ჯალალ ედ-დინ რუმი - „ჯერაც არ ვიცი“

  15:22:04     20-09-2012

დიდი  ირანელი პოეტი ჯალალ ედ-დინ რუმი დაიბადა 1207 წელს ქალაქ ბალხში, ხორასანში. მამამისი ბაჰა ედ-დინ მოჰამედ იბნ ჰუსეინ ხათიბ ბალხელი, ანუ როგორც თანამედროვეები უწოდებდნენ, ბაჰა ვალადი გამოჩემილი სწავლული, სუფიზმის  თეორეტიკოსი იყო. მამასთან განისწავლა მომავალი პოეტიც.

1213 წელს, მათ მოუწიათ მშობლიური ქალაქიდან იძულებით გამგზავრება. მექა მოილოცეს, ბევრი იარეს და მერე რუმის (იკონიის) სასულთნოში დასახლდნენ. მამამ მედრესე, სასწავლებელი გახსნა. შვილი ჯერ ეხმარებოდა მამას, მერე კი, 1231 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა.

ჯალალ ედ-დინ რუმი მეგობრობდა თამარ მეფის შვილიშვილთან, რუსუდან მეფის ასულთან, თამართან, რომელიც რუმის სულთნის, ყიასდინ ქეიხუსრევის (ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II) ცოლი. მას გურჯი ხათუნს უწოდებდნენ. ქეიხუსრევის სიკვდილის მერე, ის ახალმა სულთანმა ითხოვა ცოლად.
გავიდა წლები, 1244 წელს ჯალალ ედ-დინ რუმმა გაიცნო მოხეტიალე დერვიში შამსე თაბრიზი. იმ პერიოდიდან ჯალალ ედ-დინ რუმი სხვა ადამიანი გახდა. მისთვის დერვიში შამსე თაბრიზი გახდა ყველაფერი, პოეტის-სუფიისთვის ის სულიერ სრულყოფილებას წარმოადგენდა... აღარც მედრესე აინტერესებდა, აღარც პოლიტიკა და სასულთნოს საქმეები. მტრებმა მათ ფიზიკური სიყვარულის შესახებ დაიწყეს საუბარი... ალბათ, იდეური დაპირისპირებაც ამწვავებდა ყველაფერს...

შეურაცხყოფას ვერ გაუძლო შამსე თაბრიზმა და დამასკოს გასწია, თუმცა მერე დაჰყვა მეგობრის თხოვნას და დაბრუნდა. მერე ისევ გაიპარა თუ მოკლეს... დაიღუპა პოეტის შვილიც...

დიდი პოეტი გარდაიცვალა 1273 წელს, იკონიაში. ამბობენ, გურჯი ხათუნის ბრძანებით აშენდა დიდი პოეტის მწვანე აკლდამა (თურბე). თამარისავე ბრძანებით დაუხატავთ ჯალალ ედ-დინ რუმის პირველი პორტრეტიც...

ჯალალ ედ-დინ რუმი ერთ-ერთ უდიდეს პოეტად ითვლება სპარსულ პოეზიაში.

* * *

(თარგმა  თამაზ ჩხენკელმა)

ჯერაც არ ვიცი, მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ,
რაღაც საოცარ ყოფაში ვარ, მე მე არა ვარ.

სიყვარული ვარ მოყვარული თუ საყვარელი?
ვარ გაოგნების ჯამით მთვრალი, მე მე არა ვარ.

ვინა ვარ, რა ვარ, უსახელო რაღაც ქიმერა,
მე სულ სხვა არსის ნიღაბი ვარ, მე მე არა ვარ.

მარადისობას შენივთული, სული მოკვდავი,
რაღაც დიდების მწვერვალი ვარ, მე მე არა ვარ...

* * *

(სპარსულიდან თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)

მე დავიბენი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ?

მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი,
აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ?

როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ,
წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ?

უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული,
თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი,
არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ?

განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი,
მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი,
მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში,
ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი,
ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?

სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი,
მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ზღვის გმინვა ვარ თუ გოდება გაოგნებისა,
ოკეანე ვარ თუ ხომალდი, ვინა ვარ, რა ვარ?

უნიშნოდ იქცა ნიშანი და უენო ენა,
უნიშნობათა შემნიშნავი, ვინა ვარ, რა ვარ?

ვინმემ რომ მკითხოს, ვინაობა, რა ვუპასუხო
შტერად შთენილმა და უბირმა, ვინა ვარ, რა ვარ?

შემსე თაბრიზის სევდისასაც ამას იტყვიან
და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

* * *

(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)

ამ უსალბუნო სევდის ზღვარი რომელი არის?
ამ უზღუდო გზის მეგობარი რომელი არის?
ეს გონია თუ გაოგნება?! - რა არის, ღმერთო?
ეს სულია თუ სატრფო არის? - რომელი არის?
ეს მარადმნათი ჩირაღდანი სამყაროისა
თუ არც უღვთოა, არც ღვთის გვარის... რომელი არის?
ეს უნაპირო ზღვა სავსეა მარგალიტებით
და ადამის ძის ლალ-გოვარი რომელი არის?
გონებას ვიმღვრევ მე ფიქრებით, მაგრამ არ ვიცი,
ეს გზა სწორია თუა მცდარი.... რომელი არის?
ჩემს სიტყვებს ყიბლა თუ არა აქვს, ის მაინც მითხარ -
დადუმებული საუბარი რომელი არის?