ბაქრაძე: ყველა თანამდებობის პირი უნდა დაისაჯოს ვინც სისტემაში ამგვარი დანაშაული დაუშვა

  12:03:25     19-09-2012

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში დაფიქსირებულ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მათზე განხორციელებულ ძალადობის  ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე განცხადებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.       

„შეძრწუნებული და შოკირებული ვარ. ასეთი დანაშაულის ჩამდენების და ორგანიზატორების ადგილი არ არის იმ ახალ საქართველოში, რომელსაც ყველა ერთად ვაშენებთ“,- აცხადებს ბაქრაძე. მისი თქმით, წამებაში მონაწილე პირები უნდა დაისაჯონ.

„როგორც ადამიანს და როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ასევე უნდა დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც დაუშვა სისტემაში ამგვარი დანაშაულის არსებობა.

გპირდებით, რომ ეს დანაშაული ბოლომდე იქნება გამოძიებული, ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ხოლო სისტემაში გატარებული იქნება ისეთი ზომები, რომელიც სამომავლოდ გამორიცხავს ამგვარი დანაშაულის განმეორებას“,- ნათქვამია განცხადებაში.