
სასჯელაღსრულების მინისტრად სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში დაინიშნა
14:25:47     20-09-2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე გიორგი ტუღუში დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ უწოდა შემაძრწუნებელი იმ ფაქტებს, რაც ვიდეოკადრებით გახდა ცნობილი.
„ეს იყო შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდებოდა. გადამდგარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე. მოგეცით პირობა, რომ დააპატიმრებული იქნებოდა ამ საქმეში ჩართული ყველა პირი. ვაცხადებ სამინისტროს რეორგანიზაციას“-განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, სამინისტროს ჩაბარება ყველაზე სწორი ომბუდსმენისთვის იქნება.
„სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში არის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი სასჯელაღსრულების მინისტრის. ის აკრიტიკებდა მინისტრსაც და იქ არსებულ ვითარებასაც, მაგრამ როგორც ჩანს, ყველას ერთად რაღაცეები გამოგვეპარა. ამ სისტემის ხელმძღვანელად ვნიშნავ ძალიან მკაცრ კრიტიკოსს.
ამას მე ვაკეთებ შეგნებულად. როგორც პოლიცია გარდავქმენით, ასევე გვჭირდება ახალი სასჯელაღსრულების სამინისტრო. სრულიად ახალი სისტემა, რომელიც გამორიცხავს შეგნებულ, თუ არაშეგნებულ პროვოკაციებს“-განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი ტუღუშმა კი მის ახლა პოსტს დიდი გამოწვევა უწოდა.
„ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა. თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტრო აღარ უნდა იყოს საქართველოში მუდმივი თემა. ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ თავიდან ბოლომდე გადავახალისოთ და გადავაკომპლექტოთ სისტემა და მზად ვარ გავითვალისწინო ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავის დროზე ჩემს მიერ არის შემუშავებული და გადაგზავნილი პარლამენტში. მე ჩემი რეკომენდაციების შესრულება მომიწევს“-განაცხადა ტუღუშმა.