დარჩიაშვილი: პატიმრების წამების ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება იქნება

  14:20:40     19-09-2012

მმართველი გუნდის წევრის, დავით დარჩიაშვილის მტკიცებით, პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება გაგრძელდება და ყველას ბრალეულობა სათანადოდ იქნება დასურათებული. მისი თქმით, სისტემის ხელმძღვანელის მხრიდან, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასაღები იყო და ეს პასუხისმგებლობა მინისტრმა კალმახელიძემ აიღო კიდეც. სასჯელაღსრულების გლდანის ნომერ მე-8 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ დავით დარჩიაშვილს ესაუბრა... 

- როგორ შეაფასებთ პატიმრებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს?

დავით დარჩიაშვილი: ბუნებრივია, გამოძიება გაგრძელდება და ყველას ბრალეულობა სათანადოდ იქნება დასურათებული. ზოგადად კი, სისტემის ხელმძღვანელის მხრიდან, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასაღები იყო და ეს პასუხისმგებლობა მინისტრმა კალმახელიძემ აიღო კიდეც. დანარჩენი ყველაფერი გამოსაძიებელია - ვინც ამას აკეთებდა რა მოტივაცია ჰქონდა და მათ უკან ვინ იდგა. 

- გაზაფხულზე, საპარლამენტო უმცირესობამ კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა, მაგრამ მაშინ, უმრავლესობამ მინისტრს მხარი დაუჭირა...

- იმიტომ, რომ სისტემა ურთულესია და მთელი წლების განმავლობაში, სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის თავისებურებათა კვანძს წარმოადგენდა და ფუნდამეტური ცვლილებები იყო გასატარებელი, რომელიც კალმახელიძის ხელმძღვანელობითაც გატარდა.

მთავარი იყო სისტემა ხელმძღვანელობის ალიანსებისაგან და კრიმინალებისაგან გათავისუფლებულიყო. ეს იყო კვანძები. როდესაც, უტყუარი ფაქტები იდება რეაგირებაც მაშინ ხდება.

ოპოზიციას ყველაფერზე წყლის დასხმა სჩვევია და მათ არაფრისთვის ხელის ხლება არ უნდათ. ქვეყანა ნეხვში იჯდა და იგივეში უნდოდათ ყოფნა. როცა რეფორმები ტარდება, ამის პარალელურად ახალი პრობლემები იჩენს თავს, თუმცა, ამ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება იქნება. 

- ამ ფაქტებში მონაწილე პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ თუ უბრალოდ ისინი სამსახურებიდან იქნებიან გათავისუფლებულები, ისევე როგორც მინისტრი?

- როდესაც, ცალსახაა დანაშაულის ნიშანები, ბუნებრივია, დამნაშავე პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. თქვენ რას გულისხმობთ, რომ კალმახელიძე არის ასეთი დამნაშავე? ამაში, ვერ დაგეთანხმდებით. რაღაცნაირად შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ეს კალმახელიძის შეკვეთით არ ხდებოდა. 

- შეიძლება ეს ფაქტები მინისტრის დაკვეთით არ ხდებოდა, მაგრამ მას ციხეებში არსებული ვითარება უნდა გაეკონტროლებინა...

- არ მგონია, რომ კალმახელიძე აქცენტებს არ აკეთებდა, თუმცა, ფაქტია, რომ მან ასეთი ფაქტების პრევენცია თუ აღკვეთა ვერ შეძლო, რის გამოც, პოლიტიკურ პასუხიმგებლობას იღებს. თუ ანალოგები გინდათ, როდესაც, აშშ-ში ასეთი ფაქტები აღმოჩნდა, იქ მინისტრი გადადგა. მექანიზმი ეს არის. როდესაც, შენს სისტემაში ასეთი რამ ხდება პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღო.  

- წინ საარჩევნო პერიოდია და ეს ფაქტები თქვენს რეიტინგზე იმოქმედებს?

- არ მგონია, რომ ეს ყველაფერი განწყობილებებზე სერიოზული გავლენის მომხდენი იყოს, რადგან საზოგადოებამ იცის, რომ ამ ხელისუფლების დამსახურება კრიმინალის შემცირებაა. 

ტელევიზიებს ვუყურებ და ამ ფაქტებზე, ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც შევარდნაძის დროს, სწორედ ასეთ ფაქტებში მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ეს პოლიტიკური ჯგუფი შეეცდება, რომ ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, რაც ახალი არ არის, მაგრამ საზოგადოებას აქვს იმის უნარი, რომ ყველაფერი აწონ-დაწონოს და ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე არ განაზოგადოს. თუმცა, ეს იმაზეც არის დამოკიდებული პოლიტიკური რეაგირება როგორი იქნება.