
პროკურატურამ 10 საჯარო მოხელე დააკავა, მეთერთმეტე ძებნაშია
12:28:27     19-09-2012
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საგანგებო ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში, სადაც იმ დაკავებული პირების ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც მედიასაშუალებებით შოკისმომგვრელი ფაქტები გავრცელდა, სადაც პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობაა ასახული.
საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულები არიან საჯარო მოხელეები, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები.
ესენი არიან:
გაგა მკურნალიძე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
დავით ხუჭუა - გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორი;
ვიქტორ ყაჭეიშვილი - გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორის მოადგილე;
ლევან ფურცხვანიძე - გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი;
გიორგი კვარაცხელია - გლდანის მე-8 საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი;
ოლეგ ფაცაცია - გლდანის მე-8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი;
მანუჩარ ლომთაძე - გლდანის მე-8 საპყრობილის კონტროლის ინსპექტორი.
გელა ცომაია - გლდანის მე-8 საპყრობილის იპერატიული მორიგე;
ლევან ფხალაძე - გლდანის მე-8 საპყრობილის კონტროლიორი;
ბორის ფარულავა - გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი;
ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც გლდანის მე-8 საპყრობილის მორიგე ინსპექტორი იყო მიმალვაში იმყოფება. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
დაკავებულ ათ და ძებნაში მყოფ ერთ ადამიანს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა (წამება) და 144-ე (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) მუხლით. დანაშაული ჯამში ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება იმ დამნაშავეთა გამოსავლენად, რომლებიც დანაშაულში მონაწილეობდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც ერთ-ერთი ჯგუფის წევრი იყო, ფირზე აღბეჭდავდა პატიმართა წამებას, რომელიც ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ჩადენილი. სოლიდური თანხის სანაცვლოდ კი „მესამე“ პირებს აძლევდა პატიმართა არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას. მესამე პირთათვის ჩანაწერების მიწოდებას ორგანიზებას უწევდნენ თამაზ თამაზაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი.