ვიდრე გაქსუებული დიდკაცები. ამაზეა ლაპარაკი იმ ნაწარმოებშიც, რომელსაც დღეს ვთავაზობთ მკითხველს. ამავე ნაწარმოებში არისტოკრატიული წოდებების გაუქმება, ადამიანთა გათანასწორებაც იწინასწარმეტყველა.
ბერნსის პოეზია ძალიან შეუყვარდა უბრალო ხალხს, ის მათთვის გასაგებ ენაზე წერდა, მათთვის გასაგებ პრობლემებზე, მათ უმღეროდა. ის ხომ უბრალო შოტლანდიელების ფოლკლორით და ცხოვრებისეული სიბრძნით აღზრდილი პოეტი გახლდათ. სწორედ ამაში ხედავდა გოეთე მისი პოეზიის სიდიადის საიდუმლოს.
1787 წელს გადავიდა ედინბურგში. იქ გაიცნო ფოლკლორისტი ჯეიმს ჯონსონი, რომელთან ერთადაც გამოსცემდა კრებულს: „შოტლანდიური მუსიკალური მუზეუმი“ („The Scot’s Musical Museum“). ამ გამოცემაში გამოაქვეყნა მის მიერ გადამუშავებული არა ერთი შოტლანდიური ბალადა და თავისი ნაწარმოებები.
ცოტაოდენი ქონებაც დააგროვა. უნდოდა თავისი პატარა ქონება ფერმაში დაებანდებინა, მაგრამ ყველაფერი დაკარგა. 1791 წელს დაიწყო მუშაობა აქციზების შემგროვებლად.
ჰყავდა სამი ქორწინების გარეშე შობილი ქალიშვილი. 1787 წელს დაქორწინდა თავის ძველ შეყვარებულზე - ჯინ არმორზე, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი.
პოეზიისთვის უფრო მეტს მოიცლიდა, რომ ჰქონოდა საარსებო შემოსავალი, სამუშაო კი ბევრ დროს ართმევდა. მაინც ღარიბად ცხოვრობდა. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, ვალების გამო, კინაღამ ციხეში მოხვდა.
XVIII საუკუნე შოტლანდიური კულტურის აღმავლობის ხანაა. ამ მოვლენის დაგვირგვინებად ითვლება რობერტ ბერნსის შემოქმედება. მან საბოლოოდ დაუმკვიდრა ეკლესიისა და სახელმწიფოს სტრუქტურების მიერ უარყოფილ „ჩრდილოურ დიალექტს“ თავისი ადგილი პოეზიაში, ისევ აქცია შოტლანდიური ენა, - რომელიც უკვე ინგლისურის დიალექტად ქცეულიყო, - პოეზიის ენად.
დიდი პოეტი გარდაიცვალა 1796 წლის 21 ივლისს დამფრისში, 37 წლის ასაკში. ერთ-ერთ მიზეზად, დაავადებებთან ერთად, ბავშვობაში გაწეული მძიმე ფიზიკური შრომა მიაჩნიათ ბიოგრაფებს.
დიდი შოტლანდიელის დაბადების დღე აღინიშნება მთელს შოტლანდიაში და მსოფლიოში, მისი პოეზიის თაყვანისმცემლების მიერ - Burns supper.
მკითხველს ვთავაზობთ რობერტ ბერნსის შესანიშნავ ლექსს „ჩემი მთიელი მერი“, რომელიც შოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა).
ჩემი მთიელი მერი
(შოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა)
1
მდინარეებო, მთებო, ველებო,
ციხეო მონტგომერის,
არ დაგლეოდეთ მზეთა ნათელი
და ყვავილების ფერი.
დაე ნურასდროს ამღვრეულიყოს
თქვენი ანკარა ჩქერი, -
აქ სამუდამოდ დამემშვიდობა
ჩემი მთიელი მერი.
2
მზე ჭიატობდა არყის ტოტებში,
როგორც დღესა და გუშინ,
როცა სანატრელ მკლავებს მოგხვევდი,
როცა ვიკრავდი გულში.
გაიღებოდა სამოთხის კარი
ჩვენი გულების ძგერით
და იყო ტკბილი, სიცოცხლესავით,
ჩემი მთიელი მერი.
3
ვეღარ დავუსხლტით უკანასკნელად
ერთი-მეორის მკლავებს,
ფიცით ვამბობდით, მტკიცით ვამბობდით,
რომ შევხვდებოდით კვლავვე.
ვაგლახ, სიკვდილმა უმალ დააზრო
ნაზი ყვავილის ღერი,
და ცივმა მიწამ ჩაიკრა გულში
ჩემი მთიელი მერი.
2
მე რომ ვკოცნიდი, ვარდისფერ ტუჩებს,
ფერი დაედო მკრთალი,
და სიყვარულით ანთებულ თვალებს
უცებ ჩაუქრა ალი.
ვაგლახ, ის გული, მე რომ ვუყვარდი,
დაშთა საფლავის მტვერით,
მაგრამ ჩემს გულში ცოცხლობს და ფეთქავს
ჩემი მთიელი მერი.