არტურ რემბოს „მთვრალი ხომალდის“ ქართული თარგმანის ორი ვარიანტი
16:43:47     19-09-2012
დიდი ფრანგი პოეტი ჟან ნიკოლა არტურ რემბო (Jean Nicolas Arthur Rimbaud) დაიბადა 1854 წლის 20 ოქტომბერს შარლევილში, საფრანგეთში. მამა, ფრედერიკ რემბო სამხედრო იყო, ალჟირში მსახურობდა. დედას მარი კატრინ ვიტალი კიუფი ერქვა. როცა მომავალი პოეტი 4 წლის იყო, მამა ოჯახიდან წავიდა.
არტურ რემბო სწავლობდა შარლევილის ლიცეუმში. ის ითვლებოდა ბრწყინვალე მოწაფედ. პირველი ლექსი 1870 წელს გამაქვეყნა, 16 წლის ასაკში.
„მთვრალი ხომალდი“ (Le bateau ivre), დაწერილი უნდა იყოს 1871 წელს. ამ ლექსის ხელნაწერი მან გაუგზავნა პოლ ვერლენს.
არტურ რემბო გარდაიცვალა 1891 წლის 10 ნოემბერს, მარსელში. დაკრძალულია შარლევილში.
მისი შემოქმედება ძალიან პოპულარული გახდა გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებით, XX საუკუნეში.
მთვრალი ხომალდი
(თარგმნა პაოლო იაშვილმა)
როცა უვნებო მდინარეებს გადავდიოდი,
აღარ მათრევდნენ, ამას ვგრძნობდი, მძიმე გიდები:
იღებდნენ მიზნად მათ მყვირალა წითელკანები
და ტიტველ ტანებს მიაკრავდნენ ფერად სვეტებზე.
მე არ ვზრუნავდი არავითარ ეკიპაჟებზე:
მიმქონდა ქერი ფლამანდრიის ინგლისის ბამბა,
როცა გიდებთან ერთად გაჰქრა დიდი ხმაური,
მდინარეები მე მაძლევდნენ მგზავრობის ნებას.
ცოფიან წყალთა ავ ზრიალში, მე იმ ზამთარში,
რომელიც იყო ყრუ ვით ტვინი პატარა ბავშვის -
მივქროდი!.. მიწა, კუნძულები დაშორებული
აღარა გრძნობდნენ აურზაურს გაჩირაღდნებულს.
ქარმა დალოცა ჩემი ზღვაზე გამოფხიზლება.
ნაფოტზე მჩატე ათი ღამე ტალღებზე ვხტოდი,
რომელთაც ჰქვიათ მარად მსხვერპლთა მაგორებელნი
და არ მწყდებოდა გული კანდლის სულელ თვალებზე.
როგორც ტკბილია მწიფე ვაშლის წვენი ბავშვთათვის
ისე მატკბობდა მწვანე წყალით ტანის ავსება.
მან ჩამორეცხა სქელი ლურჯი ღვინის წვეთები,
ჩამოაცალა მინარწყევი, საჭე გასტეხა.
და იმის შემდეგ მე ჩავეშვი ზღვის პოემაში,
რომელიც არის განიერი და დავარსკლული,
რომელიც ყლაპავს მწვანე ლაჟვარდს, რომელშიც ხშირად
ჩაფიქრებულად იძირება მკრთალი მცურავი.
საცა უეცრად ცისფერობა შეიღებება...
ქერა დღის შუქში გაგიჟება და ნელი რიტმი,
უფრო მაგარი ალკოჰოლზე, ლირებზე ფართო,
საცა დუღდება სიყვარულის მწარე ამბოხი.
ვიცი ცის ელვა და ქარ ცეცხლი, ვიცი გრაგანი,
აფეთქებული დილა თითქოს გუნდი მტრედების,
საღამოები... მე მინახავს ხანდისხან ისიც,
რაც ადამიანს ესიზმროდა თითქოს ნახულად.
ვნახე გასვრილი მზე მისტიურ საშინელებით,
იისფერ სხივის ხმელ ჩონჩხებით რომ ანათებდა,
ტალღებს, რომ ჰგავდნენ აქტიორებს უძველეს დრამის,
რომელნიც ფართოდ აგორებდნენ ფარდების ცახცახს.
მწვანე ღამისთვის ვოცნებობდი, სხივოსან თოვლით,
კოცნებს ველოდი, ზღვის თვალებს რომ ეშურებიან.
მე ვოცნებობდი სხვა წვენების ადუღებაზე,
ხმიან ფოსფორის ყვითლად-ცისფრად გაღვიძებისთვის.
ვაკვირდებოდი როცა ტალღა მოხეთქილ კლდეებს
მიაბღავლებდა ვით საძროხე ისტერიული,
და არ ვფიქრობდი, რომ მფრინავი ფეხი მარიის
სადავეს მოსდებს დაუსვრეტელ ოკეანეებს.
მე ვაწყდებოდი, თქვენ ეს იცით, უღრან ფლორიდებს,
აფთრების თვალთა ფერებს ვრევდი ცისარტყელებში,
რომელნიც იყვნენ აღვირებად გადაჭიმული
ზღვების კიდიდან რუხ და მწვანე ფერის ჯოგებზე.
ვნახე ჭაობის ამაჭრება, უსაზღვრო ტბორი,
რომლის ლაქაშშიც ლპება მთელი ლევიაფანი,
გაჩუმების დროს გადმოვარდნა ნიაღვარების,
და უფსკრულებში სივრცის ავი გადახეთქება.
- ვერცხლის მზეები: მყინვარები, სადაფის წყალნი,
და გახირება საზიზღარი სრუტის ფსკერებზე,
სადაც გველები გაძიძგულნი ბაღლინჯოებით,
შავი სურნელით მახინჯ ხეებს ეხუტებიან.
მე მსურს ვაჩვენო ბავშვებს ზღვათა მოვარაყება,
ოქროს თევზები, მომღერალი ოქროს თევზები...
მე გამგზავრებას მილოცავდნენ ყვავილთ ქაფები,
უცხო ქარები მამზადებდნენ მე გასაფრენად.
ხშირად ტანჯული პოლუსებით ზღვა დაღალული,
რომლის ქვითინი ატკბილებდა ჩემს ქანაობას,
ყვითელ ლაყუჩა ღამის ვარდებს მე მთავაზობდა.
და მე ვრჩებოდი როგორც ქალი დაჩოქებული.
როდესაც ჩემთან გროვდებოდა ბევრი ნაგავი
და განავალი თეთრთვალა და მკივან ჩიტების,
მაშინ ჩემს ლარტყებს ეტმასნოდნენ თავის მკვლელები
და მიდიოდნენ სამუდამოდ დასაძინებლად.
მე მე ხომალდი, საშინელად გზა დაბურდული,
გადაგდებული უფრინველო ეთერში ქარით,
რომლის გაბერილ ჩონჩხს ნაპირზე ვარ გაათრევენ
მონიტორები და განზეის მენაოსნები.
თავისუფალი, აყვანილი იისფერ ნისლით,
მე გამრღვეველი წითელ ზეცის, როგორც კედელის,
რომელსაც დააქვს საწუწკარი პოეტებისთვის,
სირსვილი მზისა, ქაფიანი დუჟი ლაჟვარდის.
მე ელექტრონის სინათლისგან გამოქცეული,
გიჟი ფიცარი შემორტყმული ბეგემოტებით,
როცა ივლისი კეტის დარტყმით ცას აიძულებს,
რომ ჩამოინგრეს მოვარვარე თავის ძაბრებით.
რომელსაც თრთოლვით მოესმოდა შორი ჭიხვინი,
როცა სქელ მალშტრემს ამაკებდა გიპოპოტამი;
უძრავ სივრცეში ხეტიალას - მე მეცოდება.
ევროპა თავის შეღობილი ნავსადგურებით.
ბევრი მინახავს დავარსკლული არქიპელაგი,
მათი გიჟი ცა გახსნილია მოცურავისთვის:
იქნებ აქ გძინავს, ჩათრეული ხარ ამ ბნელეთში,
მომავლის ღონე: მილიონი ოქროს ჩიტების.
ბევრი ვიტირე ჭეშმარიტად! სულს მწუხრი ჰპოტნის,
ყოველი მთვარე სასტიკია, ყველა მზე მწარე!
ბასრ სიყვარულის ჯადოსნობით ვარ გავსებული,
ო, დაილეწოს ჩემი ანზა, ჩავძირო ზღვაში!
მე თუ ევროპის წყალი მინდა: მსურს მხოლოდ ფშანი,
ცივი და შავი, რომელშიაც სურნელ საღამოს
პატარა ბავშვი, მოხრილი და კაეშნით სავსე,
სათამაშო ნავს გადაუშვებს, როგორც პეპელას.
ზღვებო! დათენთილს თქვენს წიაღში არა მაქვს ღონე,
რომ შევაჩერო რბენა ბამბით სავსე გემების,
დროშების ცეცხლთა ვიგრძნო ძალა და მგზავრად დავრჩე,
როს პონტონების საშინელი მზერა მანათებს.
მთვრალი ხომალდი
(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)
როცა მე მდორე მდინარეთა მივყევ დინებას,
ვიგრძენ, მეგზური აღარ მყავდა და ვერც მოვძებნე,
სამიზნოდ სამოსგანძარცული მებაგირენი
გაეკრათ ველურ ინდიელებს ფერად ბოძებზე.
მხოლოდ მე ვიყავ უდარდელი ინგლისურ ბამბის
და ფლამანდური ჭირნახულის იმ მზიდავებში
და როცა მიწყდა ჟრიამული, გავყევი ნაპირს
და მდინარებას მინდობილი ქვევით დავეშვი.
იმ ზამთარს ვიყავ ყრუ ყრმის ტვინზე, ვერ ამშვიდებდა
ზღვას ვერაფერი და მოქცევის იდგა ხმაური;
ასე მივქროდი! იმ კუნძულებს და იმ კიდეებს
არ მოსწრებიათ ჯერ იმგვარი დღესასწაული.
გამოვეთხოვე სიზმრებიან და მშვიდ ღამეებს,
მათამაშებდა საცობივით ზვირთის ალერსი,
ამ ბრუნვას ერქვა უსასრულოდ მსხვერპლის წამება,
ათ ღამეს კრთოდა გულგრილობა ჭრაქის თვალებში.
უტკბესი, როგორც ბავშვებისთვის ვაშლი მაჟალო,
გვამში ჩამიდგა მწვანე ზვირთი თითქოს სისხლივით,
ღვინის ნარწყევი გადარეცხა და ფრთა გაშალა,
ღუზა მოგლიჯა, საჭეს ეცა და დამიმსხვრია.
მეც ჩამითრია ზღვის სიმღერამ, იქ ცის კამარა
და ვარსკვლავებით მოჭედილი მარადისობა
იმზირებოდა და ქცეული უძღებ სამარედ
ხანდახან ცხედარს, ჩაფიქრებულს, ზევით ისროდა.
უცებ დაირღვა ლილისფერი ზღვის მაქმანები,
დღის ნელი რიტმი და კაშკაში, და ვით უღვინოდ
დათრობა ანდა უსაზღვრობა ჩვენი ქნარების,
გამწარებული სიყვარულის ვიგრძენ დუღილი!
მე ვნახე ზეცის ჩამოქცევა, რომ იხედება
ელვა, და ზვირთი რომ ღრიალებს, ვნახე საღამო -
აღტაცებული ფრთის მოქნევა ლურჯი მტრედების, -
რაც ადამიანს ესიზმრება დაუსაბამოდ!
მე დავინახე, მზე იდუმალ ბურუსს არღვევდა,
იისფერ ზოლად დაფენილი ენთო დასავლით,
ანტიურ დრამის მსახიობთა მსგავსი ტალღები
იგრაგნებოდნენ ზღვის კიდესთან შავ ფარდასავით!
მეზმანა, თოვლი მაბრმავებდა, ზღვა თვალს ახელდა
და მიკოცნიდა ზურმუხტისფერ მწუხრში ბაგეებს,
ზღვის გაღვიძება დავინახე ჯერარნახული,
ლურჯის და ყვითლის ფოსფორული აციაგება!
მე გავყევ მთვარეს, ასკდებოდა თითქოს ღობეებს
საქონლის ჯოგი, ზღვა ბღავილით ისე მიტევდა,
ვინ იფიქრებდა, რომ შეძლებდა დღეს ღვთისმშობელი
აღმუვლებული ოკეანის კვლავ დამშვიდებას!
გაუგონარი ფლორიდები ვერ იოკებდნენ
ავაზას მზერას, მე ყვავილებს რომ შევადარე!
ზღვის ჰორიზონტზე, ჭაობისფერ ზვირთის ჯოგებზე
გადაიჭიმა ცისარტყელა, როგორც სადავე!
მხოლოდ დუღილი, უსაზღვრობა, მხოლოდ ჭაობთა
და ლელიანში აყროლება დამპალ ვეშაპთა.
ბნელ ჯურღმულებში წყლის ჩაქცევის სანახაობა
და ნიაღვრებში უცებ თვალწინ გადამეშალა!
ბრწყინვა მყინვართა, ზღვის სადაფთა, მარწყვისფერ ცათა!
იქ მეჩეჩებზე გახირული, ბალღამით სავსე
და ბაღლინჯოთა გამოჭმული წყეული ყარდა,
უზარმაზარი, წაქცეული ხეების მსგავსი!
მე რომ შემეძლოს ვაჩვენებდი ახლავე ბავშვებს
ზღვის იმ ბაჯაღლოს, იმ მომღერალ ოქროსფერ თევზებს,
ყვავილთა ქაფმა იავნანა უმღერა ზღვაში
ჩემს გატაცებას არნახული ქარების ფრთებზე.
ზღვამ მოქანცულმა განედებზე ბრძოლით, ბღავილით,
ტკბილი ქვითინი გამაგონა, რწევით დამღალა,
მესროდა ჩრდილის ამობურცულ ყვითელ ყვავილებს
და მე ქალივით დაჩოქილი ვიდეგ ამგვარად...
აბობოქრება, როგორც კუნძულს, მეხეთქებოდა,
რეცხავდა ზვირთი აჟივლებულ ჩიტების სკორეს.
ზღვის ბინადარნი ეშვებოდნენ ფსკერზე ქვებივით.
ჩემს ნაკვალევზე აქაფებდნენ ამღვრეულ მორევს!
ვიყავ მძვინვარე ქარიშხლების ფრთებით ნაცემი
და ყურეებში გახლართული, ჩემს ჩონჩხს ღრიალით
მთვრალ ოკეანეს ვერასოდეს გამოსტაცებდნენ
ვერც ალბათ ჰანზის ხომალდები იალქნიანი.
თავისუფალი, ცას იისფერ ნისლში ვხედავდი
და კედელივით მივარღვევდი და მივდიოდი,
ცა მეწამული მირონცხებულ მოლექსეთათვის
ლაჟვარდის დუჟით და მზის ხავსით იყო დიადი.
ცა დადგომოდა, მორკალული, შარავანდედად
და გახელებულ ცხენთევზების მახლდა ამალა,
ასე მივქროდი და ივლისი კომბლით ანგრევდა
ცხელ და ძაბრივით გადმომხობილ ზეცის კამარას.
მე ვკანკალებდი, ორმოცდაათ მილზე ბღაოდნენ
ბეჰემოტები, ცივ ზვირთებში რომ ინებივრეს.
ქსოვდა მალსტრემი მარადიულ ლურჯ უძრაობას
და ჩემი ფიქრი კვლავ ევროპის მისწვდა ჯებირებს!
მე დავინახე ვარსკვლავების არქიპელაგი,
ცის დარბაზები, ფრინველები სადაც სახლობენ!
მომავლის ძალას - ოქროს ჩიტებს ღამე ვერაგი
ალბათ იქ მალავს, იქ იძინებს, მის სიახლოვეს!
დიდხანს ვტიროდი! შევყურებდი დილას მრისხანეს
და გულშემზარავს, მზეს მცხუნვარეს, მთვარეს საშინელს,
ვარ სიყვარულით უსასოო, დე, დამიმსხვრიოს
ზღვამ ხერხემალი და ახლავე დამნთქას ზღვაშივე!
მე მსურს ევროპის მხოლოდ გუბე; იქ, იმ გუბეში,
როცა მზე წითლად ჩამავალი ღებავს დასავლეთს,
გემს უშვებს ბიჭი, ნაღვლიანი და უნუგეშო,
აფარფატებულს გაზაფხულის პეპელასავით.
მე, თქვენთან ნარწევს და განბანილს, ახლა, ზვირთებო,
როდესაც მზერა პონტონების ასე ახლოა,
არ შემიძლია გამოვუდგე ბამბის მტვირთავებს
და არც დროშების ავიტანო ის ქედმაღლობა.