
“ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის ავტორი ივანიშვილს უმადურობაში ადანაშაულებს
13:42:49     18-09-2012
„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი ავტორი დემურ გიორხელიძე ბიძინა ივანიშვილს უყურადღებობის გამო გაუნაწყენდა. ეკონომისტი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ის ჯგუფი, რომელიც თვეების მანძილზე პროგრამაზე მუშაობდა, ოლიგარქმა (რომელიც რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იდეების პლაგიატობის წინააღმდეგ გამოდიოდა), არც ერთხელ არ ახსენა. მეტიც, როგორც „პრესა.ჯი“-ს გიორხელიძემ განუცხადა, ისინი პრეზენტაციაზეც კი არ დაპატიჟეს.
ეკონომისტმა კრიტიკის შემცველი წერილი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა, სათაურით, „ეს რა წესია?“.
„ეს რა წესია?! საკუთარ პროგრამას წარადგენდეს პოლიტიკური ორგანიზაცია და არცერთ ადამიანს არ იწვევდეს, პატივისცემის ნიშნად, რომლებიც თვეების განმავლობაში, დღედაღამ მუშაობდნენ ენთუზიაზმზე და თავდადებით, - მეცნიერთა უდიდესი უმრავლესობა თქვენდამი უდიდესი ნდობითა და პატივისცემით?!
"რუხი კარდინელების" ნაკეთები ხეირი ჯერ არც პოლიტიკაში უნახავს ვინმეს და არც პოლიტიკურ ორგანიზაციაში, - მით უფრო, ვერ ნახავს სახელმწიფო მათ ნაკეთებს ხეირიანს!
იმ პროგრამის პრეზენტაციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია მპატიჟებდა გუშინ და არა ის ორგანიზაცია, რომლის წიაღშიც გაკეთდა ამ პროგრამის დიდი ნაწილი "ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა"! მე , როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, პირადი პასუხისმგებლობა მაქვს იმ ორნახევარი ასეული ადამიანის წინაშე, ვინც შრომობდა ჩემთან ერთად. თქვენ საჯაროდ ნახეთ მხოლოდ ნაწილი ამ დიდი ნაშრომისა“,- აღნიშნულია წერილში.
„პრესა.ჯი“ დემურ გიორხელიძეს დაუკავშირდა.
- ბატონო დემურ, გამოდის, რომ თქვენი იდეა მიითვისეს?
დემურ გიორხელიძე: „ქართულ ოცნებასთან“ კონტრაქტის საფუძველზე ვმუშაობდი, თუმცა ველოდი რომ ბატონი ბიძინა მუხლჩაუხრელ შრომას დაგვიფასებდა, შევცდით და გული გვტკივა. მე ივანიშვილთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა. ამიტომ დავწერე მსგავსი სახის წერილი. წაიკითხავს და მიხვდება, თუ რა შეცდომა დაუშვა.
- "რუხი კარდინელების" ნაკეთები ხეირი ჯერ არც პოლიტიკაში უნახავს ვინმეს და არც პოლიტიკურ ორგანიზაციაში... რას ან ვის გულისხმობთ?
- კოალიციაში არიან ლიდერები, რომლებიც ცდილობენ, ოლიგარქი შეცდომაში შეიყვანონ და ყველა წარმატებული პროექტი საკუთარ თავზე მიიწერონ. ამ ეტაპზე ეს არის ის, რისი თქმა შემიძლია. მე თუ არა, ის მეცნიერები მაინც ეხსენებინა, რომლებიც უსასყიდლოდ მუშაობდნენ... დასანანია...